2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მონიტორინგის მიზნით, CRRC-საქართველომ ჩაატარა არჩევნებთან დაკავშირებული სტატისტიკის რაოდენობრივი ანალიზი საარჩევნო ექსპერტიზის სფეროს მეთოდების გამოყენებით. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოეწყო მრგვალი მაგიდა „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინასწარი ანალიზის“ წარსადგენად. CRRC-საქართველოს პოლიტიკის ანალიტიკოსმა, დასტინ გილბრეთმა წარმოადგინა წინასწარი ანალიზის შედეგები, მათ შორის გამოწვევები და გამოწვევების საპასუხოდ შემუშავებული რეკომენდაციები.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები იყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საერთაშორისო გამჭვირვალობის (TI), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლები და აკადემიკოსები.
საერთო ჯამში, CRRC-საქართველოს დასკვნით, ოფიციალური საარჩევნო სტატისტიკა ავლენს სტატისტიკურ ანომალიების იგივე რაოდენობას, როგორც 2012 წელს. იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის არჩევნები შეფასდა როგორც თავისუფალი და სამართლიანი, ჩვენ დავასკვენით, რომ 2016 წლის არჩევნებიც იყო თავისუფალი და სამართლიანი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა საარჩევნო პროცედურების ხარისხიანად ჩატარების თვალსაზრისით, ერთი განმეორებადი პრობლემა ხმების ჩაწერას უკავშირდება. არჩევნების ოფიციალური მონაცემების შემოწმების შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს აქვთ მნიშვნელოვანი გზა გასავლელი ხმების ჩაწერის გასაუმჯობესებლად.
გამოვლენილი ორი ძირითადი ლოგიკური შეუსაბამობა მოიცავს:
- კენჭისყრაზე მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე მეტი ხმა და ბათილი ბიულეტენები (რაც უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე მეორე);
- კენჭისყრაზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლები ხმა და ბათილი ბიულეტენები;
რეკომენდაციები მოიცავდა პროტოკოლის პროცესის სტანდარტიზაციას, რადგან ზოგჯერ ხელნაწერი ძალიან რთულია წასაკითხად; ხმის მიცემის პროცესის დიგიტალიზაციას, თუმცა შესაძლებელია ელექტრონული ხმის მიცემის კაბინების, ან ელექტრონული პროტოკოლის ჩანაწერების შექმნა, რაც ფაქტობრივად უფრო ეკონომიურია; ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობის გაზრდას; ცესკოს საარჩევნო პორტალის გაუმჯობესებას; და ალოგიკური პროტოკოლების დაუყონებლივ მონიშვნასა და გამოძიებას.
კვლევა ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის„საარჩევნო გაყალბების გამოვლენა მონაცემთა ანალიზის გზით“ (DEFDA) ეგიდით. კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ CRRC-საქართველოს ეკუთვნის და არ ასახავს შეერთებული შტატების მთავრობის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ან მასთან დაკავშირებულ პირთა შეხედულებებს.
პროექტის საბოლოო ანგარიში მალე გახდება ხელმისაწვდომი.