ესმით თუ არა ქართველებს, რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა?

გენდერული თანასწორობისა და ფემინიზმის ცნებები სულ უფრო ხშირად გამოიყენება საჯარო დისკურსში საქართველოში. 2010 წელს საქართველომ მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ. გენდერული თანასწორობა ხშირად პოპულარული სატელევიზიო გადაცემები განხილვის საგანია და სახალხო დამცველის აპარატი ანგარიშს ამზადებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, რომ ქართველებს ხშირად არ ესმით, რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა.

2014 წლის ოქტომბერში, CRRC/NDI-ის გამოკითხვის ფარგლებში მოსახლეობას ჰკითხეს, არის თუ არა, მათი აზრით, საქართველოში გენდერული თანასწორობა. რესპონდენტების მხოლოდ მეხუთედმა თქვა, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა არის, თუმცა, ორჯერ მეტმა აღნიშნა, რომ ქალებს და კაცებს საქართველოში თანაბარი შესაძლებლობები აქვთ წარმატების მისაღწევად ნებისმიერ სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი კითხვა ერთსა და იმავე საკითხს ეხება, პასუხებში განსხვავება მნიშვნელოვანია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობას კარგად არ ესმის, რა იგულისხმება გენდერულ თანასწორობაში.

CRRC/NDI-ის 2017 წლის დეკემბრის გამოკითხვაში დაისვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დადებითი ან უარყოფითი ასოციაციები აქვს ხალხს „გენდერულ თანასწორობასთან“, „თანასწორობასთან კაცებსა და ქალებს შორის“ და „ფემინიზმთან“ დაკავშირებით. აქედან პირველი ორი ფაქტიურად ერთსა და იმავეს ნიშნავს, ხოლო მესამე ამ ორისთვის ბრძოლას/ადვოკატირებას.

მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას დადებითი ასოციაციები აქვს „კაცებსა და ქალებს შორის თანასწორობასთან“და „გენდერულ თანასწორობასთან“ დაკავშირებით. თუმცა, მათ უფრო უარყოფითი ასოციაციები აქვთ „ფემინიზმის“ ცნების მიმართ, ვიდრე დადებითი. ამასთანავე, მოსახლეობის უფრო დიდმა ნაწილმა არ იცის, რა სახის ასოციაციები აქვს „ფემინიზმთან“ დაკავშირებით.

განსხვავებული სქესის, ასაკის და განათლების დონის მქონე ადამიანები ერთმანეთის მსგავს ასოციაციებს გამოხატავენ „კაცებსა და ქალებს შორის თანასწორობის“ მიმართ. მათი უმრავლესობა მიუთითებს, რომ დადებითი ასოციაციები აქვს. დედაქალაქში მოსახლეობის მცირედით უფრო ნაკლები წილი ამბობს, რომ დადებითი ასოციაციები აქვს, სხვა ქალაქების და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შედარებით. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო ნაკლები წილი იზიარებს დადებით ასოციაციებს და უფრო მეტი ამბობს, რომ არ იცის, მისი ასოციაციები დადებითია თუ უარყოფითი.

მსგავსი სურათი გვაქვს „გენდერულ თანასწორობასთან“ დაკავშირებით. სქესის, ასაკის და განათლების დონის მიხედვით განსხვავებები არ გვხვდება. თუმცა, დედაქალაქში მოსახლეობის უფრო ნაკლები წილი მიუთითებს, რომ დადებითი ასოციაციები აქვს, სხვა ქალაქებთან და სოფლის ტიპის დასახლებებთან შედარებით. ამასთანავე, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ადამიანების უფრო მცირე წილი აღნიშნავს, რომ დადებითი ასოციაციები აქვს, ხოლო 40% ამბობს, რომ არ იცის, დადებითი დამოკიდებულება აქვს თუ უარყოფითი.

რაც შეეხება „ფემინიზმის“ ცნებას, ამ შემთხვევაში განსხვავებულ დემოგრაფიულ ჯგუფებში უფრო მეტ განსხვავებებს ვხვდებით დამოკიდებულების თვალსაზრისით. ახალგაზრდებთან შედარებით, 55 წელზე უფროს მოსახლეობაში უფრო ხშირად ამბობენ, რომ არ იციან დადებითი ასოციაცია აქვთ „ფემინიზმთან“ დაკავშირებით თუ უარყოფითი. სოფლის ტიპის და ეთნიკური უმცირესობების დასახლებების მოსახლეობა უფრო ხშირად ამბობს, რომ არ იცის, რა სახის ასოციაციები აქვს, დედაქალაქის და სხვა ქალაქების მაცხოვრებლებთან შედარებით.

განსხვავება განსაკუთრებით თვალშისაცემია განსხვავებული განათლების დონის მქონე ადამიანებს შორის. საშუალო ან უფრო დაბალი განათლების მქონე მოსახლეობის 47% მიუთითებს, რომ არ იცის, დადებითი დამოკიდებულება აქვს „ფემინიზმის“ მიმართ თუ უარყოფითი, როცა საშუალო ტექნიკური განათლების მქონე ადამიანების მხოლოდ 40% და უმაღლესი განათლების მქონეთა 25% ამბობს ამავეს. განათლების უფრო დაბალი დონის მქონე მოსახლეობასთან შედარებით, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს უფრო მეტად შეუძლიათ დამოკიდებულების გამოხატვა „ფემინიზმთან“ დაკავშირებით.

ხალხს უფრო დადებითი ასოციაციები აქვს „კაცებსა და ქალებს შორის თანასწორობის“ ცნებასთან და ნაკლებად დადებითი „ფემინიზმთან“. ყველა დემოგრაფიულ ჯგუფში ყველაზე ნაკლებად ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები ხალხს „ფემინიზმთან“ მიმართებით აქვს და ხშირად ამბობენ, რომ არ იციან, რა ასოციაციები აქვთ ამ ცნებასთან.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

ერთი სავარაუდო ახსნა შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ საქართველოს საჯარო დისკურსში „ფემინიზმის“ ცნება შედარებით ახალია. მიუხედავად იმისა, რომ ფემინიზმი კაცებისა და ქალებისთვის თანაბარ უფლებებს გულისხმობს, ექსპლიციტური აქცენტი მაინც ერთ სქესზეა და ამან შესაძლოა უარყოფითი დამოკიდებულებები წარმოშვას.


ამასთანავე, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული სატელევიზიო დისკუსიების ხშირი თანმდევი მწვავე კამათი, სავარაუდოდ, ხელს არ უწყობს „ფემინიზმთან“ დაკავშირებით დადებითი ასოციაციების ჩამოყალიბებას. მიუხედავად ამისა, ეს მხოლოდ მოსაზრებაა და შემდგომ კვლევას შეუძლია უკეთ ახსნას, რატომ არ აქვს ხალხს, ზოგადად, რაიმე სახის ან დადებითი ასოციაციები „ფემინიზმთან“ დაკავშირებით.

ცისანა ხუნდაძე არის სი-არ-არ-სი-საქართველოს უფროსი მკვლევარი. ამ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ ავტორისაა და არ წარმოადგენს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, „სი-არ-არ-სი-საქართველოს“ ან ნებისმიერი დაკავშირებული ინსტიტუტის მოსაზრებებს.


სტატიაში გამოყენებული მონაცემები ხელმისაწვდომია აქ.

გაზიარება