Presentation of the new survey results conducted by NDI and CRRC-Georgia

2015 წლის 12 და 17 ოქტომბერს, CRRC-საქართველომ და ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ჟურნალისტებს და მოსახლეობას ახალი კვლევის შედეგები წარუდგინა. გამოკითხვა ამა წლის 8 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 4,448 ადამიანი გამოიკითხა. აღნიშნული კვლევა პირველია NDI–სა და CRRC-საქართველოს ერთობლივ კვლევებს შორის, რომელიც, ძირითადად, ადგილობრივ საკითხებზე ფოკუსირდება. კვლევა არის წარმომადგენლობითი შემდეგი თვითმმართველი ქალაქებისთვის: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი,ზუგდიდი, გორი, თელავი, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა და გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო ერთი წლის მანძილზე, საქართველოს მოსახლეობის 47%-თვის ცხოვრების დონე არ შეცვლილა, 43%–თვის კი გაუარესდა. ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ საკითხებს შორის დასახელდა გზები, წყალმომარაგება, გაზმომარაგება და გარემოს დაბინძურება. გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ მათი ქალაქი/სოფელი საცხოვრებლად უსაფრთხოა (83%) და კარგი ადგილია ბავშვების გასაზრდელად (72%), თუმცა, მათმა უმრავლესობამ (80%) ასევე განაცხადა, რომ არ გააჩნია დასაქმების ადეკვატური შესაძლებლობები. ამასთანავე, მოსახლეობის 66% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. რესპონდენტებმა თავიანთი ქალაქის/სოფლის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან შესაძლებლობებად ტურიზმი, მიწადმოქმედება, მესაქონლეობა და მსუბუქი მრეწველობა დაასახელეს.

კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას (მერი/გამგებელი, საკრებულოს წევრები,გუბერნატორი) შორის კომუნიკაცია საკმაოდ იშვიათია: 2014 წლის არჩევნების შემდეგ, საკრებულოს წარმომადგენელი დაკავშირებია გამოკითხულთა 6%–ს, მერიის წარმომადგენელი – 3%-ს, გუბერნატორის წარმომადგენელი კი მხოლოდ 1%-ს. მოქალაქეების ინფორმირებულობა თვითმმართველი ორგანოების საქმიანობის შესახებ, ასევე ძალიან დაბალია: მოსახლეობის დაახლოებით 60% ამბობს, რომ “საერთოდ არაფერი იცის” მათი საქმიანობის შესახებ, 83%-მა კი ვერ შეძლო დაესახელებინა მისი საკრებულოს მაჟორიტარი. სამოქალაქო ჩართულობის დონე საჯარო ღონისძიებებში, პეტიციებსა და დემონსტრაციებში ასევე დაბალია. კომუნიკაციის სიმცირის მიუხედავად, ის რესპონდენტები, რომლებსაც ჰქონიათ შეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ამბობენ, რომ გაწეული მომსახურება იყო კომპეტენტური (69%) და თავაზიანი (88%). ამასთანავე, მოსახლეობა დადებითად აფასებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და იუსტიციის სახლების მომსახურებას; 89% ამბობს, რომ კმაყოფილია იუსტიციის სახლებში მიღებული მომსახურებით.

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო რეგულარულად იკვლევენ მოსახლეობის აზრს და საზოგადოებას ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად მნიშვნელოვან მონაცემებს სთავაზობენ. კვლევის კითხვარი ადგილობრივ თვითმმართველობებთან, პარტიებთან, სამინისტროებთან და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა. კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

პრეზენტაციის ფოტოები იხილეთ აქ.

პრეზენტაციები იხილეთ აქ:

ადგილობრივი საკითხები

პოლიტიკური განწყობა

გაზიარება