სამოქალაქო საზოგადოების სფეროს წარმომადგენელთა ბლოგი 2 | კულტურულ-რელიგიური ნორმები და ხულოელი ქალების ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე
ავტორი: ნესტან ანანიძე, ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“
2025 წლის ზაფხულში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ხულოელი ქალებისთვის რიგი დაბრკოლებები არსებობს ჯანდაცვის სერვისების მისაღებად. ძირითადი გამოწვევები უკავშირდება იმას, რომ ქალების ნაწილი ექიმთან სხვადასხვა სიმპტომზე საუბარს ერიდება სირცხვილის განცდის გამო. ასევე, ქალებს ეშინიათ საავადმყოფოში მისვლისა და გამოკვლევების ჩატარების. ეს განსაკუთრებით იმ ქალებს ეხება, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში არ მიუღიათ სამედიცინო სერვისი. ამას ემატება დროის უქონლობა საოჯახო საქმეების გამო. კვლევაში ჩართულ რესპონდენტებს არ დაუსახელებიათ კონკრეტული რელიგიური ბარიერები, რის გამოც ექიმთან წასვლას ერიდებიან, თუმცა, მიუთითებენ ეკონომიკურ ბარიერებზე. გარდა ამისა, ხულოელი ქალები, ექიმთან წასვლის ალტერნატივად ხალხური მკურნალობის მეთოდებს ასახელებენ.
სირცხვილის განცდა
ინტერვიუების დროს, კვლევის მონაწილეების ნაწილი ერიდებოდა გინეკოლოგიური, რეპროდუქციული ან სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე საუბარს. რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ მათ გარშემო ქალებს მორიდებისა და სირცხვილის განცდის გამო უჭირთ ექიმს გარკვეული სახის სიმპტომზე ესაუბრონ. რესპონდენტებმა ასევე ისაუბრეს მათ საზოგადოებაში სხვადასხვა თემის ტაბუირების საკითხებზე: „…განსაკუთრებით ცოლ-ქმარს როცა ეხება საქმე, იქ ბევრი რამე ტაბუდადებული აქვთ და ღიად არ საუბრობენ, გინდა ექიმი იყოს, გინდა ფსიქოლოგი, ნებისმიერთან“. რესპონდენტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ექიმთან თავისუფალი საუბარი, რადგან ექიმი ვერ უმკურნალებს პაციენტს, თუ ჩივილების შესახებ სრულად არ იცის. აღსანიშნავია, რომ ექიმთან გულახდილი საუბრის სირთულეები აწუხებთ როგორც დაბაში, ისე სოფლად მცხოვრებ რესპონდენტებს.
შიში
რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ქალებში ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს შიშს, რაც ართულებს მათთვის გინეკოლოგიური სერვისების მიღებას. ერთ-ერთი მონაწილის აზრით, უნდა არსებობდეს უსაფრთხო სივრცე, სადაც ქალები მშვიდად ისაუბრებენ, გააზიარებენ საკუთარ საჭიროებებს და ინფორმაციას მიიღებენ გინეკოლოგიურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. ქალების შიშს ამცირებს რეგულარული შემოწმების შესაძლებლობა, რაც ხულოელ ქალებს ნაკლებად აქვთ. რესპონდენტებმა ასევე აღნიშნეს, რომ გახშირებულია გინეკოლოგიური დაავადებები და სამედიცინო საჭიროებები, რის გამოც საზოგადოება, წინა წლებთან შედარებით, ნაკლებად აკრიტიკებს ისეთ ქალებს, რომლებიც გინეკოლოგიურ სერვისებს იღებენ.
საოჯახო საქმეები და გენდერული როლები
რესპონდენტებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მათ „ცუდად ყოფნის დრო არ აქვთ“. ცუდი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ისინი მაინც ერთვებიან საოჯახო და სახლის საქმეებში, რადგან ოჯახის სხვა წევრების იმედი არ აქვთ. ისინი ხშირად ითმენენ ტკივილს ოჯახისა და შვილების გამო. ერთ-ერთ რესპონდენტს 10 წლის წინ უთხრეს კისტის არსებობის შესახებ, მაგრამ ის დღემდე არ მისულა ექიმთან. მისი თქმით: „მშობელი რომ გახდები – მოითმენ [შენს ტკივილს]. შენი ავადმყოფობა აღარ გაგახსენდება, როდესაც შვილები გყავს და შვილებს მიხედვა უნდათ“. თუმცა, მან ექიმთან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც შვილმა ინფორმაცია გაუზიარა უფასო სკრინინგ პროგრამების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული ბარიერები ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული, როდესაც ქალებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ.
სხვა ბარიერები
რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ მათი რელიგიური მრწამსი (რესპონდენტთა ნაწილი მუსლიმია) არ უშლით ხელს სამედიცინო სერვისების მიღებაში. მთავარი ბარიერი მაინც სირცხვილისა და მორიდებულობის განცდაა:
„როგორ არის იცი, უფრო ასაკობრივებს ერიდებათ გინეკოლოგ მამაკაცთან მისვლა. მეც ვერიდები მაგალითად, არა იმიტომ რომ ამას ჩემი სარწმუნოება მიკრძალავს, არამედ უფრო სირცხვილის გრძნობა [მაქვს], ის რაც ჩემში არსებობს, ანუ მედიცინა როდესაც ითხოვს ისლამი ზღვრებს წევს.“
გარდა სირცხვილის გრძნობისა, რესპონდენტები ასახელებდნენ ინფორმაციის ნაკლებობას, ისევე, როგორც ინფრასტრუქტურულ, ეკონომიკურ და კულტურულ ბარიერებს, თუმცა, ნაკლებად საუბრობენ რელიგიურ დაბრკოლებებზე.
ხალხური მკურნალობის მეთოდები
რესპონდენტების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ექიმთან წასვლის ნაცვლად მიმართავს ხალხური, ტრადიციული მცენარეებით მკურნალობის მეთოდს. ამ მეთოდს იყენებენ როგორც სოფლად, ისე დაბაში მცხოვრები ქალები. თუმცა, ზოგიერთი მათგანი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ეს მეთოდი ვერ უმკლავდება და გართულების შემთხვევაში ექიმებისა და კლინიკების სერვისებს ანიჭებენ უპირატესობას. ბევრი ქალი ხალხურ მეთოდს იყენებს იქამდე, სანამ ექიმთან წასვლას შეძლებენ, დროებითი შვების მოსაპოვებლად.
კვლევის შესახებ
აღნიშნული კვლევა გახორციელდა CRRC-საქართველოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების კვლევის უნარების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. კვლევა ჩაატარა ორგანიზაციის „სოლიდარობის თემი“ წარმომადგენელმა ნესტან ანანიძემ 2025 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში. სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა ხულოს რაიონში მცხოვრებ 16 ქალთან.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ მის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ან CRRC-საქართველოს ოფიციალურ პოზიციას.






