უკან
ორშაბათი | 07 სექტემბერი, 2015

საზოგადოების დამოკიდებულება კონფლიქტებისადმი სამხრეთ კავკასიაში

2015 წლის 18 ივნისს თბილისში შეკრებილმა ათასობით ქართველმა გააპროტესტა რუსეთის „მცოცავი ოკუპაცია“ მას მერე, რაც სამხრეთ ოსეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცებმა კვლავ დაიწყეს საზღვრის გავლება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიას შორის არსებული ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ. სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კონფლიქტები, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ნელი მოქმედების ნაღმებს, არასტაბილურობის მთავარი წყაროა სამხრეთ კავკასიაში. მიუხედავად მრავალი საერთო გამოწვევისა, ითვლება, რომ რეგიონი „უფრო დაყოფილია, ვიდრე ერთიანი“, რისი მიზეზიც ძირითადად ზემოხსენებული ტერიტორიული კონფლიქტები და რეგიონული მოთამაშეების - რუსეთის, თურქეთისა და ირანის - ინტერესთა კონფლიქტია. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას განსხვავებული პოლიტიკური ურთიერთობები აქვს ამ ქვეყნებთან და დასავლეთთან. 2013 წელს CRRC-საქართველოს გამოკითხვის, კავკასიის ბარომეტრის მონაცემები საშუალებას იძლევა, ვნახოთ, რას ფიქრობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოსახლეობა ტერიტორიულ კონფლიქტებზე საკუთარ და მეზობელ ქვეყნებში. უფრო ზუსტად, წინამდებარე ბლოგ პოსტის მიზანია იმის ნახვა, თუ რას ფიქრობს რეგიონის საზოგადოება აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტებზე.

იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობას ინფორმაცია ექნებოდა საკუთარ ქვეყანაში არსებულ კონფლიქტებზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობას ჰკითხეს, სმენიათ თუ არა აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ, საქართველოს მოქალაქეებს კი - სმენიათ თუ არა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ. მომდევნო კითხვები დაესვა მხოლოდ მათ, ვისაც ამ კონფლიქტებზე ინფორმაცია ჰქონდა. მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდ ნაწილს სმენია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე (62%), ვიდრე სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობას - აფხაზეთის კონფლიქტზე (49% და 43%, შესაბამისად).

თითოეულ კონფლიქტთან მიმართებაში კითხვები ეხებოდა კონფლიქტის გადაჭრის შესაძლო გზებს. სომხეთის მოქალაქეები ყველაზე ხშირად (46%) ემხრობიან მოსაზრებას, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს. მომდევნო ყველაზე ხშირად დასახელებული მოსაზრებაა, რომ აფხაზეთი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს (26%). მხოლოდ 7%-ისთვისაა მისაღები, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი იყოს.


შენიშვნა: კითხვა დაესვა სომხეთის მოქალაქეთა იმ 49%-ს, რომელმაც განაცხადა, რომ სმენია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ.

ამის საწინააღმდეგოდ, აზერბაიჯანელთა უმეტესობა (77%) ემხრობა მოსაზრებას, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი უნდა იყოს, 12% კი ამბობს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს. მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები მიიჩნევს, რომ აფხაზეთი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს.

შენიშვნა: კითხვა დაესვა აზერბაიჯანის მოქალაქეთა იმ 43%-ს, რომელმაც განაცხადა, რომ სმენია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ.

ქართველთა უმრავლესობა (73%) ემხრობა მოსაზრებას, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი უნდა იყოს ავტონომიის გარეშე, 33% კი ფიქრობს, რომ აფხაზეთი უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ავტონომიით. მხოლოდ 3%-ს მიაჩნია, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს.


სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოსახლეობის მოსაზრებები განსხვავდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებითაც. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ კონფლიქტში სომხეთი და აზერბაიჯანი მოწინააღმდეგე მხარეები არიან, გასაკვირი არ არის, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობას ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები აქვს მთიანი ყარაბაღის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით. სომხეთის მოქალაქეთა უმრავლესობა (73%) ემხრობა მოსაზრებას, რომ მთიანი ყარაბაღი სომხეთის ნაწილი უნდა იყოს, ნახევარზე მეტს (54%) მისაღებად მიაჩნია, რომ მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს, იმ მოსაზრებას კი, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილი იყოს, თითქმის არავინ ემხრობა.

აზერბაიჯანელთა სრული უმრავლესობისათვის (95%) მისაღებია, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილი იყოს. შედარებით ნაკლები, მოსახლეობის დაახლოებით მესამედი, ემხრობა მოსაზრებას, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში იყოს მნიშვნელოვანი ავტონომიით. სომხეთის მოქალაქეთაგან განსხვავებით, აზერბაიჯანელები საერთოდ არ ემხრობიან მოსაზრებას, რომ მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს.

რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზების მიმართ, დაახლოებით ნახევარზე ნაკლებს, მათგან, ვინც განაცხადა, რომ სმენია ამ კონფლიქტის შესახებ, ან არ ჰქონდა მოსაზრება მთიანი ყარაბაღის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით, ან უარი განაცხადა პასუხი გაეცა შეკითხვაზე. რაც შეეხება მოსახლეობის მეორე ნაწილს, უფრო ხშირად (26%) გამოითქვა მოსაზრება, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილი უნდა იყოს, ვიდრე რომ ეს ტერიტორია სომხეთის ნაწილი უნდა იყოს (9%).


შენიშვნა: კითხვა დაესვა საქართველოს მოქალაქეთა იმ 62%-ს, რომელმაც განაცხადა, რომ სმენია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ.

ბლოგპოსტის მიზანი იყო ენახა,თუ როგორ იცვლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოსახლეობის მოსაზრებები რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, თუკი აფხაზეთის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით ქართველებს და აზერბაიჯანელებს მსგავსი მოსაზრებები აქვთ, სომხეთის მოქალაქეთა მოსაზრებები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. რაც შეეხება დამოკიდებულებას მთიანი ყარაბაღის მიმართ, აზერბაიჯანის მოსახლეობის დამოკიდებულებები უფრო მძაფრია სომხეთის მოსახლეობის დამოკიდებულებებთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეები კი ან თავს არიდებენ მოსაზრების გამოთქმას, ან ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება არ გააჩნიათ. ამის მიუხედავად, ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც შეხედულება გამოთქვა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზებთან დაკავშრებით, უფრო მეტად ემხრობა მოსაზრებას, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილი უნდა იყოს, ვიდრე სომხეთის. თუკი გავითვალისწინებთ გეოპოლიტიკურ რეალობებს, ეს შედეგები არც ისე გასაკვირია. საქართველო და აზერბაიჯანი მსგავს სიტუაციაში არიან, რადგან ორივე მათგანმა დაკარგა ტერიტორიები მაშინ, როცა სომხეთი ინარჩუნებს დე ფაქტო კონტროლს მთიან ყარაბაღზე რუსეთის მხარდაჭერით. როგორც სვანტე კორნელი და სხვები (2005) აცხადებენ ნაშრომში სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებთან დაკავშირებით, აფხაზეთის კონფლიქტს იგივე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, როგორც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს - აზერბაიჯანისთვის, რადგან ორივე ქვეყანა დამარცხდა ამ კონფლიქტებში რიცხობრივად მცირე მოწინააღმდეგესთან, რომელსაც ზურგს გარე ძალები უმაგრებდნენ მაშინ, როცა სომხეთი ნაკლებადაა დაინტერესებული კონფლიქტის გადაჭრის გზების ძიებით და ცდილობს სამხედრო სტატუს-ქვოს შენარჩუნებას.

სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებზე საზოგადოების დამოკიდებულებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბლოგ პოსტები როდის არ არის ომი ომი?, მთიანი ყარაბაღი: რთული შერიგების პერსპექტივები (სომხეთი) და ჩართულობა აღიარების გარეშე? ან მოიძიეთ მონაცემები მონაცემთა ონლაინ ანალიზის სისტემის გამოყენებით.