OECD/CRRC-საქართველოს ახალი ანგარიში ითხოვს მიგრაციის უფრო თანმიმდევრულ მართვას საქართველოში

2013 წლიდან 2016 წლამდე OECD განვითარების ცენტრი კოორდინაციას უწევდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს საჯარო პოლიტიკას, მიგრაციასა და განვითარებას შორის ურთიერთობის შესახებ (IPPMD) ათ განვითარებად ქვეყანაში, მათ შორის სომხეთში, ბურკინა ფასოში, კამბოჯაში, კოსტა რიკაში, კოტ დ’ივუარში, დომინიკის რესპუბლიკაში, საქართველოშო, ჰაიტიში, მაროკოსა და ფილიპინებში. პროექტმა შეაგროვა ემპირიული მონაცემები ამ ქვეყნებში მიგრაციის განვითარების პოტენციალის შესაფასებლად და პოლიტიკის რეკომენდაციების შესამუშავებლად, რაც ხელს შეუწყობს ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. პროექტის შედეგები საქართველოსთვის წარმოდგენილი იყო ანგარიშის პრეზენტაციის დროს თბილისში, 2017 წლის 28 მარტს.

(1) გახსნის სიტყვა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილის, ბატონი კაიდო სირელის მიერ.
(2) OECD-ის ჯეისონ განიონი წარმოადგენს საქართველოში პროექტის ძირითად მიგნებებს.
(3) CRRC-ის მკვლევარი მარიამ კობალაძე და კონფერენციის მონაწილეები შესვენების დროს.

საქართველოში IPPMD პროექტის მთავარი პარტნიორები იყვნენ საქართველოს მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო კომისია და CRRC-საქართველო. პროექტის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა ემიგრაციის, ფულადი გზავნილების და დაბრუნების მიგრაციის გავლენაზე სოფლის მეურნეობაზე, შრომის ბაზარზე, განათლებასა და საინვესტიციო/ფინანსურ სერვისებზე. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა სულ 2260 ოჯახი, მათ შორის 972 ოჯახი მიგრანტი წევრებით (მიმდინარე ან დაბრუნებული საერთაშორისო მიგრანტები) და 1288 ოჯახი ასეთი წევრების გარეშე. გარდა ამისა, ჩატარდა 71 სათემო ინტერვიუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და თემის ლიდერებთან და 27 ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ეკონომიკური და სოციალური დაცვის დეპარტამენტის (UN DESA) მონაცემებით, საქართველოდან მიგრანტების მთლიანი რაოდენობა 2000-იან წლებში შემცირდა, უახლესი აღწერის მონაცემებით, საქართველოში დაბადებულთა 24% ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს. როგორც IPPMD ანგარიშშია ნათქვამი, „[ე]მიგრაციას … შეუძლია ქვეყნას სარგებელი მოუტანოს გადატვირთული შრომის ბაზრის შემსუბუქებით, ქალებისთვის შესაძლებლობის გაზრდით, რათა მათ მიაღწიონ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და შექმნან სტიმული უნარების გაუმჯობესებისთვის. თუმცა, ამ პოზიტიური ზემოქმედების გაცნობიერება დამოკიდებულია სათანადო პირობების არსებობაზე“, ანუ ეფექტური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკების არსებობაზე.

IPPMD-ის კვლევამ შეაგროვა შთამბეჭდავი ემპირიული მონაცემები, რაც საშუალებას გვაძლევს შევადაროთ ემიგრანტი და არაემიგრანტი შინამეურნეობები საქართველოში. IPPMD-ის მონაცემებით, ემიგრანტებს უფრო მეტად ახალგაზრდები წარმოადგენენ საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრების საშუალო ასაკთან შედარებით – შესაბამისად, 42 და 47 წელი. გასაკვირი არ არის, რომ ამჟამინდელი ემიგრანტების 80% სამუშაოს საძიებლად არის წასული ქვეყნიდან.

IPPMD-ის მონაცემები ასევე გვაწვდის საინტერესო და განახლებულ ინფორმაციას საქართველოში ოჯახებისთვის საერთაშორისო ფულადი გზავნილების როლის შესახებ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 12%-ს შეადგენს. დაახლოებით 2 მლრდ. აშშ დოლარის ფულადი გზავნილი გამოიგზავნა საქართველოში 2014 წელს, 2004 წელს კი იგივე მონაცემი 300 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა. ფულადი გზავნილების განვითარების პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული, რადგან ფულადი გზავნილები ძირითადად გამოიყენება პირადი მოხმარებისა ან უძრავი ქონებისთვის. ფულადი გზავნილების ძალიან მცირე წილი გამოიყოფა პროდუქტიული ინვესტიციებისთვის. თუმცა, შეინიშნება მზარდი ტენდენცია ოჯახის წევრების განათლებაში ინვესტირებაზე.

IPPMD-ის ანგარიში ამტკიცებს, რომ ფულადი გზავნილების განვითარების პოტენციალი შეიძლება გაიზარდოს შესაბამისი პოლიტიკის არსებობის შემთხვევაში. IPPMD-ის დასკვნების მიხედვით, შინამეურნეობებს, რომლებიც აცხადებენ, რომ იღებენ ფულად გზავნილებს, უფრო მეტად აქვთ საბანკო ანგარიში ქალაქის დასახლებებში, მაგრამ არა სოფლის დასახლებებში. ეს დასკვნა მოითხოვს სოფლის დასახლებებში ფორმალური საბანკო სექტორის განვითარებას და ასევე ფულის გადარიცხვის უფრო იაფი და სწრაფი არხების შეთავაზებას. ანგარიში შემდგომში ამტკიცებს, რომ „ფულადი გზავნილების მიმღებთა დატრენინგება ფულადი გზავნილების ოპერატორებისა და ფინანსური სერვისების უფრო ეფექტურად გამოყენებაში შეიძლება იყოს წინაპირობა ხარჯების შემცირებისა და ფულადი გზავნილების უფრო პროდუქტიულად გამოყენებისთვის. IPPMD-ის მონაცემები აჩვენებს, რომ ძალიან ცოტა შინამეურნეობა… (1%) მონაწილეობდა ფინანსურ ტრენინგ პროგრამაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში“. არანაკლებ მნიშვნელოვანია მიგრაციის სოციალური გზავნილები, ანუ ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც მიგრანტები აბრუნებენ ქვეყანაში, მათი როლიც შესაძლოა გადამწყვეტი იყოს ქვეყნის განვითარებისთვის.

საქართველოს მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო კომისია კოორდინაციას უწევს მიგრაციას 2010 წლიდან. მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირება ძირითად პოლიტიკის დოკუმენტებში, მათ შორის ეროვნული განვითარების სტრატეგიაში და ამგვარად უფრო თანმიმდევრული პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება ხელს შეუწყობს მიგრაციის პოტენციალის უფრო ეფექტურად გამოყენებას.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები