რა არის მთავარი საფრთხე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის? საქართველოს მოსახლეობის აღქმა

საქართველოს უსაფრთხოებისთვის მთავარი ფაქტორი რუსული აგრესიაა. 11 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო. ომის შემდგომ ორ ქვეყანას შორის გაწყვეტილი ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მცდელობები იყო. საქართველოს მოსახლეობის ნაწილი იმასაც უჭერს მხარს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული იყოს. მიუხედავად ამისა, CRRC/NDI 2019 წლის აპრილის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ხალხი რუსეთს საფრთხედ აღიქვამს.

მოსახლეობის უმრავლესობა (59%) მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთთანაა დაკავშირებული. მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედმა (24%) ყველაზე დიდ საფრთხედ სხვა საკითხები დაასახელა, ხოლო დაახლოებით მეხუთედმა (18%) ვერ შეძლო ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარი საფრთხის განსაზღვრა და „არვიცი“ პასუხი დააფიქსირა.

შენიშვნა: ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ საქართველოს მოსახლეობამ რუსეთთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები დაასახელა: „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“, „რუსული პროპაგანდა“, „რუსული სამხედრო აგრესია“, „ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე“ და „ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე“. პასუხის ეს ვარიანტები შემდგომი ანალიზისთვის გაერთიანდა კატეგორიად „რუსული საფრთხეები“. 

გამოკითხვის მონაცემების სიღრმისეული ანალიზი აჩვენებს, რომ საფრთხის აღქმა განსხვავდება ეთნიკურობის, დასახლების ტიპის, სქესისა და მიღებული განათლების უმაღლესი საფეხურის მიხედვით. ეთნიკური ქართველებისგან განსხვავებით, საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობა უფრო მიდრეკილია იმისკენ, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხედ არა „რუსული საფრთხეები“, არამედ „სხვა საფრთხეები“ დაასახელოს. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობები უფრო ხშირად აფიქსირებენ პასუხს „არვიცი“, ვიდრე ეთნიკური ქართველები. ასევე, სოფელში მაცხოვრებლებთან შედარებით, დედაქალაქში მცხოვრები მოსახლეობა უფრო იშვიათად ირჩევს პასუხს „არ ვიცი“. ამასთან, მოსახლეობა საშუალო ან უფრო დაბალი საფეხურის განათლებით უფრო ხშირად ამბობს, რომ არ იცის, რომელია მთავარი საფრთხე, ვიდრე ისინი, ვისაც უმაღლესი განათლება აქვთ. კაცებთან შედარებით, ქალები ნაკლებად ასახელებენ სხვა საფრთხეებს.



შენიშვნა: ზემოთ მოცემულ გრაფიკზე საბაზისო ცვლადებად აღებულია შემდეგი ცვლადები: კაცი, 18-34 ასაკობრივი ჯგუფი, ქართული დასახლებები, სოფელი, უმაღლესი განათლება, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო. კატეგორია „არცერთი პარტია“ აერთიანებს მათ, ვინც კითხვაზე „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ უპასუხა „არცერთი“ ან „არ ვიცი“. ჯგუფში „ლიბერალური“ გაერთიანებულია შემდეგი პარტიები: ბაქრაძე-უგულავა – ევროპული საქართველო, რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო, ევროპელი დემოკრატები. სხვა ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი პარტიები: საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, თავისუფალი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო, მემარცხენე ალიანსი, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს/მრეწველები, საქართველოს კონსერვატიული პარტია, საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის და ქართული დასი.

პოლიტიკურ პარტიებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. საინტერესოა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარი საფრთხეების დასახელებისას ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს შორის განსხვავება არ არის. თუმცა, ქართული ოცნების მომხრეებთან შედარებით, ლიბერალური პარტიების ამომრჩევლები უფრო იშვიათად ასახელებენ „სხვა საფრთხეებს“, ხოლო სხვა პარტიები – „რუსულ საფრთხეებს“. მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც არ არის რომელიმე პარტიის მომხრე, როგორც წესი, არ იცის, რა არის საქართველოს უსაფრთხოებისთვის მთავარი საფრთხე. ასევე, ისინი ნაკლებად ასახელებენ „რუსულ საფრთხეებს“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მოსახლეობის ნაწილი „რუსულ საფრთხეებს“ ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად არ აღიქვამს. მათგან განსხვავებით, მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად სწორედ „რუსულ საფრთხეებს“ ასახელებს. ეთნიკურ ქართველებთან შედარებით, ეთნიკური უმცირესობები ნაკლებად ასახელებენ „რუსულ საფრთხეებს“. ასევე, მთავარი საფრთხის აღქმა ასოცირდება პარტიის მხარდაჭერასთან, ვინაიდან ნაკლებად პოპულარული პარტიების მხარდამჭერები „რუსულ საფრთხეებს“ იშვიათად ასახელებენ.

შენიშვნა: მოცემული ანალიზი დაფუძნებულია მულტინომინალურ ლოგისტიკურ რეგრესიულ ანალიზზე, სადაც დამოკიდებულ ცვლადად აღებულია „მთავარი საფრთხე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის“’. ანალიზში გამოყენებულია შემდეგი დამოუკიდებელი ცვლადები: პარტიის მხარდაჭერა, სქესი, ასაკობრივი ჯგუფი, ეთნიკურობა, დასახლების ტიპი, განათლების დონე და შინამეურნეობის ეკონომიკური სტატუსი.

ამ ბლოგში გამოყენებული მონაცემები ხელმისაწვდომია CRRC-საქართველოს მონაცემთა ონლაინ ანალიზის გვერდზე.

გაზიარება