სახელმწიფო შესყიდვების სისტემა საქართველოში: კომპანიების შეხედულებები (ნაწილი 1)
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას ღებულობს ე.წ. „აქტიური ეკონომიკური ოპერატორების“ 15.6% (გვ. 17). CRRC-საქართველოს გამოკითხვის შედეგების მიხედვით სურათი ანალოგიურია: კომპანიების 17% იღებს მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში, და მათი დაახლოებით ნახევარი მხოლოდ ზოგჯერ ან იშვიათად აკეთებს ამას. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად მონაწილე კომპანიების წილი უაღრესად მცირეა. კომპანიების 73% დარეგისტრირებულიც კი არ არის შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რაც აუცილებელი პირობაა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისათვის გამართულ ტენდერებში.
შენიშვნა: დიაგრამაზე ნაჩვენებია კომპანიების 73%-ის პასუხების განაწილება, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
კომპანიების უმრავლესობას (64%-ს) არ აქვს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების გამოცხადების შესახებ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ინტერვიუების დროს მათ წარმომადგენლებს გაუჭირდათ პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რამდენად სამართლიანად ან უსამართლოდ ტარდება, მათი აზრით, ტენდერის ესა თუ ის სახეობა. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ კომპანიების უმრავლესობას (76%-ს) არ სმენია იმ სემინარების შესახებ, რომელთა მიზანიც სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში კვალიფიკაციის ამაღლებაა, რაც კომპანიების უაღრეს არაინფორმიებულობაზე მიუთითებს შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
შენიშვნა: დიაგრამაზე ნაჩვენებია კომპანიების 83%-ის პასუხების განაწილება, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. კომპანიები, რომელთა წარმომადგენელმაც შესაბამის კითხვაზე უპასუხა „უარი პასუხზე“, გამორიცხული არიან ანალიზიდან. საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების ხუთი ტიპი არსებობს: გამარტივებული შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, ელექტრონული ტენდერი, კონსოლიდირებული ტენდერი და კონკურსი. თითოეული მათგანის განმარტება იხილეთ აქ.
შესაძლებელია, რომ ასეთი არაინფორმირებულობა მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის თვალსაზრისით, ამიტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მეტად უნდა იზრუნოს კომპანიების ინფორმირებულობის დონის გაზრდაზე.
ამ ბლოგ პოსტის მეორე ნაწილი, რომელიც შემდეგ ორშაბათს გამოქვეყნდება, განიხილავს, თუ როგორ განსხვავდება სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მუშაობის შეფასებები იმის მიხედვით, მიუღია თუ არა კომპანიას მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში.