კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) საზოგადოებას გააცნო კვლევის შედეგები პარტიულობისა და ემოციური პოლარიზაციის შესახებ.
„პოლიტიკურ პოლარიზაციას ხშირად საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ასახელებენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოგვეკვლია პარტიულობისა და საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის ხარისხი,“ – აღნიშნა კობა თურმანიძემ, CRRC-საქართველოს დირექტორმა.
კვლევის საგანს მოსახლეობაში არსებული ემოციური პოლარიზაცია (affective polarization) წარმოადგენდა, რაც აქცენტს იდეოლოგიური განსხვავებების ნაცვლად, ემოციებსა და დამოკიდებულებებზე აკეთებს. როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში მოქალაქეების უმრავლესობა არ არის პოლარიზებული. ყოველი ათი ზრდასრული მოქალაქიდან სამი შეიძლება დახასიათდეს, როგორც გარკვეულწილად ემოციურად პოლარიზებული. ამასთან, მმართველი პარტიის მხარდამჭერები უფრო მეტად პოლარიზებულნი არიან, ვიდრე ოპოზიციის მომხრეები.
კვლევის ავტორმა გივი სილაგაძემ ექსპერტებთან კვლევის შედეგების გაცნობისას ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნებები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ასაკოვანი ადამიანები, ეთნიკურად ქართველები, რელიგიური ადამიანები და პარტიულები უფრო მეტად პოლარიზებულნი არიან. თუმცა, მისივე თქმით, კვლევის მონაცემების მიხედვით, პოლარიზაცია სოციალურ ურთიერთობებზე „ნაკლებად აისახება.“ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ამბობს, რომ მეგობრებისგან განსხვავებული პარტიული სიმპათიები მათ დისკომფორტს არ უქმნის.
კვლევისთვის მონაცემები CRRC-საქართველომ 2022 წლის აგვისტოსა და სექტემბერში სატელეფონო გამოკითხვის საშუალებით შეაგროვა. გამოკითხვის ფარგლებში სულ 1,523 ინტერვიუ ჩატარდა საქართველოს ზრდასრულ (18+ წელი) მოსახლეობასთან. კვლევის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED).