უკან
ორშაბათი | 01 ივნისი, 2015

რა სჭირდებათ ბავშვებს და ახალგაზრდებს საქართველოში იმისთვის, რომ თავი კარგად და ბედნიერად იგრძნონ?

გაეროს 2013 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში 156 ქვეყნიდან საქართველო 134-ე ადგილზეა. ქვეყნების სიას სათავეში ჩრდილო და ცენტრალური ევროპის ქვეყნები - დანია, ნორვეგია და შვედეთი უდგას. ცენტრალური აფრიკის ქვეყნები - ტოგო, ბენინი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა სიის ყველაზე დაბალ პოზიციებზეა. საინტერესოა, რომ სიაში საქართველოს ყველა მეზობელი ქვეყანა უსწრებს: რუსეთი 68-ე ადგილზეა, თურქეთი 77-ე, აზერბაიჯანი 116-ე და სომხეთი - 128-ე. ქვეყნების რანჟირება რიგ ფაქტორებს ითვალისწინებს, მათ შორისაა: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, კორუფციისა და ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლების აღქმა. მაინც რა სჭირდებათ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს და ახალგაზრდებს ბედნიერებისა და კარგად ყოფნისთვის? ეს ბლოგი ამ საკითხს განიხილავს კეთილდღეობაზე ბავშვებისა და ახალგაზრდების აღქმის შესახებ 2014 წლის ნოემბერში თბილისში ჩატარებული თვისებრივი კვლევის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით. თვისებრივი კვლევა, რომელიც ოცი სიღრმისეული ინტერვიუსა და ოთხი ფოკუს ჯგუფისგან შედგებოდა, CRRC-საქართველომ ჩაატარა პროექტისთვის MYWEB.

ასაკობრივად, კვლევაში მონაწილე ბავშვები და ახალგაზრდები (11-დან 19 წლამდე) მეტწილად ხვდებიან მოზარდების განვითარების კატეგორიაში „ეგო იდენტობა და როლების აღრევა“, რომელიც ცნობილმა ფსიქოანალიტიკოსმა ერიკ ერიკსონმა (1950, 1963) გამოყო. ეს ასაკი მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები უფრო დამოუკიდებლები ხდებიან და იწყებენ ფიქრს მომავალ კარიერაზე, ურთიერთობებზე, ოჯახზე და საზოგადოებაზე. განვითარების ამ ეტაპზე ბავშვებმა უნდა ისწავლონ, თუ რა როლს შეასრულებენ ზრდასრულ ასაკში. ამიტომაც საინტერესოა, განვითარების ამ საკვანძო პერიოდში როგორია ახალგაზრდების შეხედულებები კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე.

ხშირად კვლევებში, რომლებიც ადამიანთა ბედნიერების გაზომვას ცდილობს, ბედნიერება, კეთილდღეობა და ცხოვრებით კმაყოფილება ერთად განიხილება. გასაკვირი არაა, რომ MYWEB-ის კვლევის რესპონდენტებიც ამ ორ ცნებას - კეთილდღეობასა და ბედნიერებას ხშირად ერთმანეთის ნაცვლად ან ერთმანეთის შესავსებად იყენებენ. ახალგაზრდებმა ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის საჭირო ძირითად კომპონენტებად მიიჩნიეს: მშობლები/ოჯახი, ჯანმრთელობა, ფინანსური სტაბილურობა, წარმატება და თავისუფლება.

მშობლები კეთილდღეობისა და ბედნიერების მნიშვნელოვან ნაწილად კვლევის ყველა ასაკის მონაწილემ დაასახელა. თუმცა, თუ 11 წლის ასაკში ადამიანს მშობლებთან ერთად ყოფნა სჭირდება იმისთვის, რომ თავი კარგად და ბედნიერად იგრძნოს, 18 წლის ასაკში ბედნიერება უკვე მშობლებისგან დამოუკიდებლობასთანაა დაკავშირებული.

„[მშობლები] ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. მშობლებია ერთადერთი ადამიანი, ვინც აღგზრდის და ვინც მოგხედავს და შეგინახავს.“ [ინტერვიუ, გოგო, 12 წლის]

[ბედნიერებაა] მაგალითად, ის, რომ დედის და მამის გარეშე შენ გააკეთო ის, რაც გინდა.[ინტერვიუ, გოგო, 17 წლის].

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ თინეიჯერები დამოუკიდებლობისკენ ილტვიან, მშობლების აზრს მაინც ძალიან აფასებენ.

თუკი ეგო იდენტობისა და როლების აღრევის კატეგორიის საწყის ასაკში ბავშვები მშობლებთან ახლოს ყოფნას და მათ ჯანმრთელობას მიიჩნევენ ბედნიერებისა და კეთილდღეობის ძირითად ნაწილად, წლებთან ერთად, უფრო აბსტრაქტული და ღირებულებებზე დაფუძნებული ცნებები ხდება მნიშვნელოვანი. 15-16 წლის რესპონდენტები განსაკუთრებით ხშირად ასახელებენ თავისუფლებას, როგორც კეთილდღეობისა და ბედნიერების მთავარ კომპონენტს. ერთ-ერთი რესპონდენტი, 15 წლის გოგონა ამბობს: „მე ვფიქრობ, რომ ყველას ერთიდაიგივე რაღაც უნდა. უნდა, რომ იყოს  თავისუფალი, უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის.“ რამდენიმე რესპონდენტი ზოგადად თავისუფლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს, დანარჩენები კი თავისუფლებას განიხილავენ, როგორც იმის შესაძლებლობას, რომ აკეთონ, რაც უნდათ, თქვან, რაც უნდათ და აირჩიონ, რაც უნდათ, უმნიშვნელო ყოველდღიური ნივთებიდან დაწყებული, კარიერით დამთავრებული. ეგო იდენტობისა და როლების აღრევის კატეგორიის გვიან წლებში ჩნდება უფლებები და მოვალეობები და ეს მნიშვნელოვანი ხდება კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის. ასეთებია: ხმის მიცემის უფლება, საბანკო ანგარიშის ქონა, სიგარეტისა და ალკოჰოლის ყიდვის უფლება.

თვრამეტის გავხდი და რაღაც უფლებები მაქვს. მაგალითად, პრავის აღება შემიძლია. ბანკში ანგარიში გავხსენი. სიგარეტზე და ალკოჰოლზე რო აღარაფერი ვთქვა. [ფოკუს ჯგუფი, ბიჭი, 18 წლის].

აღსანიშნავია, რომ თინეიჯერობის ბოლო წლებში ახალგაზრდები ფიქრობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სამუშაო დატვირთვა, საკუთარ ცხოვრებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება და ცხოვრების პრაქტიკული ასპექტები.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების და ახალგაზრდების აღქმა იმისა, თუ რა არის კეთილდღეობისა და ბედნიერების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები, ზოგჯერ განსხვავდება, მათი შეხედულებები მსგავსია, როცა ეკითხებიან, რა იქნება მათი ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი, როცა მათი მშობლების ასაკს მიაღწევენ. კვლევის ყველა მონაწილე მომავალში ხედავდა თავს ოჯახთან და საკუთარ შვილებთან ერთად, კარიერითა და სამსახურით და ჯანმრთელად.

პროექტზე MYWEB მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მის ვებგვერდს.
01.07.2015 | ოთხშაბათი

ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეხუთე პოსტი.

2002 წლის 
ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.

15.09.2014 | ორშაბათი

ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში

ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ“ - ამ ფრაზით რაჰმატო და კიდანუ აღწერენ იმ ადამიანთა განწყობას, ვინც ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე. მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ, რას უნდა ელოდონ ხვალ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მხოლოდ დღიდან დღემდე არსებობ და არ გაქვს მომავლის იმედი. საკუთარი თავის ასეთ უმწეო მდგომარეობაში წარმოდგენა მომავალთან მიმართებაში ფატალიზმის სახელითაა ცნობილი. მ. ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ფატალიზმი [ლათ. fatalis - საბედისწერო] ბედისწერის არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენაა.