უკან
პარასკევი | 29 მაისი, 2015

(უ)თანასწორობის აღქმა საქართველოს სასამართლოებში - ღარიბთა გასაჭირი

სასამართლო სისტემა სახელმწიფოს ფუნქციონირების აუცილებელი ნაწილია. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი კარგი მუშაობა, არამედ ის წარმოდგენები, რაც ხალხს სასამართლოების მიუკერძოებლობაზე აქვს. 2011 და 2014 წელს CRRC-საქართველომ ქვეყნის წარმომადგენლობითი ორი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვები დაფინანსდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. ეს გამოკითხვები იკვლევდა ქართველების მიერ მართლმსაჯულების სისტემის აღქმას, ცოდნას და ნდობას მის მიმართ. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2011-დან 2014 წლამდე მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. თუმცა, მცირედით გაიზარდა მოსახლეობის წილი, რომელიც სრულად ეთანხმება იმას, რომ საქართველოში ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე - 34%-დან 2011-ში 43%-მდე 2014 წელს. მიუხედავად ამისა, ხალხის მოლოდინით, სასამართლო ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ ერთნაირად მიუკერძოებელი არ იქნება.


ინტერვიუს დროს რესპონდენტები პასუხობდნენ კითხვებს, რომლებშიც მოცემული იყო რამდენიმე სცენარი სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებზე, რომელთაც ჰიპოთეტურად ბრალი ედებოდათ ერთნაირ დანაშაულში, რაც მათ არ ჩაუდენიათ. რესპონდენტებს ეკითხებოდნენ, მათი აზრით, ვისი გამტყუნება უფრო მოსალოდნელი იყო - მდიდარი თუ ღარიბი ადამიანის, ქართველის თუ არაქართველის, მართლმადიდებლის თუ სხვა რელიგიის წარმომადგენლის, ჰეტეროსექსუალის თუ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის.

2014 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 60%-ზე მეტი ფიქრობს, რომ ქართველებსაც და არაქართველებსაც, მართლმადიდებლებსაც და სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც, ჰეტეროსექსუალებსაც და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებსაც ერთნაირი შანსი აქვთ როგორც გამართლების, ასევე დამნაშავედ ცნობის ერთსა და იმავე დანაშაულზე ბრალეულობის პირობებში, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. მიუხედავად ამისა, ხალხის აზრით, იმას მეტად აქვს მნიშვნელობა, მდიდარი ხარ თუ ღარიბი - მოსახლეობის 43%-მა უპასუხა, რომ უფრო მოსალოდნელია, ღარიბი ადამიანი ჩაითვალოს დამნაშავედ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე ხშირი პასუხი, რომელსაც 2014 წელს მოსახლეობის 49% პასუხობდა, იყო ის, რომ მდიდარსაც და ღარიბსაც ერთნაირი შანსი ჰქონდათ როგორც გამართლების, ისე დამნაშავედ ცნობის. საინტერესოა, რომ დედაქალაქის მაცხოვრებელთა 52% ამბობს, რომ უფრო მოსალოდნელია, ღარიბი ადამიანი ჩაითვალოს დამნაშავედ და მხოლოდ 40% თვლის, რომ მდიდარს და ღარიბს სასამართლოში გამართლების თუ გამტყუნების ერთნაირი შანსი აქვთ. აქედან გამომდინარე, ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, თბილისის მოსახლეობა სასამართლოს მიუკერძოებლად უფრო ნაკლებად აღიქვამს.


შენიშვნა: „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ პასუხები დიაგრამაზე წარმოდგენილი არ არის.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ 2011-დან 2014 წლამდე მცირედით გაიზარდა მოსახლეობის აღქმა იმისა, რომ საქართველოში ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე, მოსახლეობის თითქმის ნახევარი მაინც არ ელოდება, რომ სასამართლო თანასწორად მოექცევა მდიდარ და ღარიბ ადამიანებს.

მართლმსაჯულების შესახებ გამოკითხვებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გადახედეთ მონაცემებს აქ. ორივე წლის გამოკითხვის შედარებითი ანგარიში იხილეთ აქ.
21.02.2019 | ხუთშაბათი

მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ

საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი უკანასკნელი ცვლილებების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. 2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციანი სია წარუდგინა. წარდგენას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რადგანაც წარდგენილი კანდიდატები მოსამართლეთა იმ ჯგუფის ლიდერებს ან მასთან დაახლოებულ მოსამართლეებს წარმოადგენდნენ, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არაფორმალურ მმართველ გუნდად (ე.წ. კლანად) სახელდება...
22.04.2019 | ორშაბათი

დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

2019 წლის 19 იანვარს, „რუსთავი 2-ზე“ გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში“, რომელიც 2011 წელს მთავრობის მიერ მფლობელებისთვის „კონსტანტა ბანკის“ ჩამორთმევის მცდელობას ეხებოდა. ფილმი პროკურორებისა და მოსამართლეების მიერ გარკვეულ გადაცდომებზე მიანიშნებდა.