უკან
ორშაბათი | 30 იანვარი, 2017

სახელმწიფო შესყიდვების სისტემა საქართველოში: კომპანიების შეხედულებები (ნაწილი 1)

სახელმწიფო შესყიდვების სისტემა საქართველოში: კომპანიების შეხედულებები (ნაწილი 1)

 
საქართველოში სახელმწიფო შესყიდვები ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით 2010 წლიდან ხორციელდება. ამ სისტემის მიზანია მიმწოდებლებისათვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესის გამარტივება და პროცესის გამჭირვალობის უზურნველყოფა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიხედვით, „ყოველწლიურად სახელმწიფო ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავს სხვადასხვა საქონლის, მომსახურებისა თუ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვები დიდი ინტერესის სფეროს წარმოადგენს კერძო კომპანიებისათვის, როგორც მათი შემოსავლების ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციური წყარო“. თუმცა, CRRC-საქართველოს მიერ 2016 წლის აგვისტოში Deloitte Consulting LLP-სა და USAID-ისთვის ჩატარებული კომპანიების გამოკითხვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ აჩვენებს, რომ კომპანიები ჯერ არ იღებენ აქტიურ მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში. ეს ბლოგ პოსტი მიზნად ისახავს არსებული პრობლემების მიმოხილვას CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას ღებულობს ე.წ. „აქტიური ეკონომიკური ოპერატორების“ 15.6% (გვ. 17). CRRC-საქართველოს გამოკითხვის შედეგების მიხედვით სურათი ანალოგიურია: კომპანიების 17% იღებს მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში, და მათი დაახლოებით ნახევარი მხოლოდ ზოგჯერ ან იშვიათად აკეთებს ამას. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად მონაწილე კომპანიების წილი უაღრესად მცირეა. კომპანიების 73% დარეგისტრირებულიც კი არ არის შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რაც აუცილებელი პირობაა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისათვის გამართულ ტენდერებში.
 

 
 
 
შენიშვნა: ანალიზიდან გამორიცხულია კომპანიების 2%, რომელთა წარმომადგენელმაც კითხვას, „არის თუ არა თქვენი კომპანია დარეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში?“ უპასუხა „არ ვიცი“.


ამ გამოკითხვის შედეგები გარკვეულ ცოდნას გვაძლევს იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც კომპანიები არ მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში. ძირითად მიზეზად, რის გამოც კომპანიები არ რეგისტრირდებიან შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სახელდება ის გარემოება, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობით (56%) - თუმცა, ძნელი სათქმელია, რა მიზეზებითაა გამოწვეული ინტერესის ეს ნაკლებობა. შედარებით იშვიათად დასახელდა შეუსაბამობა კომპანიის საქმიანობის სფეროსა და გამოცხადებული ტენდერების სფეროებს შორის (27%).




შენიშვნა:
 დიაგრამაზე ნაჩვენებია კომპანიების 73%-ის პასუხების განაწილება, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.


კომპანიების უმრავლესობას (64%-ს) არ აქვს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების გამოცხადების შესახებ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ინტერვიუების დროს მათ წარმომადგენლებს გაუჭირდათ პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რამდენად სამართლიანად ან უსამართლოდ ტარდება, მათი აზრით, ტენდერის ესა თუ ის სახეობა. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ კომპანიების უმრავლესობას (76%-ს) არ სმენია იმ სემინარების შესახებ, რომელთა მიზანიც სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში კვალიფიკაციის ამაღლებაა, რაც კომპანიების უაღრეს არაინფორმიებულობაზე მიუთითებს შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.


შენიშვნა: დიაგრამაზე ნაჩვენებია კომპანიების 83%-ის პასუხების განაწილება, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. კომპანიები, რომელთა წარმომადგენელმაც შესაბამის კითხვაზე უპასუხა „უარი პასუხზე“, გამორიცხული არიან ანალიზიდან. საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების ხუთი ტიპი არსებობს: გამარტივებული შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, ელექტრონული ტენდერი, კონსოლიდირებული ტენდერი და კონკურსი. თითოეული მათგანის განმარტება იხილეთ აქ.   


შესაძლებელია, რომ ასეთი არაინფორმირებულობა  მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის თვალსაზრისით,  ამიტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მეტად უნდა იზრუნოს კომპანიების ინფორმირებულობის დონის გაზრდაზე.

ამ ბლოგ პოსტის მეორე ნაწილი, რომელიც შემდეგ ორშაბათს გამოქვეყნდება, განიხილავს, თუ როგორ განსხვავდება სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მუშაობის შეფასებები იმის მიხედვით, მიუღია თუ არა კომპანიას მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში.