უკან
სამშაბათი | 02 ოქტომბერი. 2012
მიმდინარე პროექტების სერია: დაპირისპირების თეორია და საქართველოს ელექტორალური გეოგრაფია
დავით სიჭინავა, CRRC
დაპირისპირების თეორია და საქართველოს ელექტორალური გეოგრაფია

ოთხშაბათი, 3 ოქტომბერი, 6:15 CRRC საქართველო, ზანდუკელის 16, თბილისი, საქართველო
საქართველოს, დასავლეთევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების მოკლე ისტორია გააჩნია. შესაბამისად, ქვეყნისთვის დამახასიათებელი საარჩევნო ქცევა და განსაკუთრებით მისი სივრცითი თავისებურებები ნაკლებადაა შესწავლილი. დაპირისპირებების თეორია, რომელიც თავდაპირველად სეიმურ მ. ლიპსეტის და სტეინ როკანის მიერ იქნა შემოთავაზებული, შეუძლებელია, საქართველოს მაგალითს თავდაპირველი სახით მიესადაგოს, რადგან მოცემულ შემთხვევაში ავტორების მიერ მოყვანილი არგუმენტები საკმარისი არაა. ავტორი წარმოდგენილ პრეზენტაციაში შეეცდება, 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგების ანალიზის მეშვეობით დაპირისპირებების არსებობის დამტკიცებას და საარჩევნო ქცევის სივრცითი ასპექტების თეორიული საფუძვლების კონცეპტუალიზაციას, წარმოადგენს ხმის მიცემის რაოდენობრივ მოდელს, ასევე შეეხება საქართველოში საარჩევნო ქცევის სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს და მიმოიხილავს ახლახანს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე რამდენიმე წინასწარ დაკვირვებას.
დავით სიჭინავა CRRC-ში არის გეოინფორმაციული სისტემებისა და მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორანტი.
********
„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა. გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: nana@crrccenters.org.