იმისდა მიუხედავად, რომ ქართველი ახალგაზრდები კრიტიკულად უყურებენ იმას, თუ რამდენად სცემენ პატივს საქართველოში ადამიანის უფლებებს, მათი ინტერესი სექსუალურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების მიმართ საკმაოდ დაბალია. განსაკუთრებით დაბალია ახალგაზრდების ინტერესი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერის (ლგბტ) წარმომადგენლების უფლებების მიმართ: გამოკითხული ახალგაზრდების მხოლოდ 13%-მა აღნიშნა, რომ აინტერესებს სექსუალურ უმცირესობათა უფლებები, ხოლო 68%-მა თქვა, რომ არ აქვს ინტერესი. მსგავსი შედეგები დაფიქსირდა რუსეთში, ხოლო ყველა სხვა ქვეყანაში ლგბტ-თა უფლებების მიმართ ინტერესი უფრო მაღალია – 20%-ს აღემატება ხორვატიასა და დიდ ბრიტანეთში, ხოლო 40%-ს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიაში. საქართველოში ამ უმცირესობათა უფლებებისადმი ინტერესის ნაკლებობა შესაძლოა, მიუთითებდეს მათი უფლებების მიმართ უპატივცემულობაზე.
შენიშვნა: 11-ბალიანი სკალა გადაიკოდა ისე, რომ კოდები 0-დან 3-ის ჩათვლით დაჯგუფდა კატეგორიაში „არ მაინტერესებს“, კოდები 4-დან 6-ის ჩათვლით – კატეგორიაში „საშუალო ინტერესი“ და კოდები 7-დან 10-ის ჩათვლით – კატეგორიაში „მაინტერესებს“.
ამ შესაძლო დაშვებას ადასტურებს ის მოვლენები, რომელიც გამოკითხვიდან რამდენიმე თვის შემდეგ განვითარდა საქართველოში. 2013 წლის 17 მაისს, ჰომობობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ქართულმა საზოგადოებამ, ახალგაზრდების ჩათვლით, თავისი არატოლერანტული დამოკიდებულება გამოავლინა სექსუალური უმცირესობების მიმართ. ათასობით გაღიზიანებული ადამიანი, რომელთაც წინ მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი სასულიერო პირები მიუძღვოდნენ, აგრესიულად დაესხნენ თავს ლგბტ-თა უფლებების დამცველ აქტივისტებს, რომლებიც თბილისის ცენტრში ჰომობობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ. ამ ძალადობის შედეგად დაშავდა 17 ადამიანი. მათგან 12 საავადმყოფოში მოხვდა, მათ შორის სამი პოლიციელი და ერთი ჟურნალისტი.
სექსუალურ უმცირესობებთან შედარებით ქართველი ახალგაზრდები უფრო ტოლერანტულები და გახსნილები არიან ეთნიკურ უმცირესობათა, სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა და მიგრანტთა უფლებების მიმართ. ამის მიუხედავად, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ტოლერანტობის დონე მაინც დაბალია. საქართველოში გამოკითხულთა დაახლოებით 40% „სრულად ეთანხმება“ ან „ეთანხმება“ მოსაზრებას: „მიგრანტებს იგივე უფლებები უნდა ჰქონდეთ სოციალური დახმარების მისაღებად, როგორც საქართველოს მოქალაქეებს“. მეორეს მხრივ, 38% „საერთოდ არ ეთანხმება“ ან „არ ეთანხმება“ ამ მოსაზრებას.
სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, მხოლოდ რუსეთია ნაკლებად ტოლერანტული – გამოკითხულთა 46% არ ეთანხმება ზემოთ ხსენებულ მოსაზრებას. ევროპულ ქვეყნებში ახალგაზრდები უფრო გახსნილები არიან სხვა ეროვნებების მიმართ და, შესაბამისად, მეტი ახალგაზრდა ეთანხმება ზემოთ ხსენებულ მოსაზრებას. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ იმიგრანტების მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით, ქართველი ახალგაზრდები რუს ახალგაზრდებს უფრო გვანან, ვიდრე ევროპელებს.
ტოლერანტობა და გახსნილობა იმის მიმართაც, რაც არ არის „ქართული“ და „ჩვენი“, ხშირად ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაღები არ არის. ამის გამო, ალბათ, ჯერ ადრეა საუბარი ქართველი ახალგაზრდების ღრმა ლიბერალურ დამოკიდებულებასა და ტოლერანტობაზე. ეს ღირებულებები უფრო ევროპის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი და საქართველოში ჯერ სათანადოდ არ განვითარებულა, რადგან ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ნაწილი არ არის მზად, მიიღოს განსხვავებული აზრი და პატივი სცეს უმცირესობათა უფლებებს.
MYPLACE პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს. CRRC-ის სხვა გამოკითხვების შედეგების სანახავად გამოიყენეთ ჩვენი ონლაინ ანალიზის პროგრამა.