მსოფლიო ბანკის მიხედვით, 2009-2015 წლებში საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი $10.1 მილიარდიდან $13.9 მილიარდამდე გაიზარდა. მიუხედავად აღნიშნული ზრდისა, CRRC-ის კავკასიის ბარომეტრის მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის ნაწილი, რომელთაც ყოველკვირეულად საკვების შესაძენად თანხა არ ჰყოფნის, 2011-დან 2015 წლამდე არ შემცირებულა. ეს ბლოგი გვაჩვენებს მონაცემებს შორის განსხვავებებს დასახლების ტიპისა და შინამეურნეობის შემოსავლის მიხედვით.
2011-2015 წლებში ზოგადი სურათი არ შეცვლილა. მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედი აცხადებს, რომ გამოკითხვამდე ბოლო 12 თვის მანძილზე არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ არ ჰქონოდათ საკვების საყიდლად საჭირო თანხა. მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტს მსგავსი პრობლემა პერიოდულად ექმნება, ხოლო დაახლოებით მეოთხედს – ყოველთვე ან უფრო ხშირად.
შენიშვნა: დიაგრამებში პასუხის ვარიანტები „ყოველდღე“ და „ყოველკვირა“ გაერთიანებულია.
შენიშვნა: დიაგრამებში პასუხის ვარიანტები „ყოველდღე“ და „ყოველკვირა“ გაერთიანებულია.
ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით, მოსახლეობის წილი, რომელსაც საკვების საყიდლად საჭირო ფული ყოველკვირეულად ან უფრო ხშირად არ აქვს, დასახლების ტიპის მიხედვით არ განსხვავდება. საყურადღებოა, რომ თბილისში ყველაზე ხშირი და სხვა ქალაქებში სიხშირით მეორე პასუხია „არასოდეს“. თუმცა, ეს პასუხი აღნიშნული დასახლების ტიპების მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს ახასიათებს.
შენიშვნა: ანალიზში პასუხის ვარიანტები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ გამოყენებული არ არის.
საკვებისთვის საკმარისი თანხის არქონა ლოგიკურად დაბალ შემოსავალზე მიგვითითებს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვაჩვენებს, რომ რაც უფრო მაღალია შინამეურნეობის შემოსავალი, მით ნაკლებია საკვებისთვის საჭირო თანხის ნაკლებობის პრობლემა. თუმცა, 2015 წლის კავკასიის ბარომეტრის მიხედვით, მოსახლეობის 61% აღნიშნავს, რომ მათი შინამეურნეობის ყოველთვიური შემოსავალი 250 აშშ დოლარს არ აღემატება.
მონაცემები გვაჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს უჭირს საკუთარი და ოჯახის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და უმრავლესობას პერიოდულად საკვების საყიდლად საკმარისი თანხაც არ აქვს.
კავკასიის ბარომეტრის მონაცემების სანახავად ეწვიეთ CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდს.