2024 წლის 18 ივლისს, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევის 2024 წლის გამოკითხვის შედეგები გააცნო საზოგადოებას. „კავკასიის ბარომეტრი“ რეგულარული გამოკითხვაა, რომლის მიზანია სანდო და ერთმანეთთან შესადარი მონაცემების შეგროვება მოსახლეობის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობასა და პოლიტიკურ დამოკიდებულებებზე სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში: სომხეთსა და საქართველოში.
2024 წლის „კავკასიის ბარომეტრი“ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მე-12 ტალღას წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში 1,509 რესპონდენტი გამოიკითხა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
შედეგების საჯარო პრეზენტაცია CRRC-საქართველოს ოფისში გაიმართა, რომელსაც თან მოჰყვა შედეგების გასაჯაროებაც. პრეზენტაცია CRRC-საქართველოს უფროსმა მკვლევარმა და „კავკასიის ბარომეტრის“ პროექტის კოორდინატორმა, თამარ ხოშტარიამ წარმოადგინა. ძირითადი ყურადღება დაეთმო ბოლო წლების ახალ და უკვე დამკვიდრებულ ტენდენციებსა და დამოკიდებულებებს საქართველოში შემდეგი ორი თემის გარშემო: (1) სოციალური ღირებულებები და ნორმები; (2) პოლიტიკა, ძალაუფლება, დემოკრატია;
პრეზენტაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.
„კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის ტალღის შედეგები ხელმისაწვდომია მონაცემთა ონლაინ ანალიზის პროგრამის გამოყენებით ჩვენს ვებგვერდზე: caucasusbarometer.org.