უკან

სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა (FAIR)

ქვეყანა: საქართველო
დონორი: ევროკავშირი
თარიღი: მაისი 2018 - აპრილი 2020
პროექტის მიზანი: 2018 წლის 1 მაისიდან, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ (IDFI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRC) ერთად ახორციელებს პროექტს „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა”.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში, მათი ცნობიერების ამაღლების და მობილიზაციის გზით.
კვლევის დიზაინი: პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება:
  • ბოლო წლების მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად დანერგილი საქმეთა ელექტრონული განაწილების ახალი სისტემის მუშაობისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის მონიტორინგი და პერიოდული მონიტორინგის ანგარიშების მომზადება;
  • სასამართლო ხელისუფლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის და სხვა დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი და ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადება;
  • მოსამართლის როლზე სოციოლოგიური კვლევა პროფესიული ჯგუფების, მათ შორის მოსამართლეების, მონაწილეობით;
  • საზოგადოებრივი აზრის კვლევა სასამართლო რეფორმებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე;
  • სასამართლო სისტემაში მიმდინარე ძირითადი მოვლენების მედიაში გაშუქების მონიტორინგი;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრები მოსამართლეებთან;
  • ვორქშოფი გენდერული ბარიერების დაძლევის გზებზე სასამართლოში;
  • ეტაპობრივი სასტიპენდიო პროგრამების გამოცხადება აკადემიური წრის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და იურისტებისთვის თემატური ბლოგების, სტატიების, ესეების მოსამზადებლად;
  • მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ონლაინ ჟურნალის გამოცემა და პრეზენტაცია თბილისსა და რეგიონებში;
  • ვორქშოფი სტუდენტებისთვის, აქტივისტებისა და დაინტერესებული ჯგუფებისთვის შემდეგ საკითხებზე: ნარკოპოლიტიკა, საჯარო პროტესტები, ურბანული საკითხები, თანასწორობის თემები და მართლმსაჯულების სისტემის როლი.

CRRC-საქართველო პროექტის ფარგლებში ატარებს მოსახლეობის საბაზისო გამოკითხვას, სატელეფონო გამოკითხვების ოთხ ტალღას, სასამართლოების გაშუქების მონიტორინგს მედიაში და თვისებრივ კვლევას მოსამართლის როლზე პროფესიულ ჯგუფებთან.
მასალები:
სატელეფონო გამოკითხვის პირველი ტალღა ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას დაუკავშირდა და ჩატარდა 2018 წლის ივნისში.
სატელეფონო გამოკითხვის მეორე ტალღა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს დაუკავშირდა და ჩატარდა 2019 წლის იანვარ-თებერვალში.
სატელეფონო გამოკითხვის მესამე ტალღა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას ეხება და ჩატარდა 2019 წლის სექტემბერში.
სატელეფონო გამოკითხვის მეოთხე ტალღა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნას ეხება და ჩატარდა 2020 წლის იანვარ-თებერვალში.

მოსახლეობის საბაზისო გამოკითხვა სასამართლო სისტემის შესახებ ცოდნასა და დამოკიდებულებაზე 2018 წლის სექტემბერში ჩატარდა. გამოკითხვის მოკლე და სრული ანგარიშები და პრეზენტაციის დღის პრესრელიზი ხელმისაწვდომია აქვე, გამოკითხვის ბაზა კი - მონაცემთა ონლაინ ანალიზის გვერდზე.

თვისებრივი კვლევა მოსამართლის როლზე სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში: ანგარიში (ქართულ ენაზე).

მოსახლეობის გამოკითხვა სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე 2020 წლის თებერვალ-მარტში ჩატარდა. გამოკითხვის ანგარიში ხელმისაწვდომია აქვე. გამოკითხვის მონაცემთა ბაზა ჩამოსატვირთად და ონლაინ გასაანალიზებლად ხელმისაწვდომია CRRC-საქართველოს მონაცემთა ონლაინ ანალიზის გვერდზე.