უკან
პარასკევი | 22 ივნისი. 2012
CRRC-მ „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა
CRRC-მ 22 ივნისს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში წარმოადგინა პრეზენტაცია „დემოკრატიის მომხრეები და მოწინააღმდეგეები საქართველოში“.
CRRC–ის ეს პრეზენტაცია არის „კავკასიის ბარომეტრის“ ანალიზის ერთი მცირე ნაწილი. ანალიზმა აჩვენა, რომ დემოკრატიის მიმართ დამოკიდებულების მხრივ, საქართველოს მოსახლეობა ორ ძირითად ნაწილად იყოფა: (1) დემოკრატიის მომხრეები (38%) – ვინც ფიქრობს, რომ დემოკრატია ყველაზე სასურველი პოლიტიკური წყობაა და ამავე დროს, საქართველო დემოკრატიულიად მიაჩნია; (2) დემოკრატიის მოწინააღმდეგეები (22%) – ვისაც არ მიაჩნია, რომ დემოკრატია ყველაზე სასურველი პოლიტიკური წყობაა და ამავე დროს, არც საქართველოს თვლის დემოკრატიულ ქვეყნად. დემოკრატიის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან პოლიტიკური შეხედულებების, საგარეო ორიენტაციის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და ცხოვრების მიმართ ზოგადი დამოკიდებულების მხრივ.
• დემოკრატიის მომხრეებს უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვთ ხელისუფლების, სახელმწიფო ინსტიტუტების და პოლიტიკური მონაწილეობის მიმართ, ვიდრე მოწინააღმდეგეებს: მომხრეებიდან მეტი ფიქრობს, რომ საქართველოს პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის (მომხრეების 72% და მოწინააღმდეგეების 25%), მეტი აპირებს მონაწილეობას არჩევნებში (მომხრეების 76% და მოწინააღმდეგეების 53%) და მეტი ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მედიას და არასამთავრობო სექტორს; • დემოკრატიის მომხრეებიც და მოწინააღმდეგებიც პროდასავლურები არიან, მაგრამ მომხრეებიდან მეტი უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას (82%), ვიდრე მოწინააღმდეგეებიდან (48%); • დემოკრატიის მომხრეებს უკეთესი სოციალურ-ეკონომიკური პირობები აქვთ, ვიდრე მოწინააღმდეგეებს: მათი მეტი ნაწილია დასაქმებული (მომხრეების 46% და მოწინააღმდეგეების 33%), უკეთესად იციან კომპიუტერის გამოყენება (მომხრეების 17% და მოწინააღმდეგეების 8%) და უფრო ხშირად იყენებენ ინტერნეტს (მომხრეების 32% და მოწინააღმდეგეების 23%). • დემოკრატიის მომხრეები თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ, ცხოვრებით უფრო კმაყოფილები არიან და მას ნაკლებად ფატალურად აღიქვამენ, ვიდრე დემოკრატიის მოწინააღმდეგეები.  გამოკითხვა ჩატარდა  2011 წლის ოქტომბერში. საქართველოში სულ გამოიკითხა 2287 რესპონდენტი.
* * *
პრესასთან საკონტაქტო პირი
: თამარ ხოშტარია ტელ.: 250 52 90; ელ.ფოსტა: tamuna@crrccenters.org CRRC არის კვლევითი რესურსების ცენტრების ქსელი, რომელიც 2003 წელს დააფუძნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის დაფინანსებით. „კავკასიის ბარომეტრი“ არის CRRC-ს ყოველწლიური გამოკითხვა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.  ბარომეტრის მონაცემები საჯაროა და მისი გაანალიზება ხელმისაწვდომია ონლაინ ანალიზის პროგრამის საშუალებით: http://www.crrc.ge/oda  კვლევის მეთოდების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ  CRRC–ის ბლოგი: http://crrc-georgia.blogspot.com