უკან
ხუთშაბათი | 23 თებერვალი. 2023
დაიწყო განაცხადების მიღება მე-9 ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად
ახალი ზღვარი: სამხრეთ კავკასია ახალი გამოწვევების წინაშე
CRRC-ი ყოველწლიურ კონფერენციას გამართავს

 

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად  განაცხადების მიღება დაიწყო. წლევანდელი კონფერენცია მთლიანად მიეძღვნება რუსეთ-უკრაინის ომს და მის თანმდევ გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ცვლილებებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. კონფერენცია, სახელწოდებით „ახალი ზღვარი: სამხრეთ კავკასია ახალი გამოწვევების წინაშე“,  22-23 ივნისს გაიმართება თბილისში. დაინტერესებულ საზოგადოებას  ფიზიკურად დასწრების გარდა, შესაძლებლობა ექნება  კონფერენციას ონლაინ ადევნოს თვალი.  CRRC-საქართველოს სოციალურ გვერდზე უზრუნველყოფილი იქნება ყველა პანელის პირდაპირი ჩართვა.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სოციალური მეცნიერებების სფეროში მოღვაწე მკვლევრებს შეუძლიათ სამეცნიერო ნაშრომები წარადგინონ შემდეგ თემებზე: კონფლიქტები, იძულებით გადაადგილება და შერიგება; პოლიტიკა, ძალაუფლება და დემოკრატია; კულტურა, ღირებულებები და იდენტობა; ეკონომიკური განვითარება, დიჯიტალიზაცია და ენერგეტიკა;  მიგრაცია და იძულებით გადაადგილება;  ურბანული და გარემოსდაცვითი საკითხები; სამოქალაქო საზოგადოება და აქტივიზმი.

 

კონფერენციაში ინდივიდუალურად მონაწილეობის გარდა, დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ ინიციატივა წარადგინონ კონკრეტული  პანელის ან პანელების მოწყობის თაობაზე. განსაკუთრებული უპირატესობა მიენიჭება განაცხადებს „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემების გაანალიზების თემაზე.  თუმცა,  განაცხადები ასევე მიიღება ისეთ ნაშრომებზე, სადაც ნებისმიერი ემპირიული მონაცემები იქნება გამოყენებული.

 

კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისურია. მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული ფორმა, პირველადი განაცხადი, მათ შორის ვრცელი აბსტრაქტი (მაქს. 500 სიტყვა) და CV  2023 წლის 13 აპრილამდე.

 

იმ შემთხვევაში, თუ მკვლევარს სურს თავად  დაგეგმოს პანელი, მან პანელის სათაური, აბსტრაქტი და პანელის პოტენციური მონაწილეების სია  უნდა გამოაგზავნოს 13 აპრილამდე.

მოუთმენლად ველით განაცხადებს და შემოთავაზებული თემების გაცნობას.  გთხოვთ განაცხადი და თანმხლები დოკუმენტები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართებზე: applications@crrccenters.org და n.edilashvili@crrccenters.org.