რეგიონული უთანასწორობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი 2)

ჩვენი წინა პოსტი 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულების რეგიონულ განაწილებას აღწერდა. ამ ნაწილში კი განვიხილავთ აბიტურიენტის სქესსა და რეგისტრაციის ადგილს იმის გასაგებად, თუ როგორ იცვლება საკონკურსო ქულები დასახელებული ცვლადების მიხედვით. მოცემული პოსტის კიდევ ერთი მიზანია, შეაფასოს მასწავლებელთა ხარისხის როლი რეგიონული სხვაობების წარმოშობაში.

აბიტურიენტის რეგისტრაციის მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით, გამოვთვალეთ მდებარეობის ახალი ცვლადი, რომელიც აპლიკანტებს ხუთ კატეგორიად – დედაქალაქში, მსხვილ ქალაქებში (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი), დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში, აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში და სხვა დასახლებულ პუნქტებში (დევნილები და უცხოეთში მყოფი) რეგისტრირებულებად ყოფს. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მეშვეობით შეუძლებელია, დეტალურად განვასხვავოთ შედეგები დასახლებული პუნქტის ტიპის მიხედვით, თუმცა ვვარაუდობთ, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში მოხვედრილი აბიტურიენტების დიდი ნაწილი სოფლებში ცხოვრობს.

როგორც ამ ბლოგის პირველ ნაწილში მოტანილი აღწერილობითი ანალიზი აჩვენებს, თბილისსა და მსხვილ ქალაქებში რეგისტრირებული აბიტურიენტები გამოცდებზე ყველაზე მეტ ქულას იღებდნენ. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აპლიკანტებს ყველაზე ცუდი შედეგები ქონდათ. იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ აღნიშნული განსხვავებები შემთხვევითი არ არის, გამოვიყენებთ სპეციალურ სტატისტიკურ ტექნიკას – დისპერსიულ ანალიზს (ე. წ. ANOVA). აღნიშნული მიდგომით მოწმდება, არის თუ არა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცალკეულ ჯგუფებს შორის ცვლადის საშუალო მნიშვნელობების სხვაობა. მოპოვებულ მონაცემებზე ჩატარებული დისპერსიული ანალიზი აჩვენებს, რომ სქესის F(1, 26311)= 136.43, p<0.001, და მდებარეობის F(4, 26311)= 396.36, p

როგორც დიაგრამიდან ჩანს, ყველა ტიპის დასახლებებში, აბიტურიენტი გოგონები ვაჟებზე უფრო მაღალ ქულებს იღებდნენ. თბილისელი გოგონები და ბიჭები საშუალოდ, ყველაზე წარმატებულები იყვნენ. მსხვილი ქალაქების მცხოვრებლები უკეთ გამოდიოდნენ, ვიდრე მეტწილად სასოფლო მოსახლეობით დასახლებული მუნიციპალიტეტები. დაბოლოს, აპლიკანტები „სხვა“ ჯგუფიდან უფრო მაღალ ქულებს იღებდნენ, ვიდრე მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები.

აღსანიშნავია, რომ გოგონებსა და ვაჟებს შორის ქულების განაწილებაში წარმოჩენილი სხვაობა დიდი არ გახლდათ. სამაგიეროდ, ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მსჯელობისას, ნათლად იკვეთება განსხვავება ტერიტორიულ ერთეულებს შორის. ჩვენი აზრით, ამ სურათს რამდენიმე მიზეზი წარმოშობს.

პირველ რიგში, საქართველო ენდემური რეგიონული უთანასწორობით ხასიათდება, რაც ქვეყანაში განათლების არათანაბარ ხარისხსაც გულისხმობს. განსაკუთრებით დიდი განსხვავება მსხვილ ქალაქებსა და სასოფლო მუნიციპალიტეტებს შორისაა. დაბალი ხარისხის განათლება და კარგი მასწავლებლების სიმცირე კარგად ჩანს საერთაშორისო ტესტების (TIMSS, PISA, PIRLS) შედეგების მაგალითზე. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, ქართველი მოსწავლეების შედეგები მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებს უახლოვდება, განსხვავება დასახლებული პუნქტების მიხედვით თვალსაჩინოა.

საქართველოში, ზოგადად, ხარისხიანი სწავლების და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგების სიმწირეა – ქვეყნის მასშტაბით, 2013 წელს სერტიფიცირების გამოცდა გარკვეულ დარგებში მასწავლებელთა 90%-მა ჩააგდო. პედაგოგთა დაბალი ხარისხი განსაკუთრებით სოფლებში იგრძნობა. თუკი სერტიფიცირებულ მასწავლებლებზე მოსწავლეთა რაოდენობის სტატისტიკას (ე. ი. იმ მასწავლებლების რაოდენობას, რომლებმაც სპეციალური გამოცდები ჩააბარეს და ითვლებიან, რომ მათი კვალიფიკაცია უკეთესია) გავეცნობით, ვნახავთ, რომ ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებშია. ამ არეალებში ცოტა სერტიფიცირებული მასწავლებელია, შესაბამისად, მათი დატვირთვა მაღალია და ერთ სერტიფიცირებულ პედაგოგზე მეტი მოსწავლე მოდის. მარნეულის, ნინოწმინდის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში აღნიშნული მაჩვენებელი ას მოსწავლეზე მეტს შეადგენს, როდესაც საჩხერეში ერთ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე მხოლოდ 25 მოსწავლე მოდის.


როგორც ვხედავთ, სასკოლო განათლება, რომელიც მოსწავლეს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებისთვის უნდა ამზადებდეს, არაადეკვატურია. შესაბამისად, აბიტურიენტები (და მათი მშობლები) დამამთავრებელ მე-11 და მე-12 კლასებში სიარულს კერძო მასწავლებლებთან მომზადებას არჩევენ. თუკი მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ რეპეტიტორების უმეტესობა აქტიური მასწავლებელია, მათი რაოდენობა სოფლებში, მსხვილი ქალაქებისგან განსხვავებით, ასევე საკმაოდ მცირეა. აღნიშნული ფაქტორი ეროვნული გამოცდების უთანასწორობის კიდევ ერთი მაჩვენებელია. 

ჩვენს მიერ მომზადებული პოსტების სერია მიმოიხილავდა 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგიონულ და გენდერულ თავისებურებებს. როგორც აღწერილობითმა, ასევე ახსნითმა სტატისტიკურმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ აბიტურიენტებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, განსაკუთრებით – გეოგრაფიული თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც ეროვნული გამოცდები ბევრი აბიტურიენტისთვის ხარისხიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაბარების ერთადერთი შანსი გახლდათ, მოსახლეობის გარკვეული სეგმენტი ისევ ვერ სარგებლობს შემოთავაზებული თანაბარი შესაძლებლობით. ეს ფაქტი არა ეროვნული გამოცდებს, არამედ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სექტორში არსებულ ენდემურ პრობლემებს უკავშირდება. მიუხედავად თვალსაჩინო წარმატებისა, გაუმჯობესებულმა მისაღებმა გამოცდებმა ვერ უზრუნველყვეს საქართველოში ღრმად ფესვგადგმული უთანასწორობის აღმოფხვრა საგანმანათლებლო სფეროში.

გაქვთ განსხვავებული მოსაზრებები? შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე ან მოგვწერეთ თქვენი აზრები კომენტარების სექციაში.

გაზიარება