უკან
ოთხშაბათი | 27 ივლისი. 2016
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს

27 ივლისს, 2016 გაიმართა CRRC-საქართველოს მიერ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისთვის (NDI) ჩატარებული კვლევის პირველი ნაწილის პრეზენტაცია.

წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მიიჩნევს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება (34 პროცენტი) ან არასწორი მიმართულებით ვითარდება (33 პროცენტი), მაშინ როდესაც მოსახლეობის მეოთხედი (25 პროცენტი) ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ბოლო წლებში ქვეყნის კურსით კმაყოფილი მოქალაქეების რაოდენობის ვარდნა შეინიშნება, თუმცა 2016 წლის მარტის შემდეგ ასეთი ადამიანების რიცხვი გაზრდილია.

კვლევის წინა ტალღასთან შედარებით, მოქალაქეები უფრო დადებითად აფასებენ თავიანთ პირად მდგომარეობას. 7 პროცენტით გაიზარდა და 17 პროცენტს მიაღწია იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი ოჯახების მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ასევე მოქალაქეების 19 პროცენტმა აღნიშნა, რომ მათ ქალაქში/სოფელში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, მაშინ როცა 2015 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 9 პროცენტს შეადგენდა.

ასევე, მცირედით გაუმჯობესდა და 37 პროცენტიდან 42 პროცენტამდე გაიზარდა ისეთი მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.

პოლიტიკურად გადაუწყვეტელი ამომრჩევლები ქვეყნის მდგომარეობას ნაკლებად პოზიტიურად აფასებენ. მეორეს მხრივ მოქალაქეებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ თუ ვის მისცემენ ხმას ოქტომბერში, მეტად სჯერათ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს და მათ ქალაქში/სოფელში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა. გარდა ამისა, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, გადაწყვეტილ ამომრჩეველთან შედარებით, სამუშაო ადგილების, სიღარიბის, ფასების ზრდის, სამთავრობო რეფორმებისა და დანაშაულის საკითხებთან მიმართებაში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ნაკლებად დადებითად აფასებს. “გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ნაკლებად პოზიტიურად აფასებს ქვეყნის განვითარების ძირითად ეკონომიკურ და სოციალურ მაჩვენებლებს,” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა. “ამ ადამიანების ხმების მისაღებად, კანდიდატებმა სასწრაფოდ უნდა გააუმჯობესონ ამომრჩევლებთან კომუნიკაცია და მათ პარტიის მიღწევებზე და ეკონომიკურ ზრდასთან და რეფორმებთან დაკავშირებულ კონკრეტულ გეგმებზე ესაუბრონ."

საგარეო პოლიტიკის მხრივ, მოქალაქეები სტაბილურად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 64 პროცენტი, ევროკავშირში გაწევრიანებას კი 72 პროცენტი უჭერს მხარს. მოქალაქეების უმრავლესობას სჯერა, რომ ქვეყანა სარგებელს მიიღებს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციით, მაშინ როდესაც 29 პროცენტი რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ უარს იტყოდა დასავლურ ინტეგრაციაზე.

პოლიტიკურად გადაწყვეტილ და გადაუწყვეტელ ამომრჩეველს შორის განსხვავებები საგარეო პოლიტიკის კუთხითაც შეინიშნება. გადაწყვეტილი ამომრჩეველი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას მეტი ენთუზიაზმით უყურებს: ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას სასარგებლოდ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 49 პროცენტი, გადაწყვეტილი ამომრჩევლების კი 58 პროცენტი მიიჩნევს. გადაწყვეტილი ამომრჩევლები ასევე მეტად უჭერენ მხარს ექსკლუზიურად პროდასავლურ საგარე კურსს (17 პროცენტი), ვიდრე გადაუწყვეტელი ამომრჩევლები (11 პროცენტი).

მოსახლეობის თითქმის მეოთხედი (23 პროცენტი), მათ შორის უმცირესობათა დასახლებების უმეტესი ნაწილი, არაქართულენოვანი მედია საშუალებებიდან, ძირითადად რუსული მედიიდან, ეცნობა ახალ ამბებს. გარდა ამისა, მათ, ვინც რუსულ მედია საშუალებებს იყენებს, განსხვავებული შეხედულებები აქვთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ორგანოებში ინტეგრაციის გეგმებს სკეპტიკურად უყურებენ.

“მოქალაქეები განაგრძობენ ევროკავშირისა და ნატოსადმი ერთგულების დემონსტრირებას,” - განაცხადა თორნტონმა. “ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებელმა პირებმა, დემოგრაფიული და გეოგრაფიული თავისებურებების სტრატეგიულად გამოყენებით, სკეპტიკურად განწყობილ მოსახლეობასთან იმუშავონ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რუსული გზავნილების გაბათილებას და ასევე, გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს, რომლებიც მათი დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, მომავალ არჩევნებში გადამწყვეტ როლს ითამაშებენ.”

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. კვლევის კითხვარი პარტიებთან, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. გამოკითხვა 2016 წლის 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1%.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისოთანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.