უკან
ორშაბათი | 15 სექტემბერი, 2014

ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში

„ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ“ - ამ ფრაზით რაჰმატო და კიდანუ აღწერენ იმ ადამიანთა განწყობას, ვინც ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე. მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ, რას უნდა ელოდონ ხვალ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მხოლოდ დღიდან დღემდე არსებობ და არ გაქვს მომავლის იმედი. საკუთარი თავის ასეთ უმწეო მდგომარეობაში წარმოდგენა მომავალთან მიმართებაში ფატალიზმის სახელითაა ცნობილი. მ. ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ფატალიზმი [ლათ. fatalis - საბედისწერო] ბედისწერის არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენაა. რატომ არის მნიშვნელოვანი ფატალიზმის შესწავლა? სტროჰანის და სიუს, ვუს და შაპიროს, ასევე რუიუს კვლევებმა დაადასტურა, რომ ფატალისტური დამოკიდებულების გათვალისწინება ადამიანების ქცევის საკმაოდ ფართო სპექტრის ახსნაში გვეხმარება. მაგალითად, დადასტურდა ფატალიზმის კავშირი ისეთ ქცევებთან, როგორებიცაა: ფულის შეგროვება, პროფესიის არჩევა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მზაობაც კი. წინამდებარე ბლოგი მიზნად ისახავს ფატალიზმის მიმართების დადგენას ეკონომიკურ კეთილდღეობასთან და განათლების დონესთან საქართველოში.

CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემების მიხედვით, ქართველების უმრავლესობა (39%) არ ამჟღავნებს ფატალიზმს და მეტად იხრება შემდეგი მოსაზრებისკენ: „ადამიანები თავად განაგებენ საკუთარ ბედს.“ თუმცა, არც თუ ისე მცირეა საპირისპირო შეხედულების მქონე ადამიანთა რიცხვიც. ქართველების დაახლოებით მეოთხედი (28%) ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ „ცხოვრებაში ყველაფერი ბედისწერას ემორჩილება“.


შენიშვნა: კითხვარში გამოყენებული იყო 10-ბალიანი სკალა, სადაც კოდი 1 შეესაბამებოდა პასუხს „ცხოვრებაში ყველაფერი ბედისწერას ემორჩილება“, ხოლო კოდი 10 - პასუხს „ადამიანები თავად განაგებენ საკუთარ ბედს.“ პასუხების დაჯგუფების შედეგად 10-ბალიანი სკალის ნაცვლად მივიღეთ 3-ბალიანი სკალა (პასუხის ვარიანტები 1, 2, 3 და 4 გაერთიანდა პასუხში „ცხოვრებაში ყველაფერი ბედისწერას ემორჩილება“, 5 და 6 - პასუხში „ნეიტრალური“, ხოლო 7, 8, 9 და 10 - პასუხში „ადამიანები თავად განაგებენ საკუთარ ბედს“).

რა შედეგამდე შეიძლება, მიგვიყვანოს ფატალიზმმა? კავკასიის ბარომეტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ფატალიზმი და ეკონომიკური კეთილდღეობა ერთმანეთთან უარყოფით მიმართებაშია. ოცდათხუთმეტი პროცენტი მოსახლეობის იმ ნაწილისა, რომელიც საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას აღწერს, როგორც „ცუდს“, ფიქრობს, რომ „ცხოვრებაში ყველაფერი ბედისწერას ემორჩილება.“ მაშინ, როცა „კარგი“ ეკონომიკური მდგომარეობის მქონე მოსახლეობის მხოლოდ 19% იზიარებს იგივე რწმენას. რა განაპირობებს ამ ურთიერთმიმართებას? ეკონომიკური მეცნიერება ფატალიზმს განიხილავს, როგორც ეკონომიკურ საქმიანობაში კაპიტალის დაბანდების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორს. ფატალისტები თავს იკავებენ ფულის ინვესტირებისგან, რადგან არ სჯერათ, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა შეუძლიათ. მსგავსი პესიმისტური განწყობა მათ შეიძლება ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის სხვა საშუალებების მიმართაც გამოამჟღავნონ.


შენიშვნა: პასუხების დაჯგუფების შედეგად, ვარიანტები „ფული არ გვყოფნის საკვებზე“ და „ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე“ გაერთიანდა კატეგორიაში „ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა“. პასუხის ვარიანტები „ფული გვყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორებიცაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა“ - კატეგორიაში „საშუალო ეკონომიკური მდგომარეობა“. პასუხის ვარიანტები „საშუალება გვაქვს, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორებიცაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა“ და „საშუალება გვაქვს, შევიძინოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება“ გაერთიანდა კატეგორიაში „კარგი ეკონომიკური მდგომარეობა“.

დერკონი და ტაფესი ფატალისტურ ხედვასა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის ურთიერთმიმართებას ჩაკეტილ წრეს ადარებენ. როდესაც ადამიანს არ სჯერა, რომ შეუძლია შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, მისი მოქმედების მოტივაციაც მცირდება. ის აღარ ეძებს საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს (მათ შორის, არ ზრუნავს საკუთარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე). უმოქმედობა კი, თავის მხრივ, პოზიტიური ცვლილებების განხორციელების უუნარობის რწმენას ამყარებს.

რა როლს თამაშობს აქ განათლება? განათლება არამარტო მეტი ინფორმაციის მიღებას, არამედ უნარების განვითარებასა და პრაქტიკაში მათ რეალიზაციასაც უზრუნველყოფს. შესაბამისად, რუიუს აზრით, განათლების დონის ზრდის კვალდაკვალ უნდა ვლინდებოდეს ფატალიზმის შესუსტების ტენდენცია. მისი კვლევით ფატალიზმსა და განათლებას შორის მართლაც დადგინდა ძლიერი უარყოფითი კორელაცია.


შენიშვნა: პასუხების დაჯგუფების შედეგად ვარიანტები „დაწყებითი განათლების გარეშე“, „დაწყებითი განათლება (დასრულებული ან დაუსრულებელი)“ და „არასრული საშუალო განათლება“ გაერთიანდა პასუხში „არასრული საშუალო განათლება“. პასუხის ვარიანტები „სრული საშუალო განათლება“, „საშუალო ტექნიკური / საშუალო სპეციალური განათლება“ და „არასრული უმაღლესი განათლება“ გაერთიანდა პასუხში „საშუალო განათლება“. პასუხის ვარიანტები „უმაღლესი განათლება (ბაკალავრის, მაგისტრის ან სპეციალისტის დიპლომი)“ და „სამეცნიერო ხარისხი“ კი გაერთიანდა პასუხში „უმაღლესი განათლება“.

კავკასიის ბარომეტრის შედეგების მიხედვით, განათლების დონესა და ფატალიზმს შორის საქართველოშიც უარყოფითი მიმართებაა. ორმოცდაერთი პროცენტი საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილისა, რომელსაც მხოლოდ დაწყებითი განათლება აქვს, იხრება მოსაზრებისკენ, რომ „ცხოვრებაში ყველაფერი ბედისწერას ემორჩილება“ მაშინ, როცა უმაღლესი განათლების მქონეთა მხოლოდ 22% იზიარებს იგივე შეხედულებას.

დასკვნის სახით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოში ფატალიზმი უარყოფით მიმართებაშია მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობასთან (თუმცა, ვერაფერს ვიტყვით მათ შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე). ფატალისტური ხედვის მქონე საქართველოს მოსახლეობა, საპირისპირო შეხედულებების მქონე თანამემამულეებთან შედარებით, უფრო ნაკლებად აფასებს საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას, როგორც კარგს. უარყოფითი ურთიერთმიმართება შეიმჩნევა განათლების დონესა და ფატალიზმს შორისაც: განათლების დონის ზრდის კვალდაკვალ მცირდება ფატალიზმი, რაც საქართველოს მოსახლეობის შემთხვევაშიც დერკონის და ტაფესის მიერ აღწერილი ჩაკეტილი წრის გარღვევაში განათლების როლზე მიუთითებს.

თამუნა ჩხაიძე
10.09.2015 | ხუთშაბათი

საოჯახო ელექტროტექნიკის შეძენის ტენდენციები სამხრეთ კავკასიაში, 2000-2013

სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს და ძვირადღირებული ელექტროტექნიკის შეძენა არ შეუძლია. CRRC-საქრთველოს მიერ 2013წელს ჩატარებული გამოკითხვის, კავკასიის ბარომეტრის მონაცემების მიხედვით, საქრთველოში მოსახლეობის 28% აცხადებს, რომ საკვებზე ფული არ ჰყოფნის; 33%-ს საკვებისთვის ფული აქვს, მაგრამ ტანსაცმლის შესაძენად - არა და 31% აცხადებს, რომ ფული საკვებსა და ტანსაცმელზე ჰყოფნის, მაგრამ არ შეუძლია ძვირადღირებული ტექნიკის შეძენა.
01.07.2015 | ოთხშაბათი

ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეხუთე პოსტი.

2002 წლის 
ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.

03.07.2015 | პარასკევი

განქორწინება რთული გასამართლებელია

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მესამე პოსტი.

UNDP-ის 2013 წლის 
კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ. 
25.06.2015 | ხუთშაბათი

საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეორე პოსტი.

1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა 
ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა  მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა).
01.06.2015 | ორშაბათი

რა სჭირდებათ ბავშვებს და ახალგაზრდებს საქართველოში იმისთვის, რომ თავი კარგად და ბედნიერად იგრძნონ?

გაეროს 2013 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში 156 ქვეყნიდან საქართველო 134-ე ადგილზეა. ქვეყნების სიას სათავეში ჩრდილო და ცენტრალური ევროპის ქვეყნები - დანია, ნორვეგია და შვედეთი უდგას. ცენტრალური აფრიკის ქვეყნები - ტოგო, ბენინი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა სიის ყველაზე დაბალ პოზიციებზეა. საინტერესოა, რომ სიაში საქართველოს ყველა მეზობელი ქვეყანა უსწრებს: რუსეთი 68-ე ადგილზეა, თურქეთი 77-ე, აზერბაიჯანი 116-ე და სომხეთი - 128-ე.
21.04.2016 | ხუთშაბათი

The Population of Georgia on "good citizenship"

Although many people agree that being “a good citizen” is important, there is a great variety of ideas on what being “a good citizen” means. CRRC’s 2013 and 2015 Caucasus Barometer (CB) surveys asked respondents to rate the importance of the following seven qualities for being “a good citizen”: always obeying laws, supporting the government on every occasion, voting in elections, following traditions, volunteering, helping people who are worse off than themselves, and being critical towards the government. This blog post discusses Georgia’s population’s assessments of these qualities.
13.06.2016 | ორშაბათი

სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში

მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.
13.10.2014 | ორშაბათი

აქტიური და დასაქმებული

ნიშნავს კი მეტი თავისუფალი დრო იმას, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია? CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხი არც ისეთი მარტივია. უმუშევრობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენს განკარგულებაში უფრო მეტი დროა. თუმცა, ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ დასაქმებულებთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა და რესურსები გაქვთ სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩასართავად. ეს ბლოგი განიხილავს აქტივობებს, რომლებშიც ადამიანები ერთვებიან და აღწერს განსხვავებებს მათ შორის, ვისაც აქვს და ვისაც არ აქვს სამსახური.
24.11.2015 | სამშაბათი

განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?

მრავალი მკვლევარი მიუთითებს, რომ მშობლების განათლების დონეს დიდი გავლენა აქვს მათი შვილების განათლებაზე, ვინაიდან მშობლები მათთვის მაგალითის მიმცემები და პირველი მასწავლებლები არიან. Gratz-ის მიხედვით, უფრო მოსალოდნელია, რომ შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, თუ მათ მშობლებს განათლების მაღალი დონე აქვთ, მათთან შედარებით, ვის მშობლებსაც განათლების დაბალი დონე აქვთ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მშობლის განათლებას აქვს მეტი მნიშვნელობა, დედის თუ მამის. თუმცა, უფრო და უფრო მეტი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ორივე მშობელს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს შვილის განათლებაზე.