11 ივლისს, კლუბ ფრონტლაინში გაიმართა CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის – „მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში – იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების ხედვა“ – პრეზენტაცია. კვლევა ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი. კვლევის მიზანი იყო მართლმსაჯულების სისტემის სხვადასხვა ასპექტის შესახებ იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა დამოკიდებულების შეფასება. ღონისძიება გახსნეს ნილს ვაინსტაინმა, პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ (PROLoG) და კობა თურმანიძემ, CRRC-საქართველოს პრეზიდენტმა, ხოლო დამსწრეებს კვლევის შედეგები გააცნო CRRC-საქართველოს მკვლევარმა მარიამ კობალაძემ. ღონისძიებას ესწრებოდა იურიდიული პროფესიის მქონე 30-მდე წარმომადგენელი, პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში კი გაიმართა დისკუსია.
კვლევამ გამოავლინა, თუ როგორია დამოკიდებულება სასამართლოებში მხარეებს შორის დაცული ბალანსის შესახებ, ასევე თუ რამდენად ეფექტურად იცავს მოქალაქეებს მართლმსაჯულების სისტემა, როგორია იურიდიული განათლების ხარისხი და თუ რაოდენ ეფექტურად მუშაობენ მართლმსაჯულების ინსტიტუტები.
ხსენებული კვლევის თანახმად, გატარებული რეფორმები სისტემაზე დადებითად აისახა, თუმცა რიგი საკითხები კვლავ საჭიროებს ყურადღებას. სისტემაში მომუშავე პროფესიონალების აზრით, უმთავრეს გამოწვევებად შეიძლება ჩაითვალოს კანონში არსებული ხარვეზები თანასწორობის შესახებ, მართლმსაჯულების სისტემაში ჩართული პირების პროფესიონალიზმი და სასამართლოების გადატვირთულობა, რაც აფერხებს მათ დროულად მოგვარებას.
აგრეთვე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სისტემის შემდგომი რეფორმები. სისხლის სამართალში იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები მხარეთა თანასწორობას ყველაზე ნაკლებად ხედავენ, განსაკუთრებით მტკიცებულებების მოპოვება-გაზიარების ნაწილში. კვლევის დასკვნაში ასევე ხაზი გაესვა იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მართლმსაჯულების ინსტიტუტების ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობას.
CRRC-საქართველომ წარადგინა კვლევა – მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში: იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების ხედვა
გაზიარება