უკან
პარასკევი | 29 ივლისი. 2016
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მეორე - პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს
დღეს, 29 ივლისს, გაიმართა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისთვის (NDI) CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მეორე - პოლიტიკურ ნაწილის პრეზენტაცია. 

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეების უმეტესობა (57 პროცენტი) პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 67 პროცენტი არჩევნებზე წასვლას აპირებს, ბევრ მათგანს კვლავაც არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას. გამოკითვის თანახმად, მათი მხარდაჭერა დამოკიდებული იქნება მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის პარტიების ეკონომიკურ პოლიტიკაზე (41 პროცენტი), ჯანდაცვის პოლიტიკაზე (15 პროცენტი) და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე (10 პროცენტი).

გადაუწყვეტელი მოქალაქეების 64 პროცენტი ახალგაზრდა ამომრჩეველია, რომელთა ასაკიც 18 წლიდან 35 წლამდე მერყეობს.
“არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გადაუწყვეტელი მოქალაქეების ასეთი სიმრავლე პარტიებისთვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს,” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა. “აუცილებელია მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის, არამედ არჩევნებს შორის პერიოდშიც, რათა მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს შორის ერთგვარი გაუცხოების პრობლემა გადაიჭრას.”

მოსახლეობის 58 პროცენტმა მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლო მდგომად კონკრეტული პარტია მიუთითა: 19 პროცენტმა - ქართულ ოცნება-დემოკრატიული საქართველო, 15 პროცენტმა - ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა, 5-5 პროცენტმა - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, 4-4 პროცენტმა კი თავისუფალ დემოკრატები და ლეიბორისტული პარტია დაასახელა.

კონკრეტულად არჩევნებზე წამსვლელ მოქალაქეებს შორის 5 პროცენტიანი მაჩვენებელი მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა. არჩევნებზე სავარაუდოდ წამსვლელი ამომრჩევლის 19 პროცენტი ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 14 პროცენტი - ერთიან ნაციონალურ მოძრობას, 4-4 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსსა და მოძრაობას სახელმწიფო ხალხისთვის. თუმცა კითხვაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, მოქალაქეების 36 პროცენტმა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, 11 პროცენტმა კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაასახელა. გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 31 პროცენტი ფიქრობს, რომ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო გაიმარჯვებს, 6 პროცენტმა კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაასახელა.

მოსახლეობის ის მცირე ნაწილიც კი, რომელსაც პოლიტიკური არჩევანი გაკეთებული აქვს, პარტიებისადმი განსაკუთრებულად მაღალი მხარდაჭერით არ გამოირჩევა. მათი მხოლოდ 55 პროცენტი მიიჩნევს, რომ არჩეული პარტიისადმი მისი მხარდაჭერა "ძლიერია", 41 პროცენტისთვის კი - "საშუალოა". გადაწყვეტილი ამომრჩევლების მხოლოდ 57 პროცენტი მისცემდა ხმას იმ პარტიას, რომელსაც 2012 წელს დაუჭირა მხარი.

“მოსახლეობის უმეტესობას მომავალ არჩევნებში მონაწილეობა სურს, თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას; შესაბამისად არჩევნების შედეგები არაპროგნოზირებადია,” - განაცხადა თორნტონმა. “თითოეული პარტიის რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ მომავალი არჩევნების შედეგების გამოსაცნობად არ გამოდგება. ამომრჩევლის 67 პროცენტი ხმის მიცემას გეგმას, 57 პროცენტი კი გადაუწყვეტელია; ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ქცევაზე იქნება დამოკიდებული.”

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. კვლევის კითხვარი პარტიებთან, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. გამოკითხვა 2016 წლის 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი) 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1%.