შვეიცარიის განვითარების კორპორაციის (SDC) დაფინანსებით Mercy Corps საქართველომ განახორციელა ალიანს კავკასიის პროგრამა (ALCP), რომელიც 2008 წელს სამცხე-ჯავახეთში დაიწყო. ამჟამად პროგრამის ოთხწლიანი ფაზა მიმდინარეობს (2017-2021). იგი მესაქონლეობის სფეროში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რეგიონულ თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას. პროგრამის ფარგლებში შეიქმნა რძის პროდუქტების მწარმოებელი ისეთი მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრადი განვითარების მოდელი, რომლებიც ადგილობრივი ნედლეულით მარაგდებიან. ალიანს კავკასიის პროგრამა გრძელდება იმ მიზნით, რომ მეტ მდგრადობას მიაღწიოს რძის პროდუქტების მცირე და საშუალო ზომის წარმოების სფეროში და ხელი შეუწყოს ბაზრის განვითარებას, რაც მოიცავს როგორც ბიზნესის სამართლიან ზრდას, ასევე ნედლეულის მომწოდებელთა განვითარებასა და მომხმარებელთათვის არჩევანის უზრუნველყოფას.
ალიანს კავკასიის პროგრამის (ALCP) ერთ-ერთი კომპონენტია ყველისა და ხორცის მომხმარებელთა კვლევა. ამ კომპონენტის ფარგლებში CRRC-საქართველომ ჩაატარა გამოკითხვა მომხმარებელთა საჭიროებებისა და მოლოდინების, მათი ცოდნისა და დამოკიდებულების შესასწავლად; ასევე ყველისა და ხორცის მოხმარების პრაქტიკის საკვლევად საქართველოს ქალაქებში. გამოკითხვის ანალიზი მოიცავდა იმას, თუ რაზე ამახვილებენ ყურადღებას მომხმარებლები ყველის არჩევისა და ყიდვის დროს.
2018 წლის ივნისში CRRC-საქართველომ ჩაატარა საქართველოს ქალაქებში მცხოვრები სრულწლოვანი მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვა. გამოკითხვა ასევე წარმომადგენლობითია დედაქალაქის მოსახლეობისთვის. გამოკითხვაში რესპონდენტების გამოპასუხების დონე 50% იყო. ჩატარდა 1500 დასრულებული ინტერვიუ. ცდომილების საშუალო ინტერვალია 2.3%.
ანგარიში ინგლისურ ენაზე.