უკან
სამშაბათი | 27 ნოემბერი. 2012
ინტეგრირებული კონსერვაცია: მემკვიდრეობის მართვა და ურბანული დაგეგმარება თბილისში
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2012 წლის შემოდგომის სეზონის რიგით მე-10 სესიას!
ანჯელა ვიელერი
„ინტეგრირებული კონსერვაცია: მემკვიდრეობის მართვა და ურბანული დაგეგმარება თბილისში“ოთხშაბათი, 28 ნოემბერი,  2012, 18:15ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)/CRRC საქართველოზანდუკელის ქ.16, თბილისი, საქართველო
ძველი თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის მომავალი ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი დებატების  საგანი გახდა. მაშინ, როდესაც მრავალი მაცხოვრებელი შეწუხებულია ისტორიული ძეგლების დანგრევით, სხვები ამტკიცებენ, რომ დანგრევის პირას მისული ძველი შენობები თბილისის ეკონომიკის ზრდას უშლიან ხელს. პრეზენტაციაზე განიხილება, თუ როგორ უნდა იქცეს არქიტექტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია ურბანული ეკონომიკის განვითარების საკვანძო ელემენტად. ანჯელა მიმოიხილავს არქიტექტურული რეაბილიტაციის საერთაშორისო სტანდარტებს, თბილისის არქიტექტურასა და სოციო-პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებულ უნიკალურ გამოწვევებს, ასევე წარმოადგენს თბილისის ისტორიული უბნების ორი ბოლოდროინდელი პროგრამის მაგალითებს: „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ და  „ბეთლემის უბნის  რევიტალიზაციის პროგრამა“. 
ანჯელა ვიელერი ფლობს ბაკალავრის ხარისხს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის განხრით და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხს სალვა რეჯინას უნივერსიტეტში (‘12). 2010 (ისტორიული სასაფლაოები) და 2011 (დმანისის არქეოლოგიური საველე სკოლა) წლების პროექტებზე მუშაობის შემდეგ, ამჟამად ანჯელა დასაქმებულია თბილისში ამერიკის ფულბრაიტის სტუდენტური კვლევითი პროგრამის ფარგლებში. მისი მასპინძელია  ICOMOS საქართველო (ძეგლთა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭო), ერთ-ერთი იმ სამი არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომლებიც იუნესკოს მრჩევლებს წარმოადგენენ კულტურული მემკვიდრეობის მართვის საკითხებში. მისი პროექტის მიზანია არქიტექტურული კონსერვაციის ინტეგრაცია ურბანული ეკონომიკის განვითარებაში. ანჯელა იმედოვნებს სწავლის გაგრძელებას სამაგისტრო პროგრამაზე ურბანული დაგეგმარებისა ან საჯარო პოლიტიკის განხრით. 
***
„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა. 
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: natia@crrccenters.org.