სომხეთსა და საქართველოში ტრადიციული გენდერული როლები დღესაც განსაზღვრავს ოჯახში შრომის განაწილებას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საოჯახო საქმეებზე კაცები სრულად არიან პასუხისმგებლები და ზოგიერთს მეტ-ნაკლებად თანაბრად იზიარებენ ოჯახის ქალ წევრებთან ერთად, ძირითადად, საოჯახო საქმეებზე პასუხისმგებელი მაინც ქალები არიან.
მამაკაცებსა და ქალებს განსხვავებული შეხედულებები აქვთიმის შესახებ, თუ ვინ რამდენს აკეთებს ოჯახში. გაეროს ქალთა კვლევის მონაცემები ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობისადა არაფორმალურ სექტორიში ჩართულობისშესახებ, აჩვენებს, რომ მამაკაცები უფრო მეტად აფასებენ თავიან წვლილს საოჯახო საქმეებში ვიდრე ქალები.
სომხეთსა და საქართველოში გამოკითხულთა უმრავლესობა საოჯახო საქმეებს გენდერული როლების მიხედვით ყოფს. როგორც ქვემოთ დიაგრამაზე არის მოცემული, კითხვაზე, თუ ვინ არის ოჯახში კონკრეტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი, ხალხი პასუხობს, რომ ძირითადად ქალები ასუფთავებენ, ამზადებენ საჭმელს და რეცხავენ. საქართველოში უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ კაცები ინაწილებენ ბავშვზე ზრუნვას: აქ გამოკითხულთა 28% ამბობს, რომ კაცი და ქალი თანაბრად ზრუნავს ბავშვზე, რასაც სომხეთში მოსახლეობის მხოლოდ 12% ეთანხმება.
კაცებს უფრო ნაკლები საოჯახო მოვალეობა აკისრიათ. საოჯახო საქმეების გრძელ ჩამონათვალს შორისაა სახლში ნივთების შეკეთება – ერთადერთი საქმიანობა, რომელზეც ძირითადად მამაკაცები არიან პასუხისმგებელნი. სურსათის ყიდვა თანაბრად ნაწილდება ორივე სქესს შორის. კიდევ ერთი საოჯახო საქმიანობა, რომელიც შედარებით თანაბრად ნაწილდება, ოჯახის სხვა წევრების მოვლაა, მოხუცების, ავადმყოფების და შშმ პირების ჩათვლით. თუმცა, აქაც ქალების წვლილი უფრო მეტია. პროცენტული მაჩვენებლები სომხეთსა და საქართველოში ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება.
კაცებსა და ქალებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ ნაწილდება საოჯახო საქმიანობა. მონაცემების მიხედვით, კაცები უფრო მეტად აფასებენ საკუთარ წვლილს საოჯახო საქმეებში, ვიდრე ეს რეალურად არის.
ბევრ საოჯახო საქმეში, კაცები ქალებზე უფრო ხშირად ამბობენ, რომ მოვალეობები თანაბრად ნაწილდება. მეორე მხრივ, კი ქალები აღიარებენ, რომ საოჯახო საქმეები ძირითადად მათი მოვალეობაა. სხვაობა საქართველოში უფრო დიდია, სადაც კაცები აცხადებენ, რომ უფრო ჩართულები არიან საოჯახო საქმეებში, ვიდრე სომხეთში.
ეს განსხვავება უფრო დიდია იმ საოჯახო საქმიანობებში, რომლებშიც კაცებმა დაასახელეს თანაბარი ჩართულობა. მაგალითად, როგორც ქვემოთ არის მოცემული, სომხეთში გამოკითხული კაცების 20% და საქართველოში 40% აცხადებს, რომ ბავშვზე ზრუნვა თანაბრად ნაწილდებოდა. ამ მოსაზრებას სომხეთში გამოკითხულ ქალთა მხოლოდ 7% და საქართველოში 18% დაეთანხმა. რაც შეეხება სურსათის შეძენას, სომხეთსა და საქართველოში კაცების 57%-მა განაცხადა, რომ ქალები და კაცები თანაბრად ინაწილებენ ამ მოვალეობას. ასე სომხეთში ქალების მხოლოდ 39%, ხოლო საქართველოში – 42% ფიქრობს.
საგულისხმოა, რომ აღწერილი ტენდენცია მხოლოდ სომხეთს ან საქართველოს არ ახასიათებს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც კი, როდესაც ორივე მშობელი მუშაობს და შრომაც უფრო თანაბრად ნაწილდება, ქალები, როგორც წესი, უფრო მეტ საოჯახო საქმეს აკეთებენ, ვიდრე კაცები. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კაცები ახლა უფრო ჩართულები არიან საოჯახო საქმეებში, ვიდრე ადრე, ისინი მაინც არ აკეთებენ იმდენს, რამდენსაც ქალები. ასევე, უფრო მეტი კაცი ამბობს, რომ მოვალეობები თანაბრად ნაწილდება.
სომხეთსა და საქართველოში, დახარჯული დროის თვალსაზრისით, ქალები უფრო მეტ დროს ხარჯავენ საოჯახო საქმეებზე. კაცები და ქალები სურსათის შეძენაზე დაახლოებით ერთნაირ დროს ხარჯავენ, ხოლო კაცები უფრო მეტ დროს უთმობენ სახლში ნივთების შეკეთებას. სამაგიეროდ, კაცების მიერ ამ საქმიანობაზე გაწეული საერთო დრო ბევრად ნაკლებია, ვიდრე რასაც ქალი ბავშვების მოვლას, საჭმლის კეთებას და დასუფთავებას უთმობს.
რას ფიქრობენ კაცები და ქალები ამის შესახებ? ამ განსხვავების მიუხედავად, სომხეთსა და საქართველოში გამოკითხულთა უმრავლესობა ოჯახში საქმეების გადანაწილებით კმაყოფილია. სომხეთში გამოკითხული კაცების მხოლოდ 6%-მა, ქალების 10%-მა, საქართველოში კაცების 5% და ქალების 9% თვლის, რომ ოჯახში საქმეების გადანაწილებით უკმაყოფილო, ან ძალიან უკმაყოფილოა.
გენდერულ სტერეოტიპებს ოჯახური საქმიანობების განაწილებაში ორივე ქვეყანაში ღრმა ფესვები აქვს. ქალები საოჯახო საქმეების უმეტესობაზე არიან პასუხისმგებელნი, ხოლო სახლში ნივთების შეკეთება ძირითადად კაცების მოვალეობაა. მაშინაც კი, როცა კაცები თვლიან, რომ საოჯახო საქმეებში მონაწილეობას იღებენ, სინამდვილეში, ქალები გაცილებით მეტს შრომობენ.
ამ საკითხის შესახებ მეტის გასაგებად შეგიძლიათ, მონაცემთა ონლაინ-ანალიზის ვებგვერდს გაეცნოთ.
წინამდებარე ბლოგი მხოლოდ ავტორების შეხედულებებს წარმოადგენს და არ უკავშირდება „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ მოსაზრებებს.