
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო უკვე ორი სახის ვაქცინის გაკეთებაა შესაძლებელი, საზოგადოების დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. რატომ არიან ქართველები ასე სკეპტიკურად განწყობილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართ?
კორონავირუსის წინააღმდეგ აცრის მიმართ მზაობა 2020 წლის ივნისსა და დეკემბერშიც არ იყო მაღალი, თუმცა, სავარაუდოდ, ეჭვები ვაქცინაციასთან დაკავშირებით უფრო გაიზრდებოდა მას შემდეგ, რაც 18 მარტს კორონავირუსის წინააღმდეგ ასტრაზენეკას ვაქცინით აცრის შემდეგ მცირე ხანში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
CRRC/NDI-ის 2021 წლის თებერვლის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამ შემთხვევამდეც კი, თებერვალში, ქართველების მხოლოდ მესამედი გამოხატავდა კორონავირუსის წინააღმდეგ აცრის მიმართ მზაობას და თავშეკავების მთავარ მიზეზად ვაქცინის ხარისხს ასახელებდა.