
საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა ჯერ არ არის, თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანება მთავრობის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს. 2019 წლის გაზაფხულზე, CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით (ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულება და ცოდნის შეფასება), ხვალ რომ რეფერენდუმი ტარდებოდეს, საქართველოს მოსახლეობის 71% მხარს დაუჭერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხოლოდ 10% იქნებოდა ამის წინააღმდეგი და 7% საერთოდ არ მიიღებდა მონაწილეობას რეფერენდუმში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა აშკარად მაღალია, ხალხი პესიმისტურად არის განწყობილი იმის მიმართ, თუ რა დრო დასჭირდება საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.