013 წლის მაისში CRRC-მ დაიწყო მედია მონიტორინგის ახალი ტალღა შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. პროექტს ხორციელდება ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის” ფარგლებში. მონიტორინგი დაიწყო 15 მაისს და გაგრძელდება 15 ნოემბრის ჩათვლით. დაკვირვება ხდება საქართველოს ყველაზე ყურებად და სანდო (CRRC-ის 2013 წლის პოლიტიკური განწობების კვლევის მიხედვით) სატელევიზიო არხების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე, თუ როგორ შუქდება ამ არხებზე პოლიტიკური პარტიები, მთავრობა, პრეზიდენტი, პოლიტიკური და საარჩევნო პროცესები. ასევე იცავენ თუ არა ტელევიზიები ჟურნალისტურ სტანდარტებს და ეთიკას. მონიტორინგი კეთდება შემდეგ არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია, მეცხრე არხი და აჭარის ტელევიზია. მონიტორინგი მოიცავს როგორც რაოდენობრივ ისე თვისებრივ კომპონენტებს: მონიტორინგის თითოეულ სუბიექტისთვის დათმობილი დრო, დათმობილი დროიდან პირდაპირი და ირიბი საუბრის განაწილება, გაშუქების ტონი, მიკერძოებული გაშუქება, მუსიკითა და კადრებით მანიპულირების შემთხვევები და ა.შ.
პირველი ანგარიში დაიწერა ივნისის მეორე ნახევარში და მოიცვა 15 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით პერიოდი. 2013 წლის წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი თვის შედეგებით შეიძლება, ითქვას, რომ ტელევიზიები ჯერ საარჩევნო რეჟიმზე არ გადასულან. ნაკლებად კეთდება აქცენტი საპრეზიდენტო კანდიდატებზე. მონიტორინგის ქვეშ მყოფი სატელევიზიო არხები თავის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ძირითადად ყველა მნიშვნელოვან ამბავს აშუქებდნენ, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა რომელიმე არხი თავისი საინფორმაციო პოლიტიკის შესაბამისად, ამა თუ იმ ამბავს ყურადღების მიღმა ტოვებდა.მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრი ტენდენციურობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ არ გამოვლენილა, მაინც შესამჩნევი იყო არხების პოლიტიკური მიკერძოება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პრეზიდენტის უარყოფითი წარმოჩენით გამოირჩეოდნენ მეცხრე არხი, იმედი და შედარებით ნაკლებად, კავკასია. რუსთავი 2 ამ სუბიექტებს უფრო დადებითი კუთხით აშუქებდა. მაესტროზე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველაზე ნაკლებად შეინიშნებოდა მიკერძოებულობა რომელიმე მხარის მიმართ. აჭარის ტელევიზიაზე ნაკლებად ისმოდა კრიტიკა და ძირითადად ადგილობრივი ხელისუფლება შუქდებოდა დადებითად.ანგარიშის სრული ვერსია ქართულად შეგიძლიათ იხილოთ აქ და ასევე ვებგვერდზე: www.mediamonitor.ge.
თანდართული ფაილები: