ქალები საქართველოში და სექსი ქორწინებამდე

ქართულ საზოგადოებაში კონსერვატიული ტრადიციები ყოველთვის ძლიერი იყო, განსაკუთრებით, როცა საქმე ურთიერთობებს ეხება. კაცებისთვის ქორწინებამდე სექსი არა მხოლოდ დაშვებული, არამედ მოწოდებულიცაა, ქალებისთვის კი კვლავ მიუღებლად რჩება.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით CRRC-საქართველოს მიერ 2009, 2011 დან 2013 წლებში ევროკავშირის შესახებ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებზე დაყრდნობით ეს ბლოგი იკვლევს საქართველოში ხალხის დამოკიდებულებას ქორწინებამდე სექსის მიმართ. ამ ბლოგის საშუალებით გავიგებთ, თუ ვის უფრო ლიბერალური შეხედულებები აქვს საქართველოში, ქალებს თუ კაცებს და განსხვავდება თუ არა დამოკიდებულებები განათლების დონისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ქორწინებამდე სექსის მიმართ დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება. 2009 წელს, გამოკითხვაში დასმულ კითხვაზე: „რამდენად გამართლებულია ან არ არის გამართლებული ქალისთვის სექსუალური ურთიერთობა ქორწინებამდე?“ საქართველოს მოსახლეობის 78% პასუხობდა, რომ ეს არასდროსაა გამართლებული. 2013 წელს ეს რიცხვი 69%-მდე შემცირდა. ამავდროულად გაცილებით ნაკლებს მიაჩნია, რომ მამაკაცებისთვის სექსი ქორწინებამდე არასდროსაა გამართლებული – 2013 წელს 39% დa 2011 წელს 33%.

მიუხედავად იმისა, რომ ღირებულებები, რელიგია და პატრიარქალური საზოგადოება ბევრ გენდერულ სტერეოტიპს წარმოშობს, მათ შენარჩუნებაში თავად ქალებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. 2011 წლის გამოკითხვის თანახმად, უფრო მეტმა ქალმა განაცხადა, რომ ქალებისთვის სექსი ქორწინებამდე არასდროსაა გამართლებული, ვიდრე კაცმა (70% ქალები და 58% კაცები). 2013 და 2009 წლებში პროცენტული განაწილება ორივე სქესის შემთხვევაში თითქმის ერთნაირია.

საინტერესოა, რომ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები (18-35 წლის) ისევე არ ამართლებენ ქალების სექსს ქორწინებამდე, როგორც უფროსი თაობა. როგორც ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში ჩანს, 18-35 წლის მოსახლოება თითქმის იგივენაირად არ ამართლებს ქალებისთვის ქორწინებამდე სექსს, როგორც 36-55 წლის ჯგუფი. თუმცა, 56 და მეტი ასაკის ჯგუფთან შედარებით, უფრო ლიბერალურადაა განწყობილი.

დედაქალაქის მაცხოვრებლები ყველაზე ნაკლებად კონსერვატიულები არიან ამ საკითხთან მიმართებაში. თუმცა, მათმა რიცხვმა, ვინც ქალების ქორწინებამდე სექსს კატეგორიულად არ ამართლებდა, 2009 წლის შემდეგ დაიკლო როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2009 წლის 65%-ისგან განსხვავებით, 2013 წელს თბილისელების მხოლოდ 43%-ს მიაჩნდა, რომ ქალებისთვის ქორწინებამდე სექსუალური კავშირი დაუშვებელია . სხვა ქალაქებშიც რადიკალურად განწყობილი მოსახლეობის რიცხვი შედარებით შემცირდა – 2009 წელს 83% იყო, 2013-ში კი 71%. მონაცემების ადასტურებს, რომ სოფლის მოსახლეობა ყველაზე კონსერვატიულია. 2013 წლის გამოკითხვის მიხედვით, სოფლის მოსახლეობის 79%-ს მიაჩნდა, რომ ქორწინებამდე სექსი ქალებისთვის არასდროსაა გამართლებული. თუმცა, პატარა ცვლილებები სოფლის მაცხოვრებლებშიც შეინიშნება, რადგან 2011 და 2009 წლებში ეს რიცხვი 88% იყო.

მონაცემები აჩვენებს, რომ განათლებაც დიდ როლს თამაშობს საქართველოში მცხოვრები ხალხის სტერეოტიპების ჩამოყალიბებაში. 2013 წლის გამოკითხვის მიხედვით, უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის 63%-ს მიაჩნდა, რომ ქალებისთვის სექსი ქორწინებამდე დაუშვებელია მაშინ, როცა საშუალო ტექნიკური განათლების მქონეთა 81% და საშუალო ან უფრო დაბალი განათლების მქონეთა 84% ფიქრობდა იგივეს. 

ამრიგად, ქორწინებამდე სექსის მიმართ დამოკიდებულებების განსაზღვრის დროს მნიშვნელოვანია განათლების დონე, სქესი და დასახლების ტიპი . თუმცა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მოსახლეობა არ ამართლებს ქალებისთვის ქორწინებამდე სექსს, ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები