მსოფლიოში მედიასაშუალებების პოლარიზაციის შედეგად ადამიანები ახალ ამბებს უფრო მეტად იმ წყაროებიდან ეცნობიან, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმიანება მათ იდეოლოგიურ შეხედულებებს. კონკრეტული იდეოლოგიის გამტარებელი მედიასაშუალების მოხმარება კიდევ უფრო ამყარებს მაყურებლის შეხედულებებს, რაც აუდიტორიის მეტ პოლარიზაციას იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ მედიის მკვლევრები ამას ისეთი განსხვავებული კონტექსტის მქონე შემთხვევების მაგალითზე აღწერენ, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ლიბანი. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია არც ქართული მედიისთვისაა უცხო. 2017 წლის დეკემბერში „CRRC-საქართველოს“ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობაც შერჩევითად ენდობა იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს შეესაბამება.
მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ყველაზე მსხვილი ქართული ტელეკომპანიები „იმედი“ და „რუსთავი 2“ მხარს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას უჭერენ. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეგიდით განხორციელებულმა გრძელვადიანმა მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანიის მსვლელობისას, „იმედი“ მმართველი „ქართული ოცნების“ გაშუქებისთვის პოზიტიურ ან ნეიტრალურ ტონს იყენებდა და სახელისუფლებო პარტიას მეტ საეთერო დროს უთმობდა. ტელეარხი ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ნაკლები დროის მანძილზე აშუქებდა და მისი დახასიათებისას შედარებით მეტად იყენებდა უარყოფით ტონს. ამის საპირისპიროდ, „რუსთავი 2“ მმართველ პარტიას ნეიტრალური ტონით ახასიათებდა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაშუქებისას ტელეკომპანიის სიუჟეტებში ნეიტრალური ან პოზიტიური ტონი ჭარბობდა. ამავდროულად, „ნაციონალურ მოძრაობას“ „რუსთავი 2“-ზე უფრო მეტი საეთერო დრო დაეთმო, ვიდრე – სახელისუფლებო პარტიას.
როგორც CRRC/NDI გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, ისინი, ვინც „ქართულ ოცნებას“ საკუთარ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პოლიტიკურ პარტიად ასახელებენ, პოლიტიკის და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად „იმედს“ უფრო ენდობიან, ვიდრე – „რუსთავი 2-ს“. ამასთან, რესპონდენტები, რომლებიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევენ ყველაზე ახლო მდგომ პარტიად, უფრო მაღალი ალბათობით ენდობიან „რუსთავი 2-ს“. მათ, ვინც კითხვაზე „არცერთი პარტია“ ან „არ ვიცი“ უპასუხა, ან პასუხის გაცემაზე საერთოდაც უარი განაცხადა, სატელევიზიო არხების ნდობასთან დაკავშირებით გამოკვეთილი განსხვავებული დამოკიდებულება არ გააჩნიათ.
ტენდენცია არც დასახლებული პუნქტების მიხედვით იცვლება, ასევე მყარია იმ შემთხვევაში, როცა ვაკონტროლებთ ისეთ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, როგორიცაა სქესი, ასაკი და ეთნიკური კუთვნილება. თბილისელებს, განსაკუთრებით მათ, ვინც საკუთარ შეხედულებებთან ახლო მდგომად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ასახელებენ, სატელევიზიო არხების ნდობასთან დაკავშირებით ყველაზე პოლარიზებული შეხედულებები აქვთ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ იდენტიფიცირებულ ამომრჩევლებს დედაქალაქში „იმედის“ ნდობის შედარებით დაბალი ალბათობა (27%) აქვთ, ხოლო მათ, ვის შეხედულებებთან ახლოსაც „ქართული ოცნება“ დგას, „რუსთავი 2“-ის ნდობის დაბალი ალბათობა (32%) აქვთ.
შენიშვნა: დიაგრამაზე წერტილები „იმედის“ ან „რუსთავი 2“-ის ნდობის პროგნოზირებულ ალბათობას აღნიშნავს დასახლებული პუნქტისა და პარტიული პრეფერენციის მიხედვით, ხოლო ხაზები 95%-იანი სანდოობის ინტერვალებზე მიუთითებს. მაგალითად, იმის ალბათობა, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს და ამასთან თბილისში ცხოვრობს, „იმედს“ ენდობოდეს“, დაახლოებით 63%-ია. თბილისელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის „იმედის“ ნდობის ალბათობა კი 27%-ს შეადგენს. ალბათობები გამოთვლილია ლოგისტიკური რეგრესიული მოდელის მეშვეობით. მონაცემთა რეპლიკაციისთვის საჭირო მასალების ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.
გასაკვირი არაა, რომ ის ადამიანები, ვინც საკუთარ შეხედულებებთან ახლოს რომელიმე კონკრეტულ პარტიას ასახელებენ, პოლიტიკური ახალი ამბების მისაღებად იმ ტელეარხებს ენდობიან, რომლებიც მათ პარტიას პოზიტიურად აშუქებს. სამაგიეროდ, ადამიანები, რომლებსაც პარტიული კუთვნილება არ აქვთ, ტელეარხებისადმი ნდობის თვალსაზრისით, სისტემატიურად არ განსხვავდებიან.
CRRC/NDI-ის კვლევის შედეგების უკეთ გასაცნობად ეწვიეთ CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის პორტალს.