“აზერბაიჯანელები და სომხები საქართველოში: გაურკვეველი მშვიდობისა და კონფლიქტის მონაცვლეობა მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომის კონტექსტში”

CRRC, ARISC და ამერიკული საბჭოები მოხარულნი არიან გამცნოთ 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის თბილისის Work-in-progress სერიების რიგით მე-12 საუბრების შესახებ!

აზერბაიჯანელები და სომხები საქართველოში: გაურკვეველი მშვიდობისა და კონფლიქტის მონაცვლეობა მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომის კონტექსტში”

ანნა ციესლევსკა და კლაუდია კოსიცინსკა, სლავისტიკის ინსტიტუტი, მეცნიერებათა პოლონური აკადემია

ოთხშაბათი, 22 ივნისი, 2022, თბილისის დროით 18:00 სთ.

აღნიშნული პროექტი განიხილავს, თუ როგორ უპასუხეს სომხურმა და აზერბაიჯანულმა უმცირესობებმა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომს და როგორია მათში კონფლიქტის შემდგომი სახრეთ კავკასიის აღქმა. ნაშრომი განიხილავს იმას, თუ როგორ განსაზღვრა საქართველოს ორ განსხვავებულ რეგიონში – ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში – მცხოვრებთა გამოცდილებებმა და ნარატივებმა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობები. ასევე, ნაშრომი უყურებს სოციალური ორგანიზაციებისა და ასოციაციების როლს (აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულთა ჩათვლით) საქართველოში მცხოვრები სომხებისა და აზერბაიჯანელების მიერ კონფლიქტის აღქმასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ნაშრომი განიხილავს იმას, თუ რა გავლენა იქონია უმცირესობათა მიმართ საქართველოს მთავრობის პოლიტიკამ აზერბაიჯანულ-სომხურ ურთიერთობებზე, საქართველოში მცხოვრებ ორივე ჯგუფის ინტერაქციასა და საქართველოს უმრავლესობის მხრიდან ამ ყოველივეს აღქმაზე. ბოლოს, ნაშრომი განიხილავს იმ გავლენის მასშტაბს, რაც შესაძლოა ჰქონდეს ყარაბაღში მიმდინარე არასტაბილურ მდგომარეობასა და ე.წ. “მცოცავ” კრიზისს საქართველოში მცხოვრებ ორ უმცირესობათა შორის ურთიერთობებზე.

ანნა ციესლევსკა არის სოციალური ანთროპოლოგი. მას მიღებული აქვს პოსტდოქტორის ხარისხი (ჰაბილიტაცია) კულტურისა და რელიგიის კვლევებში. ცენტრალური აზიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებითა და ცენტრალური აზიისა და კავკასიის გეოპოლიტიკით, ისლამითა და პოსტსაბჭოთა რეგიონის ადგილობრივი ტრადიციებით დაინტერესების კვალდაკვალ, მან ბოლო თექვსმეტი წელი დსთ-ს ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა კვლევასა და განვითარების პროექტზე მუშაობაში გაატარა. ამჟამად, ის ხელმძღვანელობს პროექტს, სახელწოდებით: “აზერბაიჯანელები და სომხები საქართველოში: გაურკვეველი მშვიდობისა და კონფლიქტის მონაცვლეობა მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომის კონტექსტში”.

კლაუდია კოსიცინსკა არის სოციალური ანთროპოლოგი და ქართველოლოგი და არის მეცნიერებათა პოლონური აკადემიის სლავისტიკის ინსტიტუტის დოქტორანტი. მას მიღებული აქვს აღმოსავლეთმცოდნეობის ხარისხი, კავკასიის სპეციალობით, სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტის ეთნოლოგიისა და კულტურული ანთროპოლოგიის ინსტიტუტში. ის არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (2016), ასევე NAWA-ს პროგრამისა (2021) და მეცნიერებათა ეროვნული ცენტრის პრელუდიუმის (2021) სტიპენდიატი. ის ასოცირებული გახლავთ kaukaz.net-თან და ახალ აღმოსავლეთ ევროპასთან, Chai Khana-ს პლატფორმასთან. ბოლო პერიოდში, მან 1990-95 წლებში საქართველოში გამოცემული აზერბაიჯანული ჟურნალების საარქივო კვლევა ჩაატარა. 2018 წლიდან მოყოლებული, ის ახორციელებს კვლევას სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ ერთობებს შორის მობილობის, საზღვრების, ტრანსლოკალური პრაქტიკებისა და სამეზობლო ურთიერთობების შესახებ.

*

მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაცია ვირტუალურ ფორმატში იმართება, Chatham House Rule-ის სულისკვეთების გათვალისწინებით, რომელსაც ეს სერიები ემორჩილება, საუბარი არ ჩაიწერება და, გთხოვთ, სხვა მონაწილეებმა თავი შეიკავოთ ჩაწერისგან და/ან გავრცელებისგან. WiP-ის მოხსენებებში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ მომხსენებლების აზრია და არ ასახავს CRRC-ის, ARISC-ის ან ამერიკული საბჭოების შეხედულებებს.

*

WiP-ი გახლავთ მიმდინარე აკადემიური დისკუსიების სერია დაფუძნებული თბილისში, საქართველოში, რომელიც, ჩვეულებრივ, ტარდება CRRC-ის ახალ ოფისში ლიზიკო ქავთარაძის 1-ელში. მისი თანაორგანიზატორები გახლავთ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის: ACTR/ACCELS და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC). ყველა მოხსენება უფასო და ღიაა საზოგადოებისთვის.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები