მომსახურება

CRRC-საქართველო არის არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ. CRRC-საქართველო სომხეთისა და აზერბაიჯანის ცენტრებთან ერთად ქმნის კვლევითი ცენტრების ქსელს, რომლის მიზანია საზოგადოებრივი მეცნიერებების კვლევებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის განვითარება სამხრეთ კავკასიაში.

სამივე ცენტრი დაფუძნდა 2003 წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის დაფინანსებით. 2013 წლიდან CRRC-საქართველო და CRRC-სომხეთი საქმიანობას დამოუკიდებელი არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით აგრძელებენ.

CRRC-საქართველოს აქვს მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ათ წელზე მეტი გამოცდილება მკვლევრების, მთავრობების, დონორებისა და კერძო სექტორისათვის საქართველოში და რეგიონში არსებული ტენდენციებისა და მოლოდინების შესახებ. CRRC-საქართველო გთავაზობთ კვლევებს, ანალიზსა და ტრენინგს სანდო მეთოდოლოგიით, რომელიც მოსახლეობის ჯგუფებისა და ქვეყნების შედარების შესაძლებლობას იძლევა.

*პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი – შპს “მონაცემთა დაცვის გუნდი” (ელ.ფოსტა: dptinfo@proton.me; ტელ: 577551193)

ტრენინგი

CRRC აწყობს ტრენინგის კურსებს, სემინარებს და ლექციებს სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა საკითხებზე. მოწვეული ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები ატარებენ ლექციებსა და ტრენინგებს როგორც ადგილზე, ასევე რეგიონებში.

მეთოდოლოგიური ტრენინგები და ლექციები

CRRC-ის მეთოდოლოგიური ტრენინგების ყურადღების ცენტრშია ადგილობრივი მკვლევრების უნარ-ჩვევების თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოვება და პრაქტიკული შესაძლებლობებით უზრუნველყოფა სტატისტიკისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების პაკეტების მიწოდებით. ეს პროგრამა ხელს უწყობს კვლევის ეფექტურობის ამაღლებას და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის უკეთ გამოკვლევას.

საორიენტაციო ტრენინგები

CRRC აგრეთვე ატარებს საორიენტაციო ტრენინგებს ცენტრის მიერ შეთავაზებული კვლევითი რესურსების წარდგენისა და მათი გამოყენების ეფექტური მეთოდების გაცნობის მიზნით.

კონფერენციები და მრგვალი მაგიდები

CRRC იწვევს მკვლევრებს, სახელმწიფო მოხელეებს და სხვა პრაქტიკული საქმიანობით დაკავებულ პროფესიონალებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნიდან რეგიონში საზოგადოებრივი პოლიტიკის საკვანძო საკითხებისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის ფორმირებაში არსებული რეგიონალური ტენდენციების განსახილველად, რითაც ხელს უწყობს დისციპლინათაშორის დიალოგს მკვლევრებსა და პრაქტიკული საქმიანობით დაკავებულ პროფესიონალებს შორის. ცენტრი უზრუნველყოფს ინფორმაციითა და საგანმანათლებლო საკითხებში დახმარებით ახლად შექმნილ საზოგადოებრივი პოლიტიკის შემსწავლელ ინსტიტუტებს მკვლევრებისა და პრაქტიკული საქმიანობით დაკავებული პროფესიონალებისათვის ქსელური ურთიერთობების შექმნისათვის მრავალმხრივი შესაძლებლობების შეთავაზებით.

სხვა ტრენინგები
ტრენინგი კვლევის უნარებსა და მეთოდებში

ტრენინგების სერია კვლევის უნარებსა და მეთოდებში მოიცავს სემინარებს/ვორკშოფებს კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდებისა და მონაცემთა ანალიზის შესახებ. იგი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

  1. შესავალი: კვლევის ტიპები, უპირატესობები და სირთულეები
  2. კვლევის დიზაინი (შერჩევა/წონები)
  3. ფოკუსური ჯგუფები
  4. კითხვარის შედგენა
  5. სტატისტიკის საწყისები/SPSS (2 სემინარი)
  6. პრეზენტაციები (მონაცემების პრეზენტაცია; დიაგრამები)
ტრენინგი SPSS-ისა და კავკასიის ბარომეტრის ბაზების გამოყენებაზე

ტრენინგი იწყება სტატისტიკური პროგრამა SPSS-ისა და მისი ძირითადი ფუნქციების მიმოხილვით. სემინარზე ისწავლით, თუ როგორ ამოიღოთ CRRC-ის “კავკასიის ბარომეტრის” მონაცემები SPSS პროგრამით და გააკეთოთ ანალიზი. რადგანაც კავკასიის ბარომეტრი საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს, როგორებიცაა პოლიტიკისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ დამოკიდებულება, ეკონომიკური მდგომარეობა, რელიგიური რწმენები, ჯანმრთელობის საკითხები, სოციალური ქსელები, ამიტომ იგი სასარგებლოა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სხვადასხვა ასპექტზე მომუშავე მკვლევარებისთვის.

შერჩევის დიზაინი და მონაცემთა ანალიზი

შერჩევის დიზაინისა და მონაცემთა ანალიზის კურსი ძირითად აქცენტს აკეთებს კომპლექსური გამოკითხვების მონაცემთა ანალიზზე (მაგალითად, CRRC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვები) და ასეთი გამოკითხვების დიზაინზე. მაშინ, როცა ბევრ ადგილობრივ პროფესიონალს აქვს განათლება ძირითად სტატისტიკაში, ეს უნარები მკვლევარებს საშუალებას აძლევს, იმუშავონ მხოლოდ მარტივ შემთხვევით შერჩევებზე. თუმცა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის რეალობიდან და იმ შეზღუდვებიდან გამომდინარე, რაც CRRC-სა და მსგავს ორგანიზაციებს აქვთ, მარტივი შემთხვევითი შერჩევის გაკეთება შეუძლებელია და საჭიროა კომპლექსური გამოკითხვის დიზაინი. მანამდე თბილისში არ არსებობდა კომპლექსური გამოკითხვის დიზაინში ტრენინგი, ამიტომ შერჩევის დიზაინი და მონაცემთა ანალიზის საკვანძო კომპონენტები უცხოელების მიერ კეთდებოდა. ამ კურსის მთავარი მიზანია, შესაძლებლობა მისცეს მონაწილეებს, გააანალიზონ CRRC-ის “კავკასიის ბარომეტრის” ტიპის კომპლექსური გამოკითხვების მონაცემები და შეადგინონ ასეთი გამოკითხვების დიზაინი. უფრო ფართო მიზანია, შეიქმნას კვლევის რესურსი CRRC-ის თანამშრომლებსა და სხვა ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის.

კურსი მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: (i) მარტივი შემთხვევითი შერჩევა; (ii) სტრატიფიცირებული შერჩევა; (iii) კლასტერული შერჩევა; (iv) კომპლექსური შერჩევა.

i. მარტივი შემთხვევითი შერჩევა განიხილავს მარტივი ალბათობის შერჩევას, შერჩევის განაწილებას, მოსახლეობის პარამეტრების განსაზღვრას შერჩეული ჯგუფიდან და საჭირო შერჩევის ზომის გამოთვლებს.

ii. სტრატიფიცირებული შერჩევის საკითხი მოიცავს სტრატიფიცირების მოტივაციას, სტრატიფიცირებული შერჩევის დიზაინს და ასეთი შერჩეული ჯგუფის მონაცემებით მოსახლეობის პარამეტრების განსაზღვრას.

iii. კლასტერული შერჩევა ეხება კლასტერული შერჩევის სხვადასხვა ტიპებს, კლასტერული შერჩევის გამოყენების მიზეზებს, დიზაინს და კლასტერული შერჩევის ჯგუფებისგან მოსახლეობის პარამეტრების განსაზღვრას.

iv. კომპლექსური შერჩევა ახდენს წინა სამი თემის საკითხების ინტეგრაციას, რადგანაც კომპლექსური გამოკითხვების დიზაინი შედგება მარტივი შემთხვევითი, სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის კომბინაციებისგან. ეს თემა მოიცავს კომპლექსური გამოკითხვის დიზაინის შედგენას და ასეთი ტიპის შერჩეული ჯგუფისგან მოსახლეობის პარამეტრების განსაზღვრას.