უკან
ორშაბათი | 13 ოქტომბერი, 2014

აქტიური და დასაქმებული

ნიშნავს კი მეტი თავისუფალი დრო იმას, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია? CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხი არც ისეთი მარტივია. უმუშევრობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენს განკარგულებაში უფრო მეტი დროა. თუმცა, ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ დასაქმებულებთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა და რესურსები გაქვთ სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩასართავად. ეს ბლოგი განიხილავს აქტივობებს, რომლებშიც ადამიანები ერთვებიან და აღწერს განსხვავებებს მათ შორის, ვისაც აქვს და ვისაც არ აქვს სამსახური.

2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემების მიხედვით, ქართველების 40% ან დაქირავებულია (25%), ან თვითდასაქმებული (14%). მათგან კი, ვისაც სამსახური არ აქვს, 25% უმუშევარია, 17% - პენსიონერი, 12% - დიასახლისი, 4% - სტუდენტი და 2% - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მათ ვინც მუშაობს, უმუშევრებთან შედარებით ნაკლები დრო აქვთ სხვადასხვა სახის აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა, CRRC-ის კავკასიის ბარომეტრის მონაცემები აჩვენებს, რომ ისინი, ვინც მუშაობენ, უფრო ხშირად ერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში, ვიდრე უმუშევრები.

დასაქმებულები უფრო მეტად იღებენ მონაწილეობას ისეთ აქტივობებში, რომლებიც ახალი ხალხის გაცნობას და სხვების დახმარებას გულისხმობს. დასაქმებულთა 25%-მა თქვა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში იყო მოხალისე ანაზღაურების გარეშე, 23% კი დაესწრო საჯარო შეხვედრას. რაც შეეხება უმუშევრებს, მხოლოდ 17% და 13%-მა გააკეთა იგივე. ასევე, კითხვაზე, შეასრულეს თუ არა რაიმე სამუშაო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ერთი საათით მაინც, ოჯახის ან ახლო ნათესავის კერძო ბიზნესისთვის, უფრო მეტმა დასაქმებულმა გასცა დადებითი პასუხი, ვიდრე უმუშევარმა.
                             

შენიშვნა: გრაფიკზე მოცემულია მხოლოდ „დიახ“ პასუხის პროცენტული მაჩვენებლები. გრაფიკზე არ არის გამოსახული „არა“, „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ პასუხის მონაცემები. დიაგრამა აღწერს მხოლოდ იმ რესპონდენტების პასუხებს, რომლებიც დასაქმებულები ან უმუშევრები არიან. დიასახლისების, სტუდენტების, პენსიონერების და შეზღუდულის შესაძლებლობების მქონე პირების პასუხები დიაგრამაზე წარმოდგენილი არ არის.

უფრო მეტიც, პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით, დასაქმებული ადამიანები უფრო მეტ ჩართულობას აჩვენებენ. დაახლოებით 90% ორივე ჯგუფისა, დასაქმებულებისა და უმუშევრებისა, ამბობს, რომ შემდეგ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას მიიღებდა. თუმცა, კითხვაზე, მიიღეს თუ არა მონაწილეობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დასაქმებულთა 90% და უმუშევრების 81% ამბობს, რომ ხმა მისცა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ კონკრეტულ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა მხოლოდ 59.75% იყო. რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ან მომავალში მიიღებენ, როგორც წესი, აქტივობის რეალურ მაჩვენებლებს აღემატება. ამ განსხვავებას მრავალი მიზეზი აქვს; თუმცა ამ მიზეზების განხილვა ამ ბლოგის მიზანი არ არის.

დასაქმებულები და უმუშევრები ჰგვანან ერთმანეთს ინტერნეტის მოხმარების სიხშირით. თუმცა, რამდენადმე განსხვავებულია მათი საქმიანობა ინტერნეტში. როგორც 2013 წლის კავკასიის ბარომეტრი აჩვენებს, დასაქმებულთა 36% და უმუშევართა 31% ყოველდღე იყენებს ინტერნეტს. ინტერნეტის მოხმარების დროს ყველაზე ხშირად განხორციელებული აქტივობები მსგავსია ორივე ჯგუფისთვის - უმეტესად, ადამიანები ინტერნეტს სოციალურ ქსელებზე შესასვლელად ან ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებენ. თუმცა, არსებობს განსხვავება სიხშირეებში ჯგუფებს შორის - დასაქმებულები ნაკლებად იყენებენ ინტერნეტს სოციალურ ქსელებში შესასვლელად და უფრო მეტად ინფორმაციის მოსაძიებლად. ისინი, ასევე, მეტად გზავნიან და იღებენ ელექტრონულ წერილებს, რაც შესაძლოა, მათ სამსახურს უკავშირდებოდეს.
                   
                          

შენიშვნა: გრაფიკზე წარმოდგენილია მხოლოდ რესპონდენტების მიერ დასახელებული აქტივობების სიხშირე. რესპონდენტებს ბარათზე ჩამოთვლილი აქტივობებიდან მაქსიმუმ სამი პასუხის დასახელება შეეძლოთ. დიაგრამა აღწერს მხოლოდ იმ რესპონდენტების პასუხებს, რომლებიც დასაქმებულები ან უმუშევრები არიან. დიასახლისების, სტუდენტების, პენსიონერების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პასუხები დიაგრამაზე წარმოდგენილი არ არის.

აღწერილ განსხვავებებზე საუბრისას მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დასაქმებულებს და უმუშევრებს შორის არ არის მნიშვნელოვანი დემოგრაფიული განსხვავებები. ისინი თანაბრად არიან განაწილებული გეოგრაფიულად და სქესის მიხედვით. რაც შეეხება ასაკს, უმუშევართა შორის 18-დან 35-წლამდე ადამიანების რაოდენობა უფრო მეტია (45% უმუშევრებს შორის, 35% დასაქმებულებს შორის). მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ფაქტორები მნიშვნელოვანია, მხოლოდ ისინი ვერ ახსნიან სოციალურ ჩართულობასთან დაკავშირებულ განსხვავებებს, რადგან ისეთი აქტივობები, როგორებიცაა მოხალისეობა, საჯარო შეხვედრებზე დასწრება და ხმის მიცემა, არ მოითხოვს სერიოზულ ფინანსურ რესურსებს.

ამრიგად, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, უფრო მეტად არიან ჩართულნი სხვა სოციალურ აქტივობებში, ვიდრე ისინი, ვინც არ მუშაობენ. ამ განსხვავებების მიღმა ფინანსურის გარდა, სოციალური ფაქტორებიც შეიძლება იდგეს. შესაძლოა, მათ, ვინც მუშაობს, მეტი შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა აქტივობაში ჩასართავად, რადგან მეტი კავშირები აქვთ იქიდან გამომდინარე, რომ სამსახურის გამო გარკვეული სოციალური ქსელის წევრები არიან. შესაძლოა, პირიქით, სამსახური იმიტომ აქვთ, რომ უკვე ჰქონდათ მეტი სოციალური კავშირები და შესაბამისად, იყვნენ და არიან სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად ჩართული. ამ საკითხზე ზუსტი პასუხის გაცემა არ შეგვიძლია, თუმცა, მისი პოვნა მნიშვნელოვანია, რადგან, 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის თანახმად, საქართველოში საკმარისად არიან უმუშევარი ადამიანები (25%), რომელთაც შესაძლოა, ჰქონდეთ თავისუფალი დრო, რომელიც შეიძლება, კარგი საქმის გასაკეთებლად გამოიყენონ.

თქვენი აზრით, რატომ არიან უმუშევრები უფრო ნაკლებად ჩართული ბლოგში აღწერილ აქტივობებში? რატომ არ მონაწილეობენ უმუშევრები ამ სოციალურ აქტივობებში? ეს მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული თუ არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებსაც ამ მიგნებების ახსნა შეუძლიათ?

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები CRRC-ის ფეისბუქის გვერდზე.
01.07.2015 | ოთხშაბათი

ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეხუთე პოსტი.

2002 წლის 
ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.

03.07.2015 | პარასკევი

განქორწინება რთული გასამართლებელია

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მესამე პოსტი.

UNDP-ის 2013 წლის 
კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ. 
25.06.2015 | ხუთშაბათი

საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეორე პოსტი.

1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა 
ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა  მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა).
21.04.2016 | ხუთშაბათი

The Population of Georgia on "good citizenship"

Although many people agree that being “a good citizen” is important, there is a great variety of ideas on what being “a good citizen” means. CRRC’s 2013 and 2015 Caucasus Barometer (CB) surveys asked respondents to rate the importance of the following seven qualities for being “a good citizen”: always obeying laws, supporting the government on every occasion, voting in elections, following traditions, volunteering, helping people who are worse off than themselves, and being critical towards the government. This blog post discusses Georgia’s population’s assessments of these qualities.
13.06.2016 | ორშაბათი

სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში

მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.
15.09.2014 | ორშაბათი

ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში

ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ“ - ამ ფრაზით რაჰმატო და კიდანუ აღწერენ იმ ადამიანთა განწყობას, ვინც ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე. მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ, რას უნდა ელოდონ ხვალ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მხოლოდ დღიდან დღემდე არსებობ და არ გაქვს მომავლის იმედი. საკუთარი თავის ასეთ უმწეო მდგომარეობაში წარმოდგენა მომავალთან მიმართებაში ფატალიზმის სახელითაა ცნობილი. მ. ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ფატალიზმი [ლათ. fatalis - საბედისწერო] ბედისწერის არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენაა.
24.11.2015 | სამშაბათი

განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?

მრავალი მკვლევარი მიუთითებს, რომ მშობლების განათლების დონეს დიდი გავლენა აქვს მათი შვილების განათლებაზე, ვინაიდან მშობლები მათთვის მაგალითის მიმცემები და პირველი მასწავლებლები არიან. Gratz-ის მიხედვით, უფრო მოსალოდნელია, რომ შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, თუ მათ მშობლებს განათლების მაღალი დონე აქვთ, მათთან შედარებით, ვის მშობლებსაც განათლების დაბალი დონე აქვთ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მშობლის განათლებას აქვს მეტი მნიშვნელობა, დედის თუ მამის. თუმცა, უფრო და უფრო მეტი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ორივე მშობელს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს შვილის განათლებაზე.