უკან
ხუთშაბათი | 29 დეკემბერი, 2016

ახალი წელი ორჯერ, თუნდაც თოვლის ბაბუის არ გჯეროდეს

დეკემბერი. ყინვა. საახალწლოდ მორთული ქუჩები. ახალი წელი. შამპანური. საცივი და გოზინაყი. საჩუქრები. თოვლის ბაბუა. 25 დეკემბერი. თუ 7 იანვარი? მერე კიდევ ერთი ახალი წელი, ოღონდ ძველი. 2017 წლისთვის დადებული პირობები და ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, აუცილებლად უნდა ახდეს.

როგორია საქართველოს მოსახლეობის წინასაახალწლო გეგმები და განწყობები? ამის გასაგებად CRRC-საქართველომ 1-13 დეკემბერს ჩაატარა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა. ალბათ, არავის გაგვიკვირდება, რომ საქართველოს მოსახლეობა ახალი წლის შეხვედრის დამკვიდრებულ ტრადიციებს მიჰყვება. დიდი უმრავლესობა (73%) ახალი წლის შეხვედრას საკუთარ სახლში აპირებს, 9% კი - მეგობრის ან ნათესავის სახლში. ახალი წლის შეხვედრა ღია ცის ქვეშ, რესტორანში ან კაფეში ჯერ კიდევ არ სარგებლობს პოპულარობით, მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი გეგმავს ამას. 15 პროცენტს კი დეკემბრის პირველ ნახევარში ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, სად შეხვდება ახალ წელს.




ახალი წლის სახლში შემხვედრთა დიდი უმრავლესობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სახლის საახალწლო მორთულობა. მხოლოდ მოსახლეობის ოთხი პროცენტი არ აპირებს სახლში ნაძვის ხის დადგმას. დიდ უმრავლესობას (76%) ხელოვნური ნაძვის ხე ექნება, მოსახლეობის დაახლოებით მეათედს (13%) - ბუნებრივი. ამავე დროს, 59% ჩიჩილაკის დადგმასაც აპირებს.

ტრადიციულად, ახალი წლის აღნიშვნის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი საახალწლო სუფრაა. საახალწლო სუფრაზე საყვარელი საჭმელებიდან საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის მესამედზე მეტი (38%) საცივს გამოარჩევს, დაახლოებით მეოთხედი (24%) - გოზინაყს, მეათედი კი (9%) - შემწვარ გოჭს.



ახალი წელი ბევრისთვის საჩუქრებთან ასოცირდება. მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი (62%) ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების ყიდვას აპირებს. ზოგს სჯეროდა ან სჯერა, რომ საჩუქრები თოვლის ბაბუას მოაქვს. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის ერთ მესამედს 10 წლის ასაკის ჩათვლით სჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის. თუმცა, მოსახლეობის თითქმის მეოთხედი (24%) აცხადებს, რომ თოვლის ბაბუის არასდროს სჯეროდა. მიუხედავად ამისა, ახალი წლის ღამის ჯადოსნობა ბევრისთვის უცხო არაა. მოსახლეობის ორ მესამედს (66%) ახალ წელს ჩაუფიქრებია სურვილი.


ახალი წელი თავისი სუფრით, ნაძვის ხითა თუ მაშხალებით საქართველოში ორჯერ აღინიშნება: მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (88%) აცხადებს, რომ „ძველ ახალ წელსაც“ აღნიშნავს. როგორც ჩანს, ხალხი აღმოსავლური კალენდრითაც ინტერესდება და ყურადღებას აქცევს, თუ რომელი ცხოველი თუ ფრინველია დამდეგი წლის სიმბოლო. დამდეგ წელს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (68%) მამლის სუვენირის ყიდვას აპირებს, ან უკვე ნაყიდი აქვს ასეთი სუვენირი.

ახალი წლის და შობის დღესასწაულები განუყრელია. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ქრისტიანული მიმდინარეობები სხვადასხვა კალენდრით ხელმძღვანელობენ. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ორ მესამედს (64%) მიაჩნია, რომ შობა 7 იანვარს უნდა აღინიშნებოდეს. თუმცა, დაახლოებით მეათედი (12%) ამბობს, რომ, ისევე როგორც დასავლურ სამყაროში, შობა საქართველოშიც 25 დეკემბერს უნდა აღინიშნებოდეს. ამასთან, არც ისე ცოტაა მათი წილი, ვისაც მიაჩნია, რომ შობა, ახალი წლის მსგავსად, ორივე დღეს უნდა აღინიშნებოდეს (18%). დღესასწაულების ორჯერ აღნიშვნა ხომ ქართველებისთვის უცხო არაა.