უკან
ოთხშაბათი | 13 მაისი, 2015

ჰომოფობია საქართველოში: ნაწილი 1

ჰომოფობია განიმარტება, როგორც გეი და ლესბოსელი ინდივიდების სიძულვილი, რომელიც მჟღავნდება ადამიანების კოგნიტურ, ემოციურ და ქცევით დამოკიდებულებებში და ხასიათდება ისეთი ემოციური რეაქციებით, როგორებიცაა შიში, ზიზღი და გაბრაზება (Wright, Adams, & Bernat, 1999O’Donohue & Caselles, 1993Rozin, Haidt, & McCauley, 2008). ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ მრავალჯერ გამოამჟღავნა ჰომოფობიური განწყობები. CRRC-ის 2011 წლის კავკასიის ბარომეტრის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 88%-ს მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალობა არასოდესაა გამართლებული. ამ ინდიკატორის მიხედვით, ჰომოფობიის დონე საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში და უახლოვდება აფრიკული ქვეყნების მაჩვენებელს.

ბლოგების ამ სერიაში - „ჰომოფობია საქართველოში” - ჩვენ გავაანალიზებთ თბილისის მოსახლეობის ჰომოფობიური განწყობების სხვადასხვა ასპექტს; ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებს ჰომოფობიას და მის შესაძლო შედეგებს. თუმცა ჰომოფობიას ხშირად განიხილავენ, როგორც მხოლოდ ლგბტ ინდივიდების პრობლემას, ჩვენი მიზანია, გიჩვენოთ, რომ ჰომოფობია მთელი საზოგადოების პრობლემას წარმოადგენს. ჰომოფობიური განწყობების გავრცელება გაუნათლებლობის და არატოლერანტულობის ნიშანია და შეუძლია მნიშვნელოვნად შეაფერხოს ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარება, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანის უფლებების დაცვაზე. დღევანდელ ბლოგში განხილულია პრობლემები, რომლებიც შეიძლება, გამოიწვიოს ჰომოფობიამ.

2013 და 2014 წლების 17 მაისს  თბილისში მომხდარმა მოვლენებმა ნათელი გახადა, რომ ჰომოფობიური განწყობები ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ფიზიკურ და სიმბოლურ ძალადობაში. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ოფიციალურად დაგმო 2013 წლის 17 მაისს მომხდარი ძალადობა, ამ მოვლენების ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირად სწორედ ეკლესია გვევლინება. რამდენიმე სასულიერო პირმა უშუალო მონაწილეობა მიიღო ძალადობის აქტებში იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ჰომოსექსუალებად ან მათი უფლებების დამცველებად მიიჩნიეს.

17 მაისის მოვლენებმა ასევე დაადასტურა, რომ ძლიერი და ფართოდ გავრცელებული ჰომოფობიური განწყობები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების უფლებების დაცვას, არამედ საქართველოს სწრაფვას, იყოს დემოკრატიული სახელმწიფო და გახდეს ევროკავშირის წევრი. 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შედეგად მხოლოდ იმ რამდენიმე ათეული ადამიანის უფლებები კი არ შეილახა, ვინც თანამემამულეთა მიერ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლები გახდნენ, არამედ, ანტიდისკრიმინაციული კანონის ხელმოწერის წინ, რისკის ქვეშ დადგა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავალი.

ჰომოფობია შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვისაც, როგორც ამას რიჩარდ ფლორიდა გვიჩვენებს 2002 წელს გამოქვეყნებულ ცნობილ წიგნში „კრეატიული კლასის აღზევება”. ავტორი ამბობს, რომ ტოლერანტობა ჰომოსექსუალების მიმართ შეიძლება, იყოს ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი და ის ქალაქები, რომლებიც არ იღებენ განსხვავებულს (მათ შორის - სექსუალური ორიენტაციის ნიშნით), ჩამორჩებიან ეკონომიკური განვითარების კუთხით.

და ბოლოს, ყველაზე დიდ საფრთხეს ჰომოფობია საზოგადოებისთვის წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ზიზღის და აგრესიის გავრცელებას. საკუთარი ოჯახისა და საზოგადოების მიერ გარიყულ ლგბტ ახალგაზრებს შორის ოთხჯერ უფრო მაღალია თვითმკვლელობის ალბათობა, ვიდრე მათ არა-ლგბტ თანატოლებს შორის. ლგბტ ახალგაზრდების დისკრიმინაციის თითოეული ეპიზოდი, ფიზიკური და ვერბალური შეურაცხყოფის ჩათვლით, 2.5-ჯერ ზრდის მათ მიერ თვითდაზიანებითი ქცევის ალბათობას. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჰომოფობია და მისი გავრცელება მიანიშნებს საზოგადოებაში არსებულ უფრო ღრმა პრობლემებზე, როგორებიცაა ტოლერანტობის და განათლების ნაკლებობა.

მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა სასწრაფო ჩარევას მოითხოვს, ჰომოფობიის საკითხი საქართველოში შეუსწავლელი და ხშირად იგნორირებულია. ჰომოფობიასთან ბრძოლაში პირველი ნაბიჯი უნდა იყოს მისი გამომწვევი მიზეზების და ხელისშემწყობი ფაქტორების (პრედიქტორების) შესწავლა. 2013 წლის 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციის გასაგებადCRRC-საქართველომ ჩაატარა თბილისის მოსახლეობის გამოკითხვა (შემდგომში ეს გამოკითხვა მოხსენიებულია როგორც 17 მაისის გამოკითხვა). გამოკითხული იქნა თბილისის ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითი შერჩევა (542 რესპონდენტი). გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ აუცილებელია ამ საკითხების შემდგომი შესწავლა.

საქართველოში გავრცელებული ჰომოფობიური დამოკიდებულებების უკეთ შესასწავლად, ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტმა (NUPI) დააფინანსა დამოუკიდებელი კვლევითი პროექტი„ჰომოფობია საქართველოში: შეიძლება თუ არა მისი წინასწარმეტყველება?” ეს პროექტი CRRC-საქართველოს გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით იკვლევს თბილისის მოსახლეობის ჰომოფობიური განწყობების ძირითად სტატისტიკურ პრედიქტორებს.

შემდგომ ბლოგებში ჩვენ განვიხილავთ კვლევის ძირითად მიგნებებს, რომლებიც ეხება კავშირს ჰომოფობიასა ე.წ. დამოუკიდებელ ცვლადებს შორის: გენდერი, განათლების დონე, ლიბერალურ ღირებულებები და რელიგიურობა; აგრეთვე, წარმოგიდგენთ კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს არსებული პოლიტიკის გასაუმჯობესებლად.