უკან
ოთხშაბათი | 12 აპრილი. 2023
CRRC-საქართველომ ახალი კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) სოციალური სამართლიანობის ცენტრთან ერთად საზოგადოებას გააცნო კვლევის შედეგები პირადი და სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების დამოკიდებულებასა და აღქმაზე. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო, როგორ აფასებს უსაფრთხოების სექტორის მუშაობას ჩვეულებრივი ხალხი, რა ასოციაციას იწვევს მათში თვითონ ეს სიტყვა -უსაფრთხოება და, ზოგადად, რა ინფორმაცია აქვთ მათ სახელმწიფო უსაფრთხოების მუშაობის შესახებ,“ - აღნიშნა კობა თურმანიძემ, CRRC-საქართველოს დირექტორმა.

კვლევის საგანს წარმოადგენდა მოსახლეობის დამოკიდებულება და აღქმები პირადი და სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ. კვლევის ერთ-ერთი ავტორის მარიამ კობალაძის თქმით, დაცულობის შეგრძნება მეტი ან ნაკლები ინტენსივობით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (69%) აქვს. კაცები, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები, სოფლებში მცხოვრებნი და მმართველი პარტიის მომხრეები თავს მეტად დაცულად გრძნობენ. საინტერესოა, რომ 2012 წელთან შედარებით, ამჟამად დაცულობის შეგრძნება მოსახლეობის მესამედისთვის არ შეცვლილა, ხოლო 38-% ახლა უფრო დაცულად გრძნობს თავს. რაც შეეხება უსაფრთხოებისთვის ყველაზე მაღალი რისკის აღქმას, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მხრივ, რაც მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა დაასახელა, სიღარიბე და რუსეთიდან მომდინარე სამხედრო აგრესიის შესაძლებლობაა. მოსახლეობის მეხუთედზე მეტი საფრთხედ რუსეთ-უკრაინის ომს, კრიმინალსა და ბუნებრივ კატასტროფებს მიიჩნევს. საინტერესოა, რომ მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ქვეყნის მიერ უსაფრთხოების რისკებთან გამკლავებას დადებითად აფასებს. ეს შეფასება დადებითია მათ შემთხვევაშიც, ვინც მთავარ რისკად რუსეთ-უკრაინის ომი დაასახელა. თუმცა, შეფასება უარყოფითისკენ იხრება მათ შემთხვევაში, ვისი აზრითაც, საქართველოს უსაფრთხოების მთავარი რისკი სიღარიბეა. მიუხედავად მოსახლეობის მნიშვნელოვანი წილის მიერ ქვეყანაში არსებული ზოგადი უსაფრთხოების მდგომარეობის დადებითი შეფასებებისა, დიდი უმრავლესობა (69%) თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია და აუცილებელ რეფორმებს საჭიროებს.

ასეთი შედეგები აჩვენა CRRC-საქართველოს კვლევამ, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი სოციალური სამართლიანობის ცენტრთან და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან პარტნიორობით ხორციელდება. გამოკითხვა 2022 წლის 27 მაისიდან 3 ივლისამდე პერიოდს მოიცავდა და მის ფარგლებში ჩატარდა 2 544 ინტერვიუ. კვლევის შედეგები საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია. 

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ აქ იხილოთ: https://caucasusbarometer.org/ge/sjc2022ge/codebook/