უკან
ოთხშაბათი | 24 მაისი, 2017

„ხიშნიკები“ საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაზიდვების ბაზარზე

თუ თბილისიდან ქალაქგარეთ წასასვლელად ავტოსადგურში მისულხართ, აუცილებლად შეგეგებებოდათ ვინმე, გკითხავდათ მარშრუტს და, რბილად რომ ვთქვათ, მიგაცილებდათ რომელიმე სამარშრუტო ტაქსთან ან მინივენთან, რომელიც, როგორც ამბობენ ხოლმე, ძალიან მალე გადის. სამარშრუტო ტაქსები, მსუბუქი მანქანები და მინივენები, ალბათ, ავტოსადგურის ტერიტორიაზეც შეგინიშნავთ და მის გარეთაც. არც თუ ისე იშვიათად ავტოსადგურების გარე ტერიტორიაზე მდგომი ავტოტრანსპორტი, რომელიც საქართველოს რომელიმე ქალაქისკენ/სოფლისკენ მიემართება, ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის, ავტოსადგურისა და სახელმწიფოს გადასახადს არ იხდის და არავის მიმართაა ანგარიშვალდებული. ოფიციალურ ენაზე მათ არარეგისტრირებულ გადამზიდავებს უწოდებენ, რეგისტრირებული მძღოლები კი „ხიშნიკებად“ მოიხსენიებენ. ავტოსადგურების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მძღოლები „ხიშნიკებს“ აღიქვამენ კონკურენტებად, რომლებიც კონკურენციის უთანასწორო პირობებს ქმნიან, რადგან მგზავრებს და, შესაბამისად, შემოსავალს ართმევენ - არ იხდიან სახელმწიფოსა და ავტოსადგურების გადასახადს, ამიტომაც უფრო დაბალ ფასად მგზავრობას სთავაზობენ ხალხს.

როგორ გაჩნდნენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სფეროში ე.წ. „ხიშნიკები“? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მათ ყოფნას ბაზარზე? ეს ბლოგი ამ საკითხებს მიმოიხილავს CRRC-საქართველოს მიერ 2016 წელს ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც გამოვკითხეთ საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, მგზავრები და ავტოსადგურების (დიდუბე, ნიგე, ტრანსდიდუბე, დედაქალაქი, ისანი და ორთაჭალა) ადმინისტრაციის წარმომადგენლები და უშუალოდ დავაკვირდით რეგისტრირებულ სამარშრუტო მძღოლებს.

ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სფეროში სამგზავრო მიმოსვლის დერეგულაცია მოხდა, რომლის ძირითადი მოტივიც კორუფციის აღმოფხვრა იყო. რეგულაციების ნაკლებობას ქვეყანაში არსებული უმუშევრობის ფონზე (2016 წლის ნოემბრის გამოკითხვაში საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის ორი მესამედი - 66% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს) არარეგისტრირებული გადამზიდავების გამოჩენა მოჰყვა ბაზარზე. არარეგისტრირებული გადამზიდავები, კერძო პირები არიან საკუთარი ავტომობილებით, რომლებიც თავად ადგენენ მგზავრობის მარშრუტებს და გრაფიკს. ისინი რეგისტრირებული ავტოსადგურების მახლობლად დგანან და ავტოსადგურისკენ მიმავალ მგზავრებს ნებისმიერი მიმართულებით გადაყვანას სთავაზობენ.

საქალაქთაშორისო გადაადგილების სფეროში არარეგისტრირებული გადამზიდავების მუშაობას გარკვეული დადებითი მხარეები აქვს. ერთის მხრივ, ეს მგზავრებისთვის შესაძლებელს ხდის მოსახერხებელ და სწრაფ მომსახურებას. მგზავრებს არ უწევთ დიდხანს ლოდინი და ავტოსადგურში მისვლიდან მოკლე დროში ახერხებენ სასურველი მიმართულებით წასვლას. ამასთან, რადგანაც მგზავრობის ფასს თავად ავტოტრანსპორტის მძღოლები ადგენენ, შესაძლებელია ვაჭრობა და საერთო ჯამში უფრო იაფად მგზავრობა. ფასის მხრივ ისინი კონკურენციას უწევენ სხვა საქალაქთაშორისო გადამზიდავებს და რეგისტრირებული გადამზიდავებიც ცდილობენ, ოპტიმალური ფასი დააწესონ მგზავრობაზე. მეორეს მხრივ, არარეგისტრირებული გადამზიდავები ახერხებენ თვითდასაქმებას და ეს ქვეყანაში არსებულ უმუშევრობას ამცირებს.

ამავდროულად, კონკურენციას არათანასწორად აღიქვამენ  კვლევის მონაწილე მძღოლები და ავტოსადგურების ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ისინი უკმაყოფილონი არიან, რომ „ხიშნიკებისგან“ განსხვავებით, თავად სახელმწიფო გადასახადსაც იხდიან და ავტოსადგურის გადასახადსაც, კონკურენციის გამო უწევთ მგზავრობის საფასურის შემცირება. საერთო ჯამში ეს მათ საქმიანობას არამომგებიანს ხდის და აფერხებს მათი მომსახურების გაუმჯობესებას. არარეგისტრირებული გადამზიდავების უარყოფით მხარეებს შორის ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებია. რეგისტრირებული გადამზიდავები პერიოდულად ავტომობილების ტექნიკური გამართულობის შემოწმებას გადიან, არარეგისტრირებულ გადამზიდავებს კი ეს არ მოეთხოვებათ. რეგისტრირებული მძღოლების თქმით, გზებზე მგზავრების აყვანა კონკურენციის კიდევ ერთი მხარეა, რასაც შედეგად მგზავრებზე მონადირე მძღოლების სახიფათო მართვის სტილი მოყვება - სწრაფი მოძრაობა და სახიფათო მანევრირება.

არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, ერთის მხრივ, უსაფრთხო მოძრაობასთან დაკავშირებული რისკების შენარჩუნებასაც ნიშნავს და რეგისტრირებული საქალაქთაშორისო გადამზიდავების მომსახურების გაუმჯობესების შეფერხებას, რადგანაც კონკურენტული ფასი რეგისტრირებულ გადამზიდავებს არ უტოვებს ავტოტრანსპორტისა და მომსახურების გაუმჯობესების რესურსს. მეორეს მხრივ, რეგულაციების შემოღება და მათი ჯეროვანი აღსრულება მგზავრობის უსაფრთხოებას გაზრდის - ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობისა და მართვის უსაფრთხო სტილის უზრუნველყოფით. მომსახურების გაუმჯობესება მგზავრობის ფასის გაზრდასაც გამოიწვევს. ამავდროულად, რეგულაციები შეავიწროებს და განდევნის არარეგისტრირებულ გადამზიდავებს, რაც გაზრდის უმუშევრობას. ამრიგად, სახელმწიფო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, შემოიღოს თუ არა რეგულაციები და რა რეგულაციები, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს მგზავრობის უსაფრთხოების გაზრდა და მომსახურების გაუმჯობესება და თან გაითვალისწინოს ის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი, როგორიცაა მგზავრობის ღირებულების გაზრდა და დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება. CRRC-საქართველოსა და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ რეკომენდაციას უწევს M1 კატეგორიის ავტოტრანსპორტისთვის კომერციული სამგზავრო გადაყვანების ლიცენზირების შემოღებას, რაც ე.წ. „ხიშნიკებს“ გარკვეულ პროცედურებს დაუწესებს, წესების დაცვას აიძულებს და საერთო ჯამში გაზრდის უსაფრთხოებას სამგზავრო გადაყვანის სფეროში.