რა ფაქტორები უწყობს ხელს კარგი სამსახურის შოვნას? მოსაზრებები სომხეთსა და საქართველოში

რა ფაქტორები უწყობს ხელს კარგი სამსხურის შოვნას? ეს კითხვა მთელ მსოფლიოშია მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი ქვეყნებში, სადაც მაღალი გაცხადებული უმუშევრობაა. სომხეთი და საქართველო ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. იმის გასაგებად, თუ სინამდვილეში რა ეხმარება ადამიანებს კარგი სამსახურის პოვნაში, საჭიროა კონკრეტულ ქვეყნებში შრომითი ბაზრის სიღრმისეული კვლევა. თუმცა, აგრეთვე საინტერესოა ხალხის მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. CRRC-ის 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის ფარგლებში მოსახლეობას სომხეთსა და საქართველოში ჰკითხეს, თუ რა ფაქტორებია მნიშვნელოვანი კარგი სამსახურის საშოვნელად მათ ქვეყნებში.

ორივე ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული პასუხი ნაცნობობა იყო და ის სომხეთშიც და საქართველოშიც მოსახლეობის დაახლოებით ერთმა მესამედმა დაასახელა. აღნიშნული ბლოგის ფარგლებში პასუხის ვარიანტები ორ კატეგორიად დაჯგუფდა: მერიტოკრატული და არამერიტოკრატული ფაქტორები. პირველი მოიცავს განათლებას, შრომისმოყვარეობას, პროფესიონალიზმს, სამუშაო გამოცდილებას და ნიჭს, ხოლო მეორე – ნაცნობობას, გამართლებას, გარეგნობას და საჭირო ხალხის პატივისცემას. საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა მერიტოკრატული ფაქტორები დაასახელა მაშინ, როდესაც სომხეთში კითხვაზე ანალოგიური პასუხები მოსახლეობის დაახლოებით ერთმა მესამედმა გასცა.


შენიშვნა: ინტერვიუს დროს რესპონდენტებს კითხვის სავარაუდო პასუხები ბარათზე აჩვენეს. პასუხის ვარიანტები: „სხვა“ და „არ ვიცი“ (მთლიანობაში 5%-ზე ნაკლები) ბლოგში გამოყენებულ დიაგრამებზე ნაჩვენები არ არის.

სომხეთსა და საქართველოს შორის ეროვნულ დონეზე არსებული განსხვავებების მიუხედავად, ორივე ქვეყანაში მსგავსი ტენდენცია იკვეთება დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან შედარების დროს. სომხეთშიც და საქართველოშიც სოფლის მოსახლეობა უფრო მიდრეკილია, კარგი სამსახურის საშოვნელად მერიტოკრატული ფაქტორები დაასახელოს, ვიდრე ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა.


განსხვავება მერიტოკრატულ და არამერიტოკრატულ ფაქტორებს შორის ორივე ქვეყანაში მცირეა განათლების სხვადასხვა საფეხურზე მყოფ ადამიანებს შორის. ერთადერთი აღსანიშნავი განსხვავება დაფიქსირდა სომხეთში, სადაც საშუალოზე მაღალი განათლების მქონე ადამიანების 39%-მა განათლება მნიშვნელოვან ფაქტორად დაასახელა მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი საშუალო და დაბალი განათლების მქონე ადამიანებში 27%-ია.


შენიშვნა: კითხვისთვის „რომელი შეესაბამება თქვენს მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალ საფეხურს?“ პასუხის ვარიანტები დაჯგუფდა შემდეგნაირად: ვარიანტები „დაწყებითი განათლების გარეშე“, „დაწყებითი განათლება“, „არასრული საშუალო განათლება“ და „სრული საშუალო განათლება“ გაერთიანდა კატეგორიაში „საშუალო ან უფრო დაბალი“; ვარიანტები „არასრული უმაღლესი განათლება“, „უმაღლესი განათლება (ბაკალავრის, მაგისტრის ან სპეციალისტის დიპლომი)“ და „სამეცნიერო ხარისხი“ – კატეგორიაში „საშუალოზე მაღალი“. 

საბოლოოდ, ორივე ქვეყანაში ნაცნობობა ყველაზე ხშირად დასახელებული ფაქტორი აღმოჩნდა კარგი სამსხურის საშოვნელად. საქართველოში ადამიანები უფრო ხშირად ასახელებენ მერიტოკრატულ ფაქტორებს, ვიდრე სომხეთში. ორივე ქვეყანაში სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ქალაქებში მცხოვრებლებთან შედარებით უფრო ხშირად ახსენებს მერიტოკრატიულ ფაქტორებს, რაც თავისთავად საინტერესო ფაქტია და მისი მიზეზების შემდგომ კვლევას იმსახურებს.

CRRC-ის 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის შედეგების უკეთ გასაცნობად ეწვიეთ CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის პორტალს.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები