
უკვე სამი წელიწადია, რაც საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ, რაც რამდენიმეწლიანი დიალოგისა და პოლიტიკის რეფორმის შედეგია. მიუხედავად გასული დროისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო კამპანიის ჩატარებისა, ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ საზოგადოების ცოდნა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების შესახებ დაეცა. ამას მოწმობს 2019 წელს CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასების შესახებ. ამავე პერიოდში გაიზარდა საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში არ შეუშვეს. მხოლოდ 2018 წელს ოთხ ათასზე მეტი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2017 წლის მონაცემებს აღემატება.