უკან
ხუთშაბათი | 10 სექტემბერი, 2015

საოჯახო ელექტროტექნიკის შეძენის ტენდენციები სამხრეთ კავკასიაში, 2000-2013

სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს და ძვირადღირებული ელექტროტექნიკის შეძენა არ შეუძლია. CRRC-საქრთველოს მიერ 2013წელს ჩატარებული გამოკითხვის, კავკასიის ბარომეტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 28% აცხადებს, რომ საკვებზე ფული არ ჰყოფნის; 33%-ს საკვებისთვის ფული აქვს, მაგრამ ტანსაცმლის შესაძენად - არა და 31% აცხადებს, რომ ფული საკვებსა და ტანსაცმელზე ჰყოფნის, მაგრამ არ შეუძლია ძვირადღირებული ტექნიკის შეძენა. მოსახლეობის მხოლოდ 7% ამბობს, რომ შეუძლია ძვირადღირებული ტექნიკის შეძენა და მხოლოდ 2%, რომელსაც ყველაფრის შეძენა შეუძლია, რაც სურს. მსგავსი მდგომარეობაა სომხეთში. თუმცა, ოდნავ განსხვავებულია აზერბაიჯანში, სადაც ნაკლებია იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც ფული საკვების შესაძენად არ ჰყოფნით (22%).

2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემებზე დაყრდნობით ეს ბლოგი იკვლევს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მცხოვრები ოჯახების რა რაოდენობა ფლობს სარეცხ მანქანას, მაცივარს და კონდიციონერს. ამ ბლოგის საშუალებით ასევე გავიგებთ, რომელ წელს შეიძინეს ოჯახებმა ეს ნივთები, 2000 წელს თუ მის შემდეგ.



იმ საოჯახო ტექნიკიდან, რომელსაც ამ ბლოგში განვიხილავთ, მაცივარი ყველაზე ფართოდაა გავრცელებული (აზერბაიჯანში მას ოჯახების 94% ფლობს, სომხეთში - 79% და საქართველოში - 78%). აზერბაიჯანსა და საქართველოში ოჯახების დაახლოებით ნახევარს აქვს ერთი ავტომატურ სარეცხი მანქანა. სომხეთში ოჯახების რაოდენობა, რომელსაც სარეცხი მანქანა აქვს, ოდნავ მეტია. კონდიციონერებს ფლობს სომხეთსა და საქართველოში მცხოვრები ოჯახების მხოლოდ მცირე რაოდენობა. აზერბაიჯანში ეს რიცხვი გაცილებით დიდია (29%). გასაკვირი არ არის, რომ სამივე ქვეყანაში, დედაქალაქში მცხოვრები ოჯახები უფრო მეტად ფლობენ საოჯახო ტექნიკას, ვიდრე სხვა დასახლებებში მცხოვრები ოჯახები.

საქართველოში საოჯახო ტექნიკის შეძენის ტენდენციის ანალიზისას ჩანს, რომ 2000-დან 2008 წლამდე პერიოდში ტექნიკის შეძენა გაიზარდა, შემდეგ კი დაიკლო. ეს კლება შეიძლება, დავუკავშიროთ 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს. 2010 წელს ტექნიკის შეძენის ტენდენცია ისევ გაიზარდა, ხოლო 2011 წელს კვლავ დაეცა. 2012 წელს კონდიციონერების შეძენა გაიზარდა 2012 წელს, ავტომატური სარეცხი მანქანების შეძენის ტენდენციამ იკლო, ხოლო მაცივრების იგივე დარჩა. 2013 წელს, სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებმა ოჯახებმა, ნაკლები კონდიციონერი და ავტომატური სარეცხი მანქანა შეიძინეს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, როგორც ქვემოთ მოცემულ გრაფიკში ჩანს, საოჯახო ტექნიკის შეძენის ტენდენციები გარკვეულწილად ემთხვევა მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკას. გამონაკლისია 2013 წელი, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით გაიზარდა, ხოლო ავტომატური სარეცხი მანქანების და კონდიციონერების შეძენა შემცირდა. 

სომხეთში, საოჯახო ტექნიკის ყიდვის ტენდენციები საქართველოს მსგავსია. გამონაკლისია კონდიციონერები, რომელთა შეძენა გაიზარდა 2013 წელს.



შენიშვნა: 2001 და 2002 წლებში, საქართველოში მცხოვრები ოჯახების დაახლოებით ერთნაირმა რაოდენობამ შეიძინა მაცივრები, სარეცხი მანქანები და კონდიციონერები.

როგორც ჩანს, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა აზერბაიჯანზეც იმოქმედა. თუმცა, 2009 წლის შემდეგ, მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტექნიკის შეძენა შემცირდა. ამის შესაძლო ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა აზერბაიჯანში ბუნებრივი გაზთან და ნავთობთანაა დაკავშირებული. ეს კი, სავარაუდოდ, უფრო ეკონომიკურ ელიტას ეხება და ნაკლებად - ჩვეულებრივ მოსახლეობას და მის მსყიდველობით უნარს.


ამრიგად, რეგიონში კიდევ ბევრი ოჯახია, რომელსაც არ აქვს ისეთი საოჯახო ტექნიკა, როგორიცაა ავტომატური სარეცხი მანქანა და კონდიციონერი. დედაქალაქში მცხოვრებნი უკეთ არიან აღჭურვილი საოჯახო ტექნიკით, ვიდრე სხვა დასახლებებში მცხოვრები ოჯახები.


თუ
 გსურთ, მეტი გაიგოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ესტუმრეთ CRRC-ის ვებგვერდს ან  მოიძიეთ მონაცემები მონაცემთა ონლაინ ანალიზის სისტემის გამოყენებით.
15.09.2014 | ორშაბათი

ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში

ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ“ - ამ ფრაზით რაჰმატო და კიდანუ აღწერენ იმ ადამიანთა განწყობას, ვინც ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე. მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ, რას უნდა ელოდონ ხვალ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მხოლოდ დღიდან დღემდე არსებობ და არ გაქვს მომავლის იმედი. საკუთარი თავის ასეთ უმწეო მდგომარეობაში წარმოდგენა მომავალთან მიმართებაში ფატალიზმის სახელითაა ცნობილი. მ. ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ფატალიზმი [ლათ. fatalis - საბედისწერო] ბედისწერის არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენაა.