დეკემბერი. ყინვა. საახალწლოდ მორთული ქუჩები. ახალი წელი. შამპანური. საცივი და გოზინაყი. საჩუქრები. თოვლის ბაბუა. 25 დეკემბერი. თუ 7 იანვარი? მერე კიდევ ერთი ახალი წელი, ოღონდ ძველი. მომდევნო წლისთვის დადებული პირობები და ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, აუცილებლად უნდა ახდეს.
2016 წლის 1-13 დეკემბერს CRRC-საქართველომ ჩაატარა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა. ალბათ, არავის გაგვიკვირდება, რომ საქართველოს მოსახლეობა ახალი წლის შეხვედრის დამკვიდრებულ ტრადიციებს მიჰყვება. დიდი უმრავლესობა (73%) ახალი წლის შეხვედრას საკუთარ სახლში აპირებს, 9% კი – მეგობრის ან ნათესავის სახლში. ახალი წლის შეხვედრა ღია ცის ქვეშ, რესტორანში ან კაფეში ჯერ კიდევ არ სარგებლობს პოპულარობით, მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი გეგმავს ამას. 15 პროცენტს კი დეკემბრის პირველ ნახევარში ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, სად შეხვდებოდა ახალ წელს.