ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში

2002 წლის ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე – ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია. ეს პოსტი მიმოიხილავს კავშირს ქართველების მიერ ბედნიერების პირობით აღქმასა და სოციალური კავშირების სიძლიერის ზოგიერთ მახასიათებელს შორის, 2014 წლის „მოხალისეობა და სამოქალაქო ჩართულობა საქართველოში“ კვლევის გამოყენებით, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
მეტი სიმარტივისთვის, ბლოგ პოსტში ის ადამიანები, რომლებიც თავს ბედნიერად აღიქვამენ, ჩავანაცვლეთ ტერმინით „ბედნიერი“ ადამიანები, ხოლო ისინი, ვინც თავს უბედურებად მიიჩნევს – ტერმინით „უბედური“ ადამიანები. 

საგრძნობი განსხვავებაა (31%) იმ ბედნიერ და უბედურ ადამიანებს შორის, რომლებსაც ახალ ადამიანებთან შეხვედრა სიამოვნებთ. მათი პროცენტული რაოდენობა, შესაბამისად, 80% და 49%-ის ტოლია.

შენიშვნა: ორივე შეკითხვაზე პასუხის გასაცემად 10-ქულიანი სკალა იყო გამოყენებული. კითხვაზე „რამდენად ბედნიერი ხართ?“ კოდი 1 შეესაბამებოდა „ძალიან უბედურს“, ხოლო კოდი 10 „ძალიან ბედნიერს“. ანალიზისთვის, თავდაპირველი სკალა დაჯგუფდა შემდეგნაირად: კოდები 1-4 შეესაბამება „უბედურს“, 5 და 6 – „არც ბედნიერს და არც უბედურს“, ხოლო კოდები 7-10 „ბედნიერს“. ანალოგიურად დაჯგუფდა მეორე კითხვის პასუხებიც.

უბედურებთან შედარებით, ბედნიერები უფრო ხშირად ამბობენ, რომ ბევრი ადამიანი არსებობს, ვისი იმედიც შეუძლიათ, ჰქონდეთ გასაჭირში. ბედნიერი ქართველების 61%, ხოლო უბედურების მხოლოდ 29% ამბობს, რომ მათ გარშემო ასეთი ადამიანები ჰყავთ. მსგავსი ტენდენციაა, როდესაც ადამიანებს ეკითხებიან „ავად რომ გახდეთ, არიან თუ არა ისეთი ადამიანები, თქვენი ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც მოგხედავენ და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იზრუნებენ თქვენზე?“ ბედნიერების 79%, ხოლო უბედური ადამიანების 60% ადასტურებს მათ გარშემო ასეთი ადამიანების არსებობას.


ბედნიერი ადამიანების 77%, ხოლო უბედურების 51% ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში დაეხმარნენ „მეზობელს ან მეგობარს საოჯახო საქმეში ან ბავშვის მოვლაში“. გასაკვირი არაა, რომ ბედნიერი ქართველების 70%, ხოლო უბედურების მხოლოდ 38% ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების გარდა, „ბევრი ადამიანი არსებობს, ვისაც შეიძლება გამოადგნენ.“


მიუხედავად იმისა, რომ ბლოგ პოსტში სოციალური კავშირების ყოვლისმომცველი საზომი არ არის გამოყენებული, შედეგები გვიჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებიც თავს ბედნიერად აღიქვამენ, უფრო ძლიერი სოციალური კავშირები აქვთ უბედურ ადამიანებთან შედარებით. შესაბამისად, იმ კვლევების შედეგები, რომლებიც ბლოგ პოსტის დასაწყისშია მითითებული ზუსტად ეხმიანება ქართულ რეალობას.

სამხრეთ კავკასიაში ბედნიერებაზე უფრო მეტი ინფორმაციისთვის, გაეცანით ბლოგ პოსტს „ბედნიერება საქართველოში“ ან მოიძიეთ მონაცემები მონაცემთა ონლაინ ანალიზის სისტემის გამოყენებით.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები