უკან
კვირა | 17 მაისი, 2015

ჰომოფობია საქართველოში: ნაწილი 5

ამ ბლოგში წარმოდგენილია 2013 წლის 17 მაისის გამოკითხვის შედეგების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები. წინა ბლოგები ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ:  ნაწილი 1ნაწილი 2ნაწილი 3ნაწილი 4.

როგორც წინა ბლოგებში იყო განხილული, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად დადგენილი ფაქტორები (პრედიქტორები), რომლებიც ჰომოფობიის დონეს განსაზღვრავს, შემდეგია: 
  • სქესი - მამაკაცებს უფრო ახასიათებთ ჰომოფობიური შეხედულებები, ვიდრე ქალებს;
  • განათლების დონე - უფრო განათლებულ ადამიანებს ნაკლებად ახასიათებთ ჰომოფობიური შეხედულებები, ვიდრე ნაკლებ განათლებულებს;
  • ტოლერანტობა და ლიბერალური ღირებულებები - ისინი, ვინც არ იზიარებენ ასეთ ღირებულებებს, უფრო ნეგატიურად არიან განწყობილი ჰომოსექსუალების მიმართ;
  • იმის რწმენა, რომ ჰომოსექსუალები საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის - ვინც ასე ფიქრობს, უფრო ნეგატიურად არის განწყობილი ჰომოსექსუალების მიმართ.
ეს ემპირიული მიგნებები მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის პოლიტიკოსებს საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, რომლებიც მიზნად უნდა ისახავდეს ჰომოფობიური შეხედულებების შემცირებას და ტოლერანტობისა და უმცირესობების უფლებების პატივისცემის გაძლიერებას.

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მიზნობრივი ინტერვენციები გატარდეს საკანონმდებლო და საგანმანათლებლო სფეროებში. კანონმდებლობის დახვეწა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს კანონები ჯერ კიდევ ვერ იძლევა უმცირესობების უფლებების დაცვის სათანადო გარანტიებს ისევე, როგორც შესაბამისი კანონების დაცვის ეფექტურ მექანიზმებს. საკანონმდებლო ხარვეზი განსაკუთრებით თვალნათელი ხდება, როდესაც საქმე სექსუალურ უმცირესობებს ეხება. ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა, რომელზე მუშაობაც საქართველოს მთავრობამ 2014 წლის აპრილში დაიწყო, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაშიც, სავარაუდოდ, ეკლესიის პოზიციასაც მიუძღვოდა თავისი წილი. თავდაპირველად, ეს კანონპროექტი მიზნად ისახავდა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების დაცვას და თანასწორობის დაცვის ინსპექტორის პოზიციის შექმნას ისევე, როგორც ჯარიმების დაწესებას დისკრიმინაციისთვის. მაგრამ ეკლესიის და სხვა, არარელიგიური, გაერთიანებების ზეწოლის შედეგად, პარლამენტში წარდგენილი ვერსია ბევრად რბილი იყო და მასში არ იყო გაწერილი უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების დაცვის კონკრეტული მექანიზმები.

შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მთავრობა არ მოექცეს რელიგიური ან სხვა ორგანიზაციების გავლენის ქვეშ, როდესაც საქმე უმცირესობათა უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობის შემუშავებას ეხება; რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი უმცირესობების უფლებების დაცვის ეფექტურ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს და უნდა უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა ეფექტური აღმასრულებელი მექანიზმების მეშვეობით.

კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ თბილისის ზრდასრული მოსახლეობის ჰომოფობიური შეხედულებები დამოკიდებულია განათლების დონეზე. ეს მიგნება უნიკალური არაა: განათლების მაღალი დონე ბევრ ქვეყანაში უკავშირდება ლიბერალურ შეხედულებებს და ტოლერანტობას, მაშინაც კი, როდესაც ფორმალური განათლების სისტემა მიზანმიმართულად არ ახალისებს ლიბერალურ ღირებულებებს. შესაბამისად, ძნელია არ დავაფასოთ განათლების მნიშვნელობა ჰომოფობიასთან და ზოგადად, შეუწყნარებლობასთან ბრძოლაში.

საქართველოს საჯარო სკოლების უფროსკლასელები 2006 წლიდან გადიან სამოქალაქო განათლების კურსს, რომლის ფარგლებშიც ისწავლება ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, სახელმწიფოს სტრუქტურა, საერთაშორისო სამართლის დოკუმენტები, არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ამ კურსის მაღალი ეფექტურობა ჯერ არაა დამტკიცებული, მას ნამდვილად აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ლიბერალური ღირებულებების ჩამოყალიბებას და განსხვავებულობის მიმღებლობას საზოგადოებაში.

ჩვენი რეკომენდაციაა, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ:
  • გააძლიეროს სამოქალაქო განათლების არსებული კურსი და ის დაწყებით კლასებშიც შეიტანოს.
  • შეიმუშავოს და განახორციელოს საფუძვლიანი ტრენინგი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის, სადაც აქცენტი იქნება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: თანასწორობა, ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები.


სასურველია, მოცემული რეკომენდაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს, რათა ამ აქტივობებს დადებითი გავლენა ჰქონდეს არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობაზე.
14.05.2015 | ხუთშაბათი

ჰომოფობიის კვლევა საქართველოში: ნაწილი 2

ეს არის მეორე ბლოგი ჰომოფობიის თემაზე სერიიდან. პირველი ბლოგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ვის აქვს უფრო მკვეთრად გამოხატული ჰომოფობიური დამოკიდებულებები თბილისში - ქალებს თუ კაცებს? ეს ბლოგი იკვლევს ქალებს და კაცებს შორის არსებულ სხვაობებს ჰომოფობიურ დამოკიდებულებებში CRRC-საქართველოს 2013 წლის 17 მაისის გამოკითხვაზე დაყრდნობით. 

15.05.2015 | პარასკევი

ჰომოფობია საქართველოში: ნაწილი 3

ეს არის მესამე ბლოგი ჰომოფობიის თემაზე სერიიდან. აქ შეგიძლიათ ნახოთ პირველი და მეორე ბლოგები.

ბევრი კვლევა ადასტურებს რელიგიურობის კავშირს ჰომოსექსუალების უფლებების ნაკლებ მხარდაჭერასთან (Johnson, Brems, & Alford-Keating, 1997Adamczyk, A., & Pitt, C., 2009Merino, S. M., 2013).