პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია

2019 წლის 23 თებერვალს „რუსთავი 2“-ზე გავიდა სტუდია მონიტორისა და რადიო თავისუფლების საგამოძიებო ფილმი 8 წელი სამართლის ძიებაში. ფილმი შეეხებოდა „საქართველოს რკინიგზის“ მიერ რკინიგზის შემოვლითი გზის მშენებლობის დროს მოქალაქეებისგან შეძენილ მიწებში არასამართლიანი საფასურის გადახდას და ამ საკითხზე სასამართლო დავას.  2019 წლის 7-15 მარტს, CRRC საქართველომ ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა, რათა გაერკვია, უყურა თუ არა საქართველოს მოსახლეობამ ფილმს და რა დამოკიდებულებები აქვთ ფილმში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.  გამოკითხვა შეიცავდა კითხვებს, რომლებიც ზომავდა მოსახლეობის დამოკიდებულებას პროკურატურის მიმართ. მიღებული შედეგების მიხედვით, მოსახლეობის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ გაყოფილია. მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც შეხება ჰქონია პროკურატურასთან, მეტად უარყოფითადაა განწყობილი მის მიმართ, ვიდრე ისინი, ვისაც პროკურატურასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

ფილმი „8 წელი სამართლის ძიებაში“ გადაიცა რუსთავი 2-ის ეთერში და გამოქვეყნდა მათ ვებგვერდზე. გარდა ამისა, ფილმი განთავსდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდებსა და ფეისბუქ გვერდებზეც. გამოკითხვის მიხედვით, ქართულენოვანი მოსახლეობის მხოლოდ 2%-მა ნახა ფილმი. გამოკითხულთა დიდმა უმრავლესობამ ფილმს რუსთავი 2-ზე უყურა და მათმა დიდმა ნაწილმა ფილმი დამაჯერებლად მიიჩნია.

რესპონდენტებს ჰკითხეს, რამდენად ენდობიან ან არ ენდობიან საქართველოს პროკურატურას. გამოკითხვამ აჩვენა, რომ აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობის დამოკიდებულება გაყოფილია. 40% ამბობს, რომ სრულად ან ნაწილობრივ ენდობა პროკურატურას საქართველოში, ხოლო თითქმის იგივე რაოდენობა (39%) არ ენდობა მას.  ყოველმა მეხუთემ (20%) მიუთითა პასუხი „არ ვიცი“ ან კითხვას პასუხი არ გასცა.

ისინი, ვისაც ბოლო წლებში თავად ჰქონიათ შეხება პროკურატურასთან ან მათი ოჯახის წევრს/მეგობარს ჰქონია პროკურატურასთან შეხება,მოსახლეობის დანარჩენ ნაწილთან შედარებით ნაკლებად ენდობა პროკურატურას. პროკურატურასთან მოსახლეობის მხოლოდ 8%-ს ჰქონია გარკვეული შეხება. მათგან მხოლოდ 28% ენდობა პროკურატურას, 59% კი არ ენდობა მას. შედარებისათვის, მოსახლეობის იმ ნაწილიდან, რომელსაც შეხება არ ჰქონია პროკურატურასთან, 38% არ ენდობა უწყებას, ხოლო 41% ენდობა მას.

შედარებით ასაკოვანი მოსახლეობა უფრო ნაკლებად ენდობა პროკურატურას საქართველოში. 18-35 წლის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (46%) ამბობს, რომ ენდობა, ხოლო 38% არ ენდობა მას. 16%-მა არ იცის ან უარი განაცხადა პასუხზე. დაახლოებით იგივე განაწილებაა 36-55 წლის მოსახლეობაშიც, სადაც 45% ენდობა, ხოლო 38% არ ენდობა პროკურატურას, 23% აფიქსირებს პასუხებს „არ ვიცი“ ან „უარი პასუხზე“. 55 წელს ზემოთ მოსახლეობა ნაკლებად ენდობა პროკურატურას, 29% ენდობა, ხოლო 47% არ ენდობა მას. ამ კატეგორიაშიც 24%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხის გაცემაზე.  უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობაში ნდობის მაჩვენებელი შედარებით მაღალია (47%) მაშინ, როდესაც საშუალო (36%) და ტექნიკური (35%) განათლების მქონე ადამიანები ნაკლებად ენდობიან პროკურატურას.

მოსახლეობა ეჭვქვეშ აყენებს პროკურატურის დამოუკიდებლობას. მოსახლეობის მხოლოდ 7% აცხადებს, რომ პროკურატურა სრულიად დამოუკიდებელია. თითქმის ყოველი მეხუთე სრულწლოვანი მოქალაქის (19%) აზრით, პროკურატურა უფრო დამოკიდებელია, ვიდრე დამოუკიდებელი. 32%-ის აზრით, პროკურატურა უფრო არ არის დამოუკიდებელი, ვიდრე არის, ხოლო თითქმის ყოველი მეათე (12%)თვლის, რომ პროკურატურა საერთოდ არ არის დამოუკიდებელი.  უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობა (32%) უფრო მეტად თვლის, რომ პროკურატურა დამოუკიდებელია, ვიდრე ტექნიკური (23%) ან საშუალო (22%) განათლების მქონე ადამიანები. ამავდროულად, ახალგაზრდები უფრო ხშირად ამბობენ, რომ პროკურატურა დამოუკიდებელია, ვიდრე მათზე უფროსები (18-35: 37%; 36-55: 22%; 56+: 18%).

მოსახლეობას ასევე დაუსვეს კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად დამოუკიდებელი იყო პროკურატურა საქართველოში 2012 წლამდე და მას შემდეგ. თითქმის ყოველი მეათე (13%)ფიქრობს, რომ პროკურატურა 2012 წლამდე უფრო დამოუკიდებელი იყო მაშინ, როდესაც, 26%-ის აზრით, პროკურატურა 2012 წლის შემდეგ უფრო დამოუკიდებელია. 28%-მა უპასუხა, რომ პროკურატურა არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი, ხოლო 2% ამბობს, რომ პროკურატურა ყოველთვის დამოუკიდებელი იყო. 31%-მა ამ კითხვაზე „არ ვიცი“ ან „უარი პასუხზე“ პასუხი დააფიქსირა. ამასთანავე, ახალგაზრდები უფრო მეტად ფიქრობენ, რომ პროკურატურა 2012 წლის შემდეგ უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე მანამდე იყო (18-35: 32%, 36-55: 25%, 56+: 21%).  მცირედი განსხვავებებია სხვა სოციალურ და დემოგრაფიულ ჯგუფებს შორისაც.

ამრიგად, მოსახლეობის აზრი პროკურატურის შესახებ იყოფა. შედარებით ასაკოვანი მოსახლეობა ნაკლებად ენდობა პროკურატურას. იგივე მდგომარეობაა მათთან, ვისაც შეხება ჰქონია პროკურატურასთან. ამასთანავე, უმეტესობის აზრით, პროკურატურა 2012 წლის შემდეგ უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე მანამდე იყო. მოსახლეობის იგივე წილის აზრით კი, პროკურატურა არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი.

 

სატელეფონო გამოკითხვა 2019 წლის 4-19 მარტის პერიოდში ჩატარდა და 815 ადამიანი გამოიკითხა. შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობისთვის. გამოკითხვის ცდომილების საშუალო ზღვარი 2.6%-ია. ბლოგში განხილული შედეგები ყველა ჩატარებულ ინტერვიუს ეფუძნება (815) და მონაცემები შეწონილია ქართულენოვანი მოსახლეობის ძირითადი დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით. გამოკითხვაჩატარდა პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“  ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)მიერ ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.


ბლოგპოსტი დაიწერა ევროკავშირის ხელშეწყობით. მასში წარმოდგენილი მოსაზრებები CRRC-საქართველოსა და IDFI-ის პასუხისმგებლობაა და შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები