2017 წლის 11 სექტემბრიდან 12 ნოემბრამდე CRRC-საქართველომ, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, ჩაატარა რვა სატელევიზიო არხის მონიტორინგი გენდერული თანასწორობის კუთხით. მონიტორინგი მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიღების უმნიშვნელოვანეს წყაროზე, ტელევიზიაზე დაკვირვებას და მონიტორინგისა და მისი შედეგების მედიისთვის გაზიარების გზით გენდერულად სენსიტიური და თანასწორი გაშუქების ხელშეწყობას.
მონიტორინგი მოიცავდა საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს და პოლიტიკურ თოქშოუებს საქართველოს ხუთ ეროვნულ და სამ რეგიონულ სატელევიზიო არხზე. ეს არხებია: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, აჭარის ტელევიზია, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, თრიალეთი, გურჯაანი და ოდიში. მონიტორინგის პერიოდი იყო: 11 სექტემბერი – 12 ნოემბერი. მონიტორინგი რაოდენობრივი და თვისებრივი კომპონენტებისგან შედგებოდა.
რაოდენობრივი კომპონენტისთვის პროექტი იყენებდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით მიმდინარე მედია მონიტორინგის პროექტის ფარგლებში შეგროვებულ მონაცემებს. რაოდენობრივი კომპონენტი აკვირდებოდა ქალი რესპონდენტებისთვის დათმობილ დროს საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, მათ პირდაპირ და ირიბ საუბარს.
თვისებრივი კომპონენტი საფუძვლად იღებდა გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებს, რომლებიც საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ მედია საშუალებებისთვის შეიმუშავა. თვისებრივი კომპონენტი აკვირდებოდა თემებს, რომლებზეც ახალი ამბები მზადდებოდა და იყო თუ არა გენდერული სეგრეგაცია ამ მხრივ, ანუ იყო თუ არა რომელიმე თემა უფრო მეტად ასოცირებული ქალებთან ან კაცებთან. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქებას და ჟურნალისტების/თოქშოუს წამყვანების მხრიდან ისეთი საკითხების წამოწევას, რაც ქალთა და მამაკაცთა თანასწორობას ეხებოდა, განსაკუთრებით კი ამ საკითხის წინასაარჩევნო პერიოდის დღის წესრიგში დაყენებას. მონიტორინგი აკვირდებოდა ისეთი ტერმინების გამოყენებას და ისეთ გაშუქებას, რომელიც აძლიერებს ან ამსხვრევს ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს. თოქშოუების მონიტორინგის დროს ხდებოდა დაკვირვება იმაზე, საუბრობდნენ თუ არა სტუმრები ისეთი ენით, რაც ხაზს უსვამდა ქალის არათანასწორობას მამაკაცთან და როგორი იყო ასეთ შემთხვევებზე წამყვანის რეაქცია.