სამოქალაქო საზოგადოების სფეროს წარმომადგენელთა ბლოგი 3 | მხარდამჭერთა წრის სიმცირე, როგორც ძალადობისგან თავის დაღწევის ბარიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის
ავტორი: თამარ გაბოძე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“
ძალადობისგან დაცვა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ეს უფლება სხვა უფლებების რეალიზების წინაპირობას წარმოადგენს – უსაფრთხოების, ღირსეული ცხოვრების და დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობას. თუმცა, საქართველოში შშმ ქალებისთვის ძალადობისგან თავის დაღწევა კვლავაც რთულ და ხშირად თითქმის შეუძლებელ ამოცანად რჩება. ამის მიზეზი არა მხოლოდ ინდივიდუალური გარემოებები, არამედ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და სახელმწიფოს არაეფექტიანი რეაგირებაა.
დუმილი, რომელიც ძალადობას იცავს
2025 წლის კვლევამ „მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის ბარიერები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის“ ნათლად აჩვენა, რომ ძალადობისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერი შშმ ქალებისთვის მხარდამჭერთა წრის სიმცირეა. შშმ ქალებს, რომლებთანაც კვლევის ფარგლებში ინტევრიუები ჩატარდა, ხშირად წლების განმავლობაში უწევთ ძალადობრივ გარემოში ცხოვრება, რადგან მათ გარშემო მყოფი ადამიანები დუმილისკენ მოუწოდებენ ან პრობლემის „ჩუმად მოგვარებას“ სთავაზობენ.
რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ოჯახის წევრებისგან დახმარება ვერ მიიღეს, მიუხედავად არაერთი თხოვნისა. სამართალდამცავ ორგანოების მიმართვაც კი, რომელიც პირველი ნაბიჯია ძალადობისგან თავის დასაღწევად, ხშირად დამოკიდებულია იმაზე, ჰყავს თუ არა ქალს მხარდამჭერი ადამიანი – ოჯახის წევრი, მეგობარი ან ახლობელი. მხარდაჭერის გარეშე ქალები თავს იკავებენ სამართლებრივი პროცედურების დაწყებისგან, რადგან აცნობიერებენ, რომ ძალადობის გახმაურებამ, შესაძლოა, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულოს.
ამ დუმილს მოძალადეებიც ეფექტიანად იყენებენ. მათ იციან, რომ ოჯახი ან ახლო გარემოცვა არ გადადგამს რეალურ ნაბიჯებს ქალის დასაცავად, რაც ძალადობის გაგრძელებას უწყობს ხელს.
თვითგადარჩენა
ოჯახისგან უარის მიღების შემდეგ, ბევრი შშმ ქალი სრულ იზოლაციაში რჩება ძალადობის პირისპირ და იძულებულია თავად მოიფიქროს გადარჩენის გზები. ერთ-ერთი რესპონდენტი საკუთარ გამოცდილებას ასე აღწერს: „მეწყებოდა პანიკური შეტევები, ვიძახებდით სასწრაფოს. როდესაც იგებდა ჩემი ქმარი, რომ სასწრაფო იყო, იმ დღეს აღარ მეჩხუბებოდა. ტვინმა დაიმახსოვრა ეს პანიკური შეტევა, რომ ჩემთვის სასარგებლო იყო და გამიხშირდა.“
აღნიშნული გამოცდილება ასახავს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები არიან, როდესაც მხარდაჭერის არარსებობის პირობებში თავად უწევთ ძალადობის მართვა.
კვლევა ასევე აღწერს შემთხვევას, როდესაც ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე გაუპატიურების მსხვერპლ ქალს ოჯახმა სამართლებრივი მხარდაჭერის ნაცვლად საცხოვრებლის დატოვება შესთავაზა. მოძალადე იმავე სოფელში ცხოვრობდა, ხოლო ოჯახმა პრობლემის „მარტივად მოგვარების“ მიზნით ქალი შშმ პირთა საცხოვრისში გადაიყვანა. „დედა მყავდა, მამა, მამიდა, ბიძა, მეზობლები – ყველა მყავდა, მაგრამ ყველამ ხელი ჩაიქნია,“ – ამბობს რესპონდენტი.
სოციალური ნორმები და საცხოვრებლის არქონა – დამატებითი ბარიერები შშმ ქალებისთვის
ძალადობისგან თავის დაღწევის სირთულე მჭიდროდ უკავშირდება საცხოვრებლის არარსებობას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ქალებს მემკვიდრეობის თანაბარ უფლებას ანიჭებს, რეალობაში ტრადიციული გენდერული ნორმები ხშირად გადაწონის სამართლებრივ გარანტიებს. ოჯახის ქონება უმეტესად ბიჭ მემკვიდრეებს რჩებათ, ხოლო ქალების მხრიდან მემკვიდრეობის უფლებით სარგებლობა აღიქმება, როგორც „ძმის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“.
რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ როდესაც მოძალადისგან გაქცევა და მშობლების სახლში დაბრუნება სცადეს, უარი მიიღეს, მიზეზად კი ოჯახის ბიჭი შვილის „მომავალი ოჯახი“ და რეპუტაციული რისკი სახელდებოდა: „როდესაც წამოვედი ჩემი ქმრისგან, მეორე დღეს მომაკითხა ჩემმა პატარა ძმამ და მითხრა, თუ ქმართან არ დაბრუნდები, მეშვიდე სართულიდან გადავხტებიო.“ ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, როგორ იყენებს ოჯახი ემოციურ ზეწოლას ქალის დასაბრუნებლად ძალადობრივ გარემოში.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა
ბლოგში აღწერილი ისტორიები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ რეალობისა, რომლის გამოც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ვერ სარგებლობენ სრულფასოვნად მართლმსაჯულების უფლებით. მხარდამჭერთა წრის სიმცირე, საცხოვრებლის არარსებობა, სოციალური ნორმები და სახელმწიფო ინსტიტუტების არაეფექტიანი რეაგირება ერთიანად ქმნის ჩაკეტილ წრეს, საიდანაც გამოსვლა ძალადობის მსხვერპლი შშმ ქალებისთვის უკიდურესად რთულია.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, გაატაროს პრევენციული ზომები ქალების დასაცავად. აღმოფხვრას ყველა ის ბარიერი, რომელიც აბრკოლებს მართლმსაჯულების მისაწვდომობას მათთვის. უზრუნველყოს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და გადადგას ქმედითი ნაბიჯები საზოგადოებაში არსებული მავნებელი და დისკრიმინაციული სტერეოტიპების წინააღმდეგ.
თუმცა, ვალდებულებების მიუხედავად, სახელმწიფოს პრიორიტეტებში შშმ პირები კვლავაც ვერ ხვდებიან.
კვლევის შესახებ:
აღნიშნული კვლევა გახორციელდა CRRC-საქართველოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების კვლევის უნარების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. კვლევა ჩაატარა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა თამარ გამოძემ 2025 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში. სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა თბილისში მცხოვრებ 10 შშმ ქალთან, რომლებსაც ოჯახში/პარტნიორის მხრიდან ძალადობის გამოცდილება აქვთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ მის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან CRRC-საქართველოს ოფიციალურ პოზიციას.






