საქართველოში კლებულობს ოპტიმიზმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა ჯერ არ არის, თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანება მთავრობის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს. 2019 წლის გაზაფხულზე, CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით (ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულება და ცოდნის შეფასება), ხვალ რომ რეფერენდუმი ტარდებოდეს, საქართველოს მოსახლეობის 71% მხარს დაუჭერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხოლოდ 10% იქნებოდა ამის წინააღმდეგი და 7% საერთოდ არ მიიღებდა მონაწილეობას რეფერენდუმში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა აშკარად მაღალია, ხალხი პესიმისტურად არის განწყობილი იმის მიმართ, თუ რა დრო დასჭირდება საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

2009 წლის შემდეგ ევროკავშირის შესახებ გამოკითხვაში რესპონდენტებს ვეკითხებით, თუ „როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, 5 წელიწადში ან უფრო ნაკლებ დროში, 6-10 წელიწადში, 10 წელზე მეტ დროში თუ არასდროს?“ ქვემოთ მოცემული დიაგრამა აჩვენებს, რომ ოპტიმიზმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კლებულობს. რესპონდენტები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველო ევროკავშირში 5 წელიწადში ან ნაკლებ დროში გაწევრიანდება, ბოლო 10 წლის განმავლობაში განახევრდა. 2009 წელს ეს მაჩვენებელი 30% იყო, 2019 წელს კი – 15%. გარდა ამისა, იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც თვლიან, რომ საქართველო ევროკავშირში 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ გაწევრიანდება და ვინც ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირში არასდროს გაწევრიანდება, გაიზარდა – 2009 წელს 10%-დან 2019 წელს 19%-მდე და 2009 წელს 1%-დან 2019 წელს 11 პროცენტამდე. შესაბამისად, ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობაში ოპტიმიზმი ამ საკითხთან დაკავშირებით შემცირდა.

არსებული ვითარების უკეთ გასაგებად, ჩატარდა ევროკავშირის კვლევის 2019 წლის ტალღის შემდგომი ანალიზი. ანალიზმა აჩვენა, რომ სქესი, ასაკი, დასახლების ტიპი და განათლების დონე დაკავშირებულია ხალხის შეხედულებებთან. ზოგადად, 55 წელზე უფროსი ადამიანები ნაკლებ ოპტიმიზმს ამჟღავნებენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, ვიდრე 18-დან 35-წლამდე ასაკის ადამიანები. ქალი რესპონდენტები ნაკლებად პესიმისტურები არიან მამაკაც რესპონდენტებთან შედარებით.

გარდა დემოგრაფიული ცვლადებისა, პარტიების მიმართ სიმპათიაც მოქმედებს ხალხის მოლოდინზე. მონაცემების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ არ იციან ან უარს ამბობენ უპასუხონ, თუ რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, ნაკლებად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ვიდრე ქართული ოცნების მომხრეები.

შენიშვნა: ზემოთ მოცემულ გრაფიკზე საბაზისო ცვლადებად აღებულია შემდეგი ცვლადები: კაცი, 18-34 ასაკობრივი ჯგუფი, სოფელი, ქართული დასახლებები, უმაღლესი განათლება, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო. კატეგორია „არცერთი პარტია“ აერთიანებს მათ, ვინც კითხვაზე „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ უპასუხა „არცერთი“. კატეგორია „სხვა პარტია“ აერთიანებს მათ, ვინც დაასახელა ის პარტია, რომელიც ზემოთ მოცემულ ჩამონათვალში ნაჩვენები არ არის. 

ოპტიმიზმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მცირდება და ეს ტენდენცია 2013 წლიდან დაიწყო. 55 წელზე უფროსი ადამიანები, რომლებიც არცერთ პარტიას არ უჭერენ მხარს, ასევე პატრიოტთან ალიანსის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები უფრო პესიმისტურები არიან ამ საკითხთან მიმართებაში, ვიდრე ქართული ოცნების მომხრეები.

შენიშვნა: მოცემული ანალიზი დაფუძნებულია მულტინომინალურ ლოგისტიკურ რეგრესიულ ანალიზზე, სადაც დამოკიდებულ ცვლადად აღებულია „როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი?“ ანალიზში გამოყენებულია შემდეგი დამოუკიდებელი ცვლადები: პარტიის მხარდაჭერა, სქესი, ასაკობრივი ჯგუფი, ეთნიკურობა, დასახლების ტიპი, და განათლების დონე. ამ ბლოგში გამოყენებული მონაცემები ხელმისაწვდომია CRRC-საქართველოს მონაცემთა ონლაინ ანალიზის გვერდზე.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები