მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ

2017 წლის დეკემბერში თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი სკოლის მოსწავლე მოკლეს. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც ერთ-ერთი მოკლული მოსწავლის მამა, ზაზა სარალიძე ჩაუდგა სათავეში.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად CRRC-საქართველომ 2018 წლის 19-26 ივნისს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში და გამოიკითხა საქართველოს სრულწლოვანი 1005 მოქალაქე. მონაცემები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია. ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.8 %-ის ტოლია.

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას (96%) სმენია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ. თუმცა, მათგან მხოლოდ 17%-მა იცოდა ზუსტად, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე – მოსამართლემ ერთ-ერთ ბრალდებულს მკვლელობისთვის, ხოლო მეორე ბრალდებულს მკვლელობის მცდელობისთვის შეუფარდა სასჯელი. საქართველოში მცხოვრებთა უმრავლესობამ (61%) არ იცოდა, რა გადაწყვიტა სასამართლომ. დანარჩენებს კი არაზუსტი ან ნაწილობრივი ინფორმაცია ჰქონდათ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მაგალითად, მოსახლეობის 9%-მა განაცხადა, რომ სასამართლომ ერთი ბრალდებული გაამართლა, მეორეს კი მკვლელობისთვის შეუფარდა ციხის სასჯელი. 5%-მა უპასუხა, რომ სასამართლომ ორივე ბრალდებული გაამართლა, ხოლო 2%-ის თქმით, მოსამართლემ ორივე ბრალდებულს მკვლელობისთვის შეუფარდა სასჯელი. გამოკითხვამ აჩვენა, რომ თბილისის მაცხოვრებლები შედარებით უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებულნი ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, ვიდრე საქართველოს სხვა დასახლებული პუნქტების მოსახლეობა (7-10%-იანი განსხვავება).

 
 

გამოკითხვის დროს მათ, ვინც თქვა, რომ იცოდა ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, სთხოვეს შეეფასებინათ, სამართლიანი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება. მხოლოდ 8%-მა უპასუხა, რომ გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. უმრავლესობის (77%) თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლო იყო და ამის განმაპირობებელ ფაქტორებად ყველაზე ხშირად დაასახელეს შემდეგი:

  • პროკურატურის მიერ გავლენიანი პირების ახლობლებისთვის ხელის დაფარება (28%);
  • პროკურატურის მიერ საქმის უხარისხო, არაკვალიფიციური გამოძიება (8%);
  • გავლენიანი პირების ახლობლებისთვის ხელის დაფარება (7%). 
 
 

მათი 3%, ვინც სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ აფასებს, მიიჩნევს, რომ უსამართლო გადაწყვეტილება ზოგადად ქვეყანაში არსებულმა უსამართლობამ განაპირობა. თბილისში სასამართლოს გადაწყვეტილება ოდნავ უფრო სამართლიანადაა შეფასებული, ვიდრე თბილისს გარეთ (5-7%-იანი სხვაობა).

კითხვაზე: „თქვენი აზრით, რომელ მათგანზე აგებს პასუხს სასამართლო, რომელზე პროკურატურა, რომელზე შინაგან საქმეთა სამინისტრო და რომელზე – სხვა ორგანოები?“, 7%-მა უპასუხა, რომ სასამართლო პასუხისმგებელია მტკიცებულებების შეგროვებაზე ბრალდებულის დანაშაულის დამტკიცების მიზნით. 12%-მა განაცხადა, რომ სასამართლოს მოვალეობაა მტკიცებულებების შეგროვება ბრალდებულის უდანაშაულობის დამტკიცების მიზნით. მტკიცებულებების შეგროვების შესახებ ცოდნის შეფასების კითხვებზე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უპასუხა „არ ვიცი“ (33% და 38%).

ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს სახელმწიფოს მხრიდან ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოჰყვა: თანამდებობა დატოვა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და საქმის საგამოძიებო პროცესის შესწავლის მიზნით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია. საქართველოს მოსახლეობის 50% ემხრობა, თითქმის მეხუთედი (19%) კი არ ემხრობა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ. 30%-ს გაუჭირდა შოთაძის გადაწყვეტილების შეფასება. რაც შეეხება საპარლამენტო კომისიას, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სმენია ხორავას ქუჩის მკვლელობის შესახებ, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ დროებით კომისიასთან დაკავშირებით. 28% მიიჩნევს, რომ კომისია შეძლებს სიმართლის დადგენას, 32%-ის აზრით კი კომისია ამას ვერ შეძლებს. მოსახლეობის დაახლოებით მესამედს (33%) უჭირს იმის შეფასება, შეძლებს თუ არა კომისია სიმართლის დადგენას, ხოლო 7%-ს საერთოდ არ სმენია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

 

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სმენია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ. თუმცა, მათ ნაკლებად აქვთ ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და უსამართლო გადაწყვეტილებაზე ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას პროკურატურას აკისრებს. სახელმწიფოს მხრიდან მკვლელობაზე რეაგირებას – მთავარი პროკურორის გადადგომასა და საპარლამენტო კომისიის ჩამოყალიბებას – ძირითადად მხარს უჭერენ ისინი, ვისაც აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აქვს. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკვეთილი პოზიცია ბევრს არ ჰქონდა.

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია სატელეფონო გამოკითხვას ეფუძნება. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CRRC-საქართველო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები